თბილისის ავტობუსებში გადახდის აპარატებში საპროტესტო სიმღერები და გამოსვლები ჩაირთო
24 იანვარს, დილიდან, თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებიდან პროტესტის ხმა ისმოდა – ჩართული იყო საპროტესტო ლოზუნგები, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას და ყოფილი პრემიერ- მინისტრის, ზურაბ ჟვანიას განცხადებები, საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, სხვა სიმღერები.
“ავტობუსებში და მიკროავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები საქართველოს ბანკისაა. როგორც ვიცი, საქართველოს ბანკს ემსახურება რამდენიმე კომპანია, შპს აზრი, შპს მს+. სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა, თუმცა საიდან, ვისი ჩართულობით, როგორ, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს.” – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემის სავარაუდო კიბერშეტევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა მერიამ დროებით გათიშა და ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ ემსახურებოდა.
გახარია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილმა დაკარგოს ის, რასაც ყველაზე მეტად აფასებს – ფული და ძალაუფლება
პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, ბათუმში, სასტუმრო შერატონში მასზე განხორციელებული თავდასხმის ავტორი ბიძინა ივანიშვილია.
გახარიას თქმით, “დღეს როგორც მიდის გამოძიება და როგორც იქცევა ზოგიერთი პროპაგანდისტული მედია, ფაქტია, რომ ისინი არ აპირებენ ამ საქმის შესაბამისად გამოძიებას”, თუმცა ამის მიუხედავად, ეს “სასაცილო მცდელობა ჩემი დაშინების ან განეიტრალების მიიღებს შემდეგ პასუხს, რომ მე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვპირდები, რომ ამ ბრძოლაში ძალადობის და ბოროტების წინააღმდეგ ვიქნები პირველ ხაზზე.”
“მე საქმე მაქვს მხოლოდ და მხოლოდ დამკვეთთან, როგორც ძალადობის მთავარ წყაროსთან დღეს ქვეყანაში, როგორც ადამიანთან, რომელიც ძალადობს საქართველოს რიგით მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე და ძალადობს ჩვენს ქვეყანაზე და საქმე მაქვს მასთან, როგორც ბოროტების მთავარ წყაროსთან დღეს საქართველოში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ივანიშვილისთვის, რომელსაც მძევლად ყავს აყვანილი ქვეყანა, მთავარი ფასეულობა გახლავთ ფული და ძალაუფლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მან დაკარგოს როგორც ფული, ისე ძალაუფლება. მე გპირდებით, რომ ამ ბრძოლაში ვიქნები თქვენთან ერთად ყოველდღიურად და წინა ხაზზე.” – აღნიშნა გახარიამ.
“მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს სასაცილო მცდელობა ჩემი დაშინების ან განეიტრალების მიიღებს შემდეგ პასუხს, რომ მე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვპირდები, რომ ამ ბრძოლაში ძალადობის და ბოროტების წინააღმდეგ ვიქნები პირველ ხაზზე ქართველ ხალხთან და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი – ფული და ძალაუფლება და გჯეროდეთ, რომ მე ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ.” – თქვა გახარიამ.
15 იანვარს, ბათუმში. პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტს, ზვიად ქორიძეს ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ივანიშვილის ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი: ივანიშვილთან ხშირად იკრიბებოდნენ მოსამართლეები და პროკურორები
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე მოსამართლეები და პროკურორები – მათ შორის, ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ირაკლი შოთაძე.
“მე იმის მომსწრე ვიყავი, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში იყო თუ არა, მოსამართლეები და პროკურორები მასთან რა სიხშირით დადიოდნენ. მე ზუსტად ვიცი, ივანიშვილს ყველა ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან რა სიხშირისა და ინტენსივობის კომუნიკაცია ჰქონდა და მისი კონტროლის შესახებ. მე არცერთი ჩვეულებრივი ადამიანი არ მეგულება, ვის სახლშიც მოსამართლეები ყოველთვის იმ დროს იკრიბებიან, როცა სასამართლო რეფორმა ხორციელდება – იმ დროს, როცა ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები მიმდინარეობს, როგორიც იყო თუნდაც რუსთავი 2-ის საქმე.
ირაკლი შოთაძე სულ იქ იყო ხოლმე, ასევე მიხეილ ჩინჩალაძე. ლევან მურუსიძის სახეც მახსოვს – სულ დადიოდნენ ხოლმე. მე ივანიშვილთან კვირაში მინიმუმ 2-3-ჯერ დავდიოდი და აქედან, დაახლოებით, ნახევარი დრო ჩემამდე იყვნენ ან პროკურორები, ან მოსამართლეები.” – თქვა ბაჩიაშვილმა TV პირველთან საუბარში.
23 იანვარს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მას საქმის აღძვრის შემდეგ შუამავლის მეშვეობით 5000 ბიტკოინის გადახდას სთავაზობდა, საქმისწარმოების შეწყვეტის სანაცვლოდ.
“ეს ოფიციალურად მოხდა. მისმა წარმომადგენელმა გაუგზავნა ტელეფონის მეშვეობით ეს შეთავაზება ჩემს ადვოკატს,” – თქვა ბაჩიაშვილმა, თუმცა არ დაუზუსტებია, ვინ იყო ეს შუამავალი, – მხოლოდ ის თქვა, რომ იგი არ ყოფილა ივანიშვილის ადვოკატი.
გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

