კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას რუსეთი არ უხსენებია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში სამჯერ გამოვიდა სიტყვით და რუსეთი არც ერთხელ უხსენებია.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირმა გაეროს გენერალურ დებატებზე წარმოთქმულ სიტყვაში რუსეთისთვის გვერდის ავლა მოახერხა. როგორც წესი, მსოფლიო ლიდერები გაეროს უმაღლესი ტრიბუნას თავიანთი ქვეყნის ინტერესებზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად იყენებენ. თუმცა ირაკლი კობახიძეს არც უკრაინის ომზე და არც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე საუბრისას აგრესიის ავტორი – რუსეთის ფედერაცია – არც უხსენებია.

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა სამ ღონისძიებაზე: „მომავლის სამიტზე“, უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე და გენერალურ დებატებზე.

სამივე გამოსვლაში ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა წარმოშვა უპრეცედენტო მასშტაბის გაურკვევლობა და ჰუმანიტარული კრიზისი. პრემიერმა დააფიქსირა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს.

თავისი გამოსვლის ბოლოს კობახიძემ თქვა, რომ საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე. მან გამოხატა ოპტიმიზმი, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება.

პაპუაშვილი: უცხოეთიდან ჩარევა არჩევნების სამართლიან პირობებში ჩატარებაზე გავლენას ახდენს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო პროცესში “უცხოელების ჩარევაზე” ისაუბრა.

მისი მტკიცებით, “რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის უუნარობა, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე”.

“წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ფაზაში შესვლასთან ერთად, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ოპოზიცია ისტორიული მარცხის პირისპირ დგას. საზოგადოებისთვის უკვე ცხადია, რომ ოპოზიციის ცალყბად და უნიათოდ წარმოებული საარჩევნო კამპანია დაცლილია იდეებისგანაც კი, გეგმებზე რომ არაფერი ვთქვათ.

რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის უუნარობა, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე. უცხოელების განცხადებების და ქმედებების ინტენსივობა და შერჩეული დრო ქმნის იმის მყარ განცდას, რომ ქვეყნის გარედან მომდინარე ამ პროპაგანდის მიზანი ოპოზიციისთვის დღის წესრიგის შექმნაა, რაც ასეც ხდება. , წინასაარჩევნო პერიოდში, ქართული მედია დაკავებულია უცხოეთიდან მომდინარე მოსაზრებების ტირაჟირებით, რაც საარჩევნო გარემოს არათანაბარს ხდის და მის დემოკრატიულობაზე და სამართლიანობაზე მხოლოდ ნეგატიურად ზემოქმედებს”, – თქვა მან.

პაპუაშვილის განცხადებით, “ამგვარი ჩარევა” კითხვებს აჩენს, “ხომ არ არის უცხოეთიდან ჩარევა მოსახლეობის პოლიტიკური არჩევანზე ზეგავლენის და არჩევნების შედეგების მანიპულირების მიზანმიმართული მცდელობა?”

მან უცხოელ პარტნიორებს მოუწოდა, “საარჩევნო კამპანიაში ჩარევისგან თავი შეიკავონ”.

რუსული კანონის მიღების, აქტივისტებზე ძალადობის და მათი ნაწილის უკანონოდ დაპატიმრების შემდეგ, “ქართული ოცნება” დასავლელი პარტნიორებისგან მუდმივი კრიტიკის ობიექტია.

საქართველოს პრემიერი მიზანშეწონილად მიიჩნევს, TI-ის მოეხსნას ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული სტატუსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

კობახიძე მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და სხვა ორგანიზაციებს მოეხსნათ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის“ სტატუსი. ამასთან, პრემიერი ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის“ სტატუსის შეფარდებისგან.

30 სექტემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ “განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად” გამოაცხდა ორი არასამთავრობო ორგანიზაცია: “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და “აირჩიე ევროპა”. ბიურო ამ ორგანიზაციების დირექტორებს ავალდებულებს, ხუთი დღის ვადაში წარადგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე “გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.”

ამ გადაწყვეტილების შესახებ ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა 24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. ბრიფინგზე მან განმარტა, რომ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცხადების საფუძველი გახდა მათი შეხვედრები მოქალაქეებთან და საინფორმაციო კამპანიები, რომლებზეც ისინი მოქალაქეებს ევროპული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებენ და, ანტიკორუფციული ბიუროს შეფასებით, ხელისუფლების საწინააღმდეგო და მადისკრედიტებელ განცხადებებს აკეთებენ.

რაჟდენ კუპრაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები არ დაემორჩილებიან მოთხოვნას და არ წარადგენენ ფინანსურ ანგარიშებს და ინფორმაციას დაფინანსების წყაროებისა და ხარჯების შესახებ, ბიურო კანონით მინიჭებულ უფლებას გამოიყენებს და სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიიღებს ამ ინფორმაციას.

“საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და ეკა გიგაური დიახაც იყვნენ და კვლავაც რჩებიან საქართველოს ევროპული არჩევანის ერთგულნი და ამას აფიქსირებდნენ ყველა საჯარო განცხადებაში. ასეთი არჩევანი დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს შეესაბამება. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში”, – ამ განცხადებით გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” რაჟდენ კუპრაშვილი გადაწყვეტილებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.