თბილისში ჩატარდა მარში სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“

სამოქალაქო საზოგადოების კოალიციის ორგანიზებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე ჩატარდა მარში სახელწიფოდებით “საქართველო ირჩევს ევროკავშირს.”

აქციის მონაწილეები 17:00 საათიდან თბილისში, ხუთი სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობით გაემართნენ თავისუფლების მოედანზე, სადაც დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

მარშის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე მათ გაშლილი ჰქონდათ ევროკავშირის მხარდამჭერი ლოზუნგები და პლაკატები. გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. 

„დღეს არის ერთ-ერთი ისეთი საღამო საქართველოს ისტორიაში, რომელიც იქნება დასამახსოვრებელი ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა, გაბრიელი. მოდის ახალი მომავალი, ახალი საქართველო.

დღეს ის საქართველო, რაც ჩემს წინ დგას, თავისუფალი საქართველოა. აქ ძალით არავინ არის მოსული. არავინ არის მოსული იმის გამო, რომ უთხრეს, თუ არ მოხვალ, სამსახურს დაკარგავო. არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა. დღეს აქ არის ის საზოგადოება, ის პიროვნებები, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში” – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის დღეს ერთად დგას ახალი და ძველი თაობა, რომლებისთვისაც ერთნაირად ძვირფასია საქართველოს განვითარება დასავლურ ორბიტაზე.

„მაია, დღეს იმედი მაქვს იქნება შენი გამარჯვების დღე. ვოლოდიმირ ზელენსკის, ვიცით, რომ იბრძვის ჩვენთვის და იქნება გამარჯვებული“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ორგანიზატორების განმარტებით, აქციის მიზანი იყო საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერა და პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია საარჩევნო მანიპულაციებისთვის ემზადება

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური პარტიების 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღის “სამოქმედო გეგმა” დაასახელა.

ოცნების აღმასრულებელი მდივანის მტკიცებით, ოპოზიციური პარტიები არჩევნების დისკრედიტაციის “სხვადასხვა პროპაგანდისტულ გზებს განიხილავენ”, ხოლო 26 ოქტომბერს, “აგენტურული ოპოზიციის” წარმომადგენლები, გაფრთხილებულები იქნებიან ე.წ. “გამწვანებული მოქმდებების” შესახებ.

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია წინასაარჩევნოდ განიხილავს:

  • ყველა უბანზე ერთგვაროვანი საჩივრების დაწერას.
  • ცესკოს საკომუნიკაციო არხების გადატვირთვას.
  • პარტიული, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან, მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე უარის თქმას.
  • საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნას.
  • ხმის მთვლელი და ვერიფიკაციის აპარატების დაზიანებას.
  • ბიულეტენების მოპარვას და გადაყრას.
  • საარჩევნო უბნებზე “მეორედ შესვლას და ამაზე ხმაურის ატეხვას”.
  • ბიულეტენების უბნიდან გატანის მცდელობას.
  • “საჯაროდ დემონსტრირებას ისეთი ფოტოების, სადაც 41-ის წინ წრეა გაფერადებული, იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანებს აიძულებენ ხმის მიცემას მმართველი პარტიისთვის ფოტოგადაღების კონტროლით, ყალბი აღქმის შექმნისათვის, რომ თითქოს ხმის მიცემის ფარულობა ირღვევა”.
  • ფოტოების გავრცელება, სადაც 41-ის წინ წრეა გაფერადებული.
  • საკუთარი ხელით გადაკეცილი ბიულეტენების გადაღება, რომ თითქოს კონტროლდება ვინ ვის მისცა ხმა.       

მისი თქმით, ეს სრული ჩამონათვალი არ არის.

 

ლავროვი დასავლეთს „მეორე ფრონტის გახსნის“ მცდელობაში ადანაშაულებს

რუსეთი აუცილებლობის ფარგლებში ინარჩუნებს კონტაქტებს საქართველოსთან, არის ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში საკითხების განხილვის შესაძლებლობა, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან, ჩვენ იქ გვაქვს შვეიცარიის საელჩოსთან არსებული ინტერესების სექცია, იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც აუცილებლობის ფარგლებში აქვთ შესაძლებლობა, განიხილონ მიმდინარე საკითხები, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებში, ხალხებს შორის პირდაპირი კონტაქტები საქართველოს შესაბამის ხელმძღვანელებთან”, – განაცხადა ლავროვმა „3+3-ის” რეგიონული პლატფორმის მესამე სხდომის შეჯამებისას.

საქართველომ „3+3-ის” ფორმატში მონაწილეობაზე უარი თქვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებით, შეხვედრის მონაწილეებმა მორიგ ჯერზე გაუსვეს ხაზი, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა.

მან კიდევ ერთხელ მიანიშნა „დასავლეთის მცდელობაზე, გახსნას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი“.

„ვგულისხმობ, კვლავ გაჩაღდეს კოცონი და მოხდეს ვითარების დესტაბილიზაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და გახურდეს საქართველოსა და ამ სუვერენულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები. ასე რომ, რისკების უმეტესობა, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით, დაკავშირებულია დასავლეთის მცდელობებთან და მიზნად ისახავს მათი გავლენის მაქსიმალურად გაზრდას აქ და, უპირველეს ყოვლისა, იმას, რომ ჩაშალოს რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ჩვენს სახელმწიფოს შორის თანაბარუფლებიანი და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისთვის”, – დაამატა ლავროვმა.

29 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა მზადყოფნაზე, დაეხმაროს საქართველოს თავის “მეზობლებთან”, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან”, დაახლოებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.