საპარლამენტო არჩევნები 2024: ქართული ოცნება გამარჯვებას ზეიმობს, ოპოზიცია ხელისუფლება გაყალბებაში ადანაშაულებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 53.9% აქვს, ხოლო ბარიერგადალახულ ოთხ ოპოზიციურ პარტიას ჯამში – 37.7%.
ცესკოს ვებგვერდის მიხედვით, ქართულ ოცნებას ხმა 1,12 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა, კოალიციას ცვლილებებისთვიის (ახალი-გირჩი-დროა) – 229 ათასმა მოქალაქემ, ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას 211 ათასი ხმა აქვს, ძლიერ საქართველოს (ლელო-მოქალაქეები-ხალხისთვის-თავისუფლების მოედანი) – 182 ათასი, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას – 161 ათასი.
ოპოზიციური პარტიებმა განაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბდა და “მიტაცებული არჩევნების” შედეგების აღიარებას არ აპირებენ.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ეგზიტპოლებით დიდი უპირატესობით გამოჩნდა პროდასავლური ოპოზიციის გამარჯვება და “ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოპარა და ამით მოპარა ევროპული მომავალი.”
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ისინი არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს და ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო გადატრიალებაში ადანაშაულებენ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს.
არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ჩემი ხმა: ცესკოს გამოქვეყნებული შედეგები მოქალაქეების ნებას არ ასახავს
ორგანიზაცია ჩემი ხმა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს შედეგი საქართველოს მოქალაქეების ნებას არ ასახავს.
“წინასაარჩევნო პერიოდში არსებული გარემოსა და არჩევნების დღეს გამოყენებული გაყალბების სქემების, ასევე ამომრჩევლების ნებაზე უპრეცედენტო ზემოქმედებისა და ძალადობის ფაქტების ანალიზის შედეგად, მივიჩნევთ, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები საქართველოს მოქალაქეების ნებას არ ასახავს. ჩვენ არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნას გავაგრძელებთ”. – თქვა ლონდა თოლორაიამ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ გამართულ ბრიფინგზე.
ამავე ორგანიზაციამ აღწერა გაყალბების სქემა, რომელიც ხელისუფლებამ ყველაზე ფართოდ გამოიყენა 26 ოქტომბერს:
– საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ნაწილს პასპორტში მოთავსებული ჰქონდა ან ID ბარათზე დაკრული ჰქონდა ფურცელი, რომელზეც დაწერილი იყო სხვა პირის პირადი ნომერი; ასევე, ამომრჩეველი ხმის მიცემას ტელეფონში არსებული ID ბარათის ფოტოასლის საშუალებით ახერხებს;
– გამყალბებელ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე ჰყავდათ მოკავშირე რეგისტრატორები, რომლებსაც: ა) სწრაფად უნდა შეეყვანათ ვერიფიკაციის აპარატში ფურცელზე დაწერილი პირადი ნომერი; ბ) და არ უნდა გაეკეთებინათ ან უხარისხოდ უნდა გაეკეთებინათ მარკირება;
– გაყალბების ამ სქემაში გამყალბებელს სჭირდებოდა ბიულეტენის მისაღებად მარკირებისაგან თავის მაქსიმალურად არიდება, რათა მას ჰქონოდა იგივე სქემით სხვა უბანზე მისვლისა და არჩევნებში კვლავ მონაწილეობის შესაძლებლობა. შესაბამისად, მარკირება რომელიც არის და ამ შემთხვევაშიც უნდა ყოფილიყო ვერიფიკაციის პროცესში გაყალბებისგან დამზღვევი მექანიზმი, არ ხორციელდებოდა;
– კერძოდ: მარკირების შემოწმების გარეშე ხდებოდა ამომრჩეველთა შეშვება საარჩევნო უბნებზე, არ გამოიყენებოდა მარკირების სითხე, დაფიქსირდა ასევე მარკირების გაკეთების დროს მანიპულაცია – მარკირების გაკეთების დროს თითის ან ხელსახოცის დაფარების გზით ამომრჩეველს ხელზე არ ხვდებოდა მარკირების სითხე;
– რიგ შემთხვევებში მარკირების სითხე და ფანრის ხარისხი არ იყო სათანადო: არ რჩებოდა მარკირების კვალი ან მარტივად იშლებოდა იგი, ხოლო ფანრები გამოსული იყო მწყობრიდან – საჭიროებდა ელემენტების გამოცვლას და ა.შ.
– გამყალბებელს და რეგისტრატორს ხელს უწყობდა კენჭისყრის ოთახში რეგისტრატორების მაგიდების იმგვარი განლაგება, რაც შეუძლებელს ხდიდა პროცესის დაკვირვებას. ასეთი ინფრასტრუქტურის პარალელურად, კომისიის წევრები და თავმჯდომარე კატეგორიულად უკრძალავდნენ დამკვირვებლებს რეგისტრატორების მაგიდებთან მიახლოებას. მაგიდასთან მიახლოებისას ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების უბნიდან გამოძევების არაერთ შემთხვევას.
საია ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა. ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ხმის ფარულობის პრინციპი მასობრივად დაირღვა.
“ჩვენ საოლქო საარჩევნო კომისიებში არაერთი საჩივარი წარვადგინეთ, რომლითაც ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა, სულ 2 263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას ვითხოვთ. საიას მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება ხელახალი არჩევნების ჩატარებას გამოიწვევს, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების გაბათილება არჩევნების შედეგებზე არსებით გავლენას ახდენს. საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი მასობრივად დაირღვა, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას არღვევს […]
თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ქართულმა ოცნებამ კამერები დააყენა, რომლებიც ძირითადად იმ ყუთს უყურებდა, სადაც ბიულეტენები თავსდებოდა. ბიულეტენების სისქე კი იმის შესაძლებლობას არ იძლეოდა, რომ უკანა მხარეს შესაბამისი კვალი არ დაეტოვებინა. ეს ფარულობას მასშტაბურად არღვევდა”. – თქვა ქურდოვანიძემ.
საიამ პროკურატურას მოთხოვნით მიმართა, რომ ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს და ეს საქმე შეისწავლოს.

