თბილისი მოლთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით ათობით პირი დააკავეს, 8 სისხლის სამართლის წესით
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ 2 თებერვალს, თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 პირი დააკავეს.
როგორც უწყება ამბობს ამ დროისთვის, სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულები არ არიან.
2 თებერვალს, თბილისი მოლთან მოქალაქეებმა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს, დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნები მოითხოვეს.
თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებიან დაკავებისას პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად. გარდა ამისა, ვრცელდება ცნობები, რომ რამდენიმე მათგანზე ფიზიკურად დაკავების შემდეგაც იძალადეს.
თბილისი მოლთან მიმდინარე აქციაზე TV პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა. გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენა და მათ მიზანს აპარატურის დაზიანება წარმოადგენდა.
TV პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” აქციის მონაწილეს ფიზიკურად უსწორდება. ვიდეოში ჩანს, რომ “ხარება” მასთან მიყვანილ აქციის მონაწილებს წიხლს ურტყამს.
საპროტესტო აქციაზე დააკავეს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.
4 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით გიგი უგულავა და 7 სხვა პირი სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს.
მთავრობის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით, ირაკლი კობახიძემ აღმაშენებლის ხეივანი აქციის გამართვამდე 2 დღით ადრე შეიყვანა სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალში და მისი გადაკეტვა აკრძალა. ამ რეგულაციის დარღვევისთვის 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
ზურაბიშვილი კანონის გამკაცრებაზე: მამაც ქართველ ხალხს ეს ტაქტიკები ვერ გააჩუმებს
“ძალადობრივ ქმედებებში” მონაწილეობისკენ სხვების საჯაროდ მოწოდებას შეიძლება 3-იდან 6 წლამდე პატიმრობა მოჰყვეს, ხოლო სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების სიტყვიერი შეურაცხყოფა მათ მოვალეობებთან დაკავშირებით კლასიფიცირებული იქნება ადმინისტრაციულ დანაშაულად მძიმე სასჯელით.
გარდა ამისა, ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური ხანგრძლივობა 15-იდან 60 დღემდე გაიზრდება, რაც ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებას კიდევ უფრო შეზღუდავს. ეს დრაკონული კანონები ნათელი მცდელობებია, რომ საქართველოში პროტესტისა და თავისუფალი გამოხატვის სულისკვეთება ჩაახშონ.
მიუხედავად ამისა, მამაც ქართველ ხალხს ეს ტაქტიკები ვერ გააჩუმებს. თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა ურყევია.” – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
3 თებერვალს, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგისას განაცხადა, რომ გაიზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები და პატიმრობის ვადა 60 დღემდე – ასევე, სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა.
მისივე განცხადებით, “ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით” სისხლის სამართლის კოდექსშიც შედის ცვლილებები.
აშშ-ის საელჩო თბილისში: მდინარაძის დღევანდელი განცხადებები მცდარია და წარმოადგენს ცოდნის ნაკლებობას
საქართველოში აშშ-ის საელჩო “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებებს “სრულიად მცდარს” უწოდებს.
“ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად – გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული.” – წერია საელჩოს განცხადებაში.
მდინარაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებები “აბსოლუტურად აცდენილია” დონალდ ტრამპის ახლად არჩეული ადმინისტრაციის განცხადებებს.
“სამწუხაროა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები, ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის, საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ” – თქვა მდინარაძემ.

