“ქართული ოცნების” პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა
5 თებერვალს, ე.წ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელშიც “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, უფლებამოსილება შეუწყვიტეს 49 ოპოზიციონერ დეპუტატს.
განიხილებოდა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” წევრებისთვის მანდატების შეჩერების საკითხი. მე-4 ბარიერგადალახულ პარტიას, “გახარია – საქართველოსთვის”, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, პარლამენტი არალეგიტიმურია, ხოლო კოალიციისთვის “ამ პარლამენტში მონაწილეობა, არალეგიტიმურ ქმედებების თანამონაწილეობად” ითვლება.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, კოალიცია არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს აცხადებს საპარლამენტო მანდატებზე.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მანდატის დატოვების შესახებ განცხადებებით მიმართეს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრებმაც.
პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდრმა ბერდია სიჭინავამ აღნიშნა: “ჩვენ როცა ვამბობთ, რომ პარლამენტში არ შევდივართ, ესე იგი არ შევდივართ. შევედით რომელიმე პარლამენტში, კომიტეტში, დელეგაციაში? ხელფასს ვიღებთ ამ საქმიანობიდან? რა უნდათ პერსონალურად. მთავარი მიზანი ხომ ისაა, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს? პარლამენტის ლეგიტიმაციას ის საკითხი ხო არ წყვეტს, ბადრი ჯაფარიძეს ან მამუკა ხაზარაძეს შეუწყდება თუ არა ლეგიტიმაცია. 5 თებერვლამდეც არალეგიტიმური იყო პარლამენტი და 5 თებერვლის შემდეგაც არალეგიტიმურია.”
ხაზარაძე: პარლამენტში 101 დეპუტატია, საკითხი დგას გახარიას პარტიაზე, ჩნდება კითხვები
7 თებერვალს, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ “მიუხედავად იმისა, რომ 89 მანდატი გააჩნია ქართულ ოცნებას, ქაღალდზე დღეს პარლამენტში 101 დეპუტატია და საკითხი დგას იმ პარტიაზე, რომელსაც “გახარია საქართველოსთვის” ჰქვია.”
“რუსთაველის 8 ნომერში შეკრებილი ადამიანები სრულად უუნარონი ხდებიან საკანონმდებლო საქმიანობისთვის, რადგან ოპოზიციური მანდატების გაუქმებით, ე.წ. დეპუტატთა რიცხვი 89-მდე მცირდება. ეს რაოდენობა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ქვეყნისთვის რაიმე ლეგიტიმური გადაწყვეტილების მისაღებად. 113 ხმაა საჭირო ერთი მოწვევის პარლამენტისთვის კონსტიტუციის გადასინჯვისთვის, 113 ხმაა საჭირო ცალკეული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციისთვის, 100 ხმაა საჭირო 2 მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის, 100 ხმაა საჭირო პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, 100 ხმაა საჭირო უცხოეთის მოქალაქეზე მიწის გასხვისებისთვის, 90 – კონკორდატში ცვლილების დასამტკიცებლად, 90 – საკონსტიტუციოს მოსამართლეების ასარჩევად, 90 – იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად, 90 – სახალხო დამცველის ასარჩევად.” – თქვა მან.
მამუკა ხაზარაძემ ეჭვი გამოთქვა, რომ გიორგი გახარიას პარტია ფარულად ხელს უწყობს “ქართულ ოცნებას”, რომელიც, მისი თქმით, “რუსული ხელისუფლებაა”.
იაპონური მედია: “საქართველოს პუტინისტი დიქტატორის” უფროსი ვაჟი საქართველოს ელჩს შეხვდა
იაპონური მედიაგამოცემა Shūkan Bunshun იუწყება, რომ 26 იანვარს “საქართველოს პუტინისტი დიქტატორის”, ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას რესტორანში შეხვდა.
გამოცემა ავრცელებს შეხვედრის ამსახველ ფოტო მასალასაც, სადაც ჩანს ლეჟავა, თუმცა დაფარულია “ივანიშვილის უფროსი შვილის”, უტა ივანიშვილის სახე.
Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ – “აქ არ გახსნა, იმედი მაქვს გამოგადგება”.
სტატიაში ასევე, ხაზგასმულია უტა ივანიშვილის მიერ აშშ-ს მხრიდან მამის დასანქცირების შემდეგ, იაპონიაში ახალი სააქციო საზოგადოების – ატუ ჰოლდინგსის დაარსების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, სანქციებისგან ქონების გადამალვის მიზანს ემსახურება. ეს ინფორმაცია 2025 წლის იანრვარში რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.
გამოცემამ შეძლო იაპონიაში უტას ნაცნობთან გასაუბრება, რომელიც Shūkan Bunshun-ს უყვება, რომ ივანიშვილი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭია, მას აინტერსებს ვიდეო თამაშები და უყვარს “მაფიას” თამაში. ასევე, ნაცნობი ამბობს, რომ უტა ხშირად დადის სხვადასხვა ბარებში სოციალურ შეკრებებზე, საკუთარი სოციალური წრის გასაზრდელად იყენებს SNS და გაცნობის აპლიკაციებს და მას სახლში რამდენჯერმე აქვს მოწყობილი წვეულება თავისი რუსი მეგობრებისთვის.

