დაკავებულ ჟურნალისტს პოლოციის უფროსმა შეაფურთხა და სცადა, ფიზიკურად გასწორებოდა – საია
საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით.
“მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე. მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა.
ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.” – თქვა მან.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით.
ქართული ოცნება: სანქციების დაწესების შემთხვევაში, ბრიტანეთის ავტორიტეტი წარსულს ჩაბარდება
16 იანვარს, ქართული ოცნების პოლიტსაბჭო დიდი ბრიტანეთის მიერ პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებას განცხადებით ეხმაურება.
პარტია წერს, რომ ივანიშვილის დასაქნცირების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის “ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს”.
ივანიშვილის პარტია მის შესაძლო სანქცირებას დიდი ბრიტანეთში “დიფ სთეითის” გავლენებთანაც აკავშირებს.
“დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს.” – ნათქვამია განცხადებაში.
13 იანვარს თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, ივანიშვილის სანქცირების წინადადება წარადგინა, რომელსაც 16 იანვრისთვის 13 ხელმომწერი ჰყავს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში, საქნქციებში მოყვება ივანიშვილის ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია, რადგან ისინი გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ კომპანიებში არიან რეგისტრირებული.
“დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები).” – წერს ორგანიზაცია.
აბუ-დაბიში ქართული ოცნების დეპუტატები საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
აბუ-დაბიში, ქართული ოცნების დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი, გელა სამხარაული.
შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და დაარტყა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.
ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი გუშინდელ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა.
14 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებულები იყვნენ. კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი სასამართლო 15 იანვარს იყო ჩანიშნული.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების დეპუტატები – ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმის გამო გამოკითხვაზე იმყოფებიან.

