სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენცია დატოვა

29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს უთხრა, რომ სასახლეს დატოვებს და მათთან ერთად იქნება.

“6 წლის წინ დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე, კიდევ უფრო, თქვენ მიმართ ერთგულებაზე. ამიტომ ვარ დღეს აქ. ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში, თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები” – თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, ივანიშვილისა და ოცნების სხვა წარმომადგენლების მიმართ ორბელიანების სასახლეში მისვლის ვადა დღეს ამოიწურა, პასუხად კი მუქარა და ცინიზმი მიიღო

“ეს იყო ჩემი მოწოდება, ეს იყო ჩემი შეთავაზება. იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როცა ქვეყანაზე ფიქრობ, როცა ქვეყანა გინდა. აქ არავინ მოსულა და პასუხი ამ შეთავაზებაზე რა იყო?

პასუხი იყო მუქარა ჩემ მიმართ, რაც უშედეგო არის. პასუხი იყო ცინიზმი თქვენს მიმართ, რასაც ასევე, ამას არანაირი შედეგი არასოდეს არ ექნება. პასუხი იყო რეპრესიები, ძალადობა. პასუხი იყო რეალურად, ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ” – თქვა მე-5 პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას ზურაბიშვილმა პაროდია უწოდა.

მე-5 პრეზიდენტმა ისაუბრა “ტოტალურ კრიზისზე”, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასა და არჩევნების “მიტაცებას” მოჰვა. მისი თქმით, პოლიცია დიდხანს, ალბათ, ვერ მოითმენს, რომ კრიმინალური ვერტიკალი მართავდეს.

არალეგიტიმურ პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგა

საქართველოს პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართა. პარლამენტში საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადო.

დიპლომატიური კორპუსი ღონისძიებაზე მოწვეული არ იყო.

“ჩემთვის საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია, მათი შეხედულებებისა თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა! ჩემი მომავალი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ. მიუხედავად იმისა ვის რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ საკითხზე – ჩვენ უნდა მოვახერხოთ გაერთიანება ჩვენი სამშობლოს, ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული წესების გარშემო. იმ მომავლის გარშემო, რომლის შენებაც ჩვენ ერთად უნდა განვაგრძოთ.” – აღნიშნა ყოფილმა ფეხბურთელმა.

გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებილი პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “20 წელიწადზე მეტია ამ ქვეყანას არ ჰყოლია პატრიოტი პრეზიდენტი, შესაბამისად მიხეილ ყაველაშვილს უწევს ახალი ტრადიციის დამკვიდრება ამ 20 წლიანი წყვეტის შემდეგ.”

საიას თავმჯდომარე: ყაველაშვილმა ხელი მოაწერა ყველა იმ რეპრესიულ კანონპროექტს, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაჩქარებულად მიიღო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლადარჩეულმა ე.წ. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა ყველა იმ რეპრესიულ კანონპროექტს, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაჩქარებულად, 9 დღეში მიიღო.

“ცვლილება სარჩევნო კოდექსში – ქართული ოცნებამ მორიგ ჯერზე მოარგო საარჩევნო კანონმდებლობა ვიწროპარტიულ ინტერესებს. ამის მიზანი 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნაა. ცვლილებების შედეგად მიღებული საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში პროპორციულად ასახვას და მნიშვნელოვნად გაზრდის ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას. ყველაზე მეტი მხარდაჭერის მქონე სუბიექტი გაუმართლებელ უპირატესობას მოიპოვებს და მის კანდიდატს საშუალება მიეცემა ამომრჩევლის უმრავლესობის უარყოფითი განწყობის მიუხედავად დაიკავოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობა.

მარტივდება რეორგანიზაციის პროცესი და მისი პოლიტიკური წმენდის იარაღად გამოყენება. საჯარო მოხელის დაცვის გარანტიები, მათ შორის, სასამართლოს მეშვეობით, სუსტდება;

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონებში: თუ მძღოლები პროტესტს მსვლელობით უერთდებიან და პოლიციამ ჩათვალა, რომ ამით ტრანსპორტის მოძრაობა ფერხდება, მძღოლი 1000 ლარით დაჯარიმდება და თან 1 წლით მართვის უფლება ჩამოერთმევა;

თუ აქციისას გზა გადაიკეტა, მაგრამ პოლიციამ ჩათვალა, რომ გზის გადასაკეტად საკმარისი ხალხი არ არის, ყველას დაჯარიმებას შეძლებს 5000 ლარით (აქამდე ჯარიმის ოდენობა 500 ლარი იყო). ხოლო ყველაზე აქტიური აქციის მონაწილე ორგანიზატორად თუ მიიჩნია, მისთვის დაკისრებული ჯარიმა 15 000 ლარი იქნება (აქამდე 5000 ლარი იყო).

აქციაზე პიროტექნიკით ყოფნა, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოყენება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარით, თუ ჩაითვალა, რომ ეს ორგანიზებული ფორმითაა გაკეთებული, მაშინ ორგანიზატორი 15000 ლარით შეიძლება დაჯარიმდეს. ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იყოს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც;

სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა – გამოიწვევს 2000 ლარიან ჯარიმას.” – წერს ქურდოვანიძე.

მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით საკანონმდებლო მაცნეზე 28 კანონპროექტი გამოქვეყნდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.