თბილისში მიმდინარე პრო-ევროპული აქციებისას ჯამში 400-ზე მეტი პირია დაკავებული, არ არის დასჯილი არცერთი მოძალადე პოლიციელი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან დღემდე, საპროტესტო აქციის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი წესით პასუხისგებაში მისცეს 30-ზე მეტი პირი.
“ასევე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და საქმისწარმოება დაწყებულია 372 პირის მიმართ, საიდანაც 62 პირის მიმართ უკვე გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო 100-ზე მეტი პირის მიმართ ჯარიმა, როგორც სახდელის სახე. დანარჩენი პირების მიმართ აქტიურად გრძელდება სასამართლო განხილვები.” – თქვა მან.
28 ნოემბრიდან დაწყებული მასობრივი აქციებისას პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად სასტიკად უსწორდება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, ნაცემია და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა 400-მდე ადამიანი. მათგან 80-ზე მეტს, ორგანიზაციის ცნობითვე, დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა.
ორგანიზაციის ცნობით, მოსამართლეები გადაწყვეტილებებს მხოლოდ პოლიციელთა ჩვენების საფუძველზე იღებენ და არ ითვალისწინებენ ბრალდებულთა დაცვის მხარის მტკიცებულებებს. მოსამართლეები ასევე არ აძლევენ დაკავებულებს საშუალებას, უამბონ სასამართლოს პოლიციის ან სპეცრაზმის მხრიდან ცემისა და წამების შესახებ. როგორც TI წერს, “მოსამართლეები ამბობენ, რომ ეს მათ არ ეხებათ.”
აქციის მონაწილეების სასტიკად ცემისა და წამების ფაქტებზე დასჯილი პოლიციელების რიცხვი არის 0.
ხელისუფლების მიერ კონტროლირებული კრიმინალები ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს დაესხნენ თავს
ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული შავებში ჩაცმული, ნიღბიანი უცნობი პირები 7 დეკემბერს, ღამით დაესხნენ თავს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბესიკის ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდასხმის ამსხველ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ რამდენიმე შენიღბული პირი გიორგი შეწირულს ძირს აგდებს თავში წიხლებს ურტყამს.
თავდასხის დროს ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობდნენ. მაკა ჩიხლაძე აცხადებს, რომ გადამღები ჯგუფი ბესიკის ქუჩაზე სამუშაოდ მას შემდეგ ავიდა, რაც მათ შეიტყვეს, რომ ამ ტერიტორიაზე უცნობი პირები ადამიანებს არ აძლევდნენ აქციაზე ჩასვლის საშუალებას.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.
ჟურნალისტებზე თავდასხმის პარალელურად, შავნიღბიანი უცხო პირები ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ოფისს. ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიციის წევრს, ყოფილ დეპუტატ კობა ხაბაზსა და კიდევ ორ პირს.
მალევე, ბესიკის ქუჩის მიდამოებში შავნიღბიანი პირები მსახიობ გიორგი მახარაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მან თქვა, რომ თავდასხმის ფაქტს შეესწრნენ პოლიციელებიც, თუმცა, მის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ.
სამთავრობო პროგანდისტული “იმედის” ეთერში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც თქვა, რომ “99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე.”
თბილისის მერი კალაძე: ზელენსკი უცხო ქვეყნის ინტერესს ემსახურება
5 დეკემბერს უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათ შორის კახა კალაძეს სანქციები დაუწესა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ “არ შეიძლება ამ რეგიონში არავის დაკარგვა – არც საქართველოსი, არც მოლდოვის და არც უკრაინის.” მისივე თქმით, თუკი ქართული ოცნების ქმედებებს დროული ანდა პრინციპული რეაგირება არ მოჰყვება, შედეგად ათწლეულები დაიკარგება და ქვეყნები თავისუფლებას დაკარგავენ.
საპასუხოდ, 6 დეკემბერს, თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსული ნარატივი გაიმეორა, რომ ზელენსკი უცხო ქვეყნის ინტერესს ემსახურება.
“შევდივარ ამ ადამიანის მდგომარეობაში, ზელენსკი მაქვს მხედველობაში. მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, რომელიც ის იმყოფება, ის დღეს არ ეკუთვნის საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს და, რაც ყველაზე მძიმეა, არ ეკუთვნის უკრაინას და უკრაინელ ხალხს და ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესს. მე დარწმუნებული ვარ უკრაინელი ხალხი ძალიან მალე მიხვდება ყველაფერს, გაანალიზებს ყველაფერს, რა პროცესები წარიმართა, ვისი ხელშეწყობით წარიმართა ის უბედურებაც, რაც დღეს სამწუხაროდ უკრაინაში ხდება.” – აღნიშნა კალაძემ.

