სალომე ზურაბიშვილის თბილისის აეროპორტში თავს დაესხნენ
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს თბილისის აეროპორტში 18 თებერვლის გამთენიისას დახვდნენ და კვერცხები ესროლეს. ვიდეო სამთავრობო პოსტივის პროპაგანდისტმა ლიზა გეგეჭკორმა გაავრცელა და დაწერა, რომ “სალომემაც ისაუზმა დღეს, საუზმეზე გახარიასავით მასაც კვერცხები ჰქონდა და ასეთი გემო აქვს ქვეყნის ღალატს”.
ზურაბიშვილმა თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება მოითხოვა.
“დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ, აქ ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას და შემდგომ უკვე პოლიტიკოსების მიერ, ოცნების მიერ გამართლებულ ძალადობას პრეზიდენტის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ თუ არ ცნობენ, ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს.
მე კი არა, მე ამ შემთხვევაში არ ვარ პიროვნება, მე ვარ იმისი სიმბოლო, რასაც ებრძვის ქართული ოცნება – ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ტრადიციებს, ქართულ ზრდილობას, მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი ხანია, დაავიწყდათ და საქართველოს სურათს მსოფლიოში.
ერთადერთი, რასაც აკეთებენ და რაც შეუძლიათ, ეს არის რაღაც რეპრესიული ზომების ერთი მეორის მოყოლებით მიღება და კვერცხის სროლა. რა უსუსური უნდა იყო, რომ ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება, მაგრამ ხელისუფლება სიტყვა არ მიყვარს, ამათ შემთხვევაში, რადგან აღარ არიან ხელისუფლება, ესენი არიან რეჟიმი.
და რა სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა ქალის მიმართ, ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც არ ცნობენ პრეზიდენტად, კარგი, ნუ მცნობთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ასე იქცევი, ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, მე არ ვიცი, რისი ნიშანია” – თქვა ზურაბიშვილმა.
მმართველი პარტიის დეპუტატებმა ზურაბიშვილზე თავდასხმა გაამართლეს. გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა: “რა უკვირს ზურაბიშვილს? ვეუბნებოდით, რომ თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა.”
“რასაც დასთეს, იმას მოიმკი – ასეთი ქართული გამონათქვამია,” – თქვა ივანიშვილის პარტიის დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ.
ორი დღის წინ თბილისის აეროპორტში ტიტუშკები კვერცხებით დახვდნენ მიუნხენიდან დაბრუნებულ ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და მის თანაგუნდელსაც.
მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა
ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელმა და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობის 38-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა. “ვივამედიდან” მზია ამაღლობელის გამოგზავნილი წერილი ბრიფინგზე “ბათუმელების” რედაქტორმა ეთერ თურაძემ წაიკითხა.
მზია ამაღლობელი წერს, რომ ექიმების დახმარებით შეეცდება კვების აღდგენას.
“ბათუმში ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში ექიმები დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს – თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვთ, მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრებისა და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ.” – წერს მზია ამაღლობელი კლინიკიდან გამოგზავნილ წერილში.
“ვივამედის” კლინიკასთან მყოფმა ნეტგაზეთის რედაქტორმა, ნესტან ცეცხლაძემ მადლობა გადაუხადა მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისთვის. მისი თქმით, ახლა უფრო ძლიერები არიან იმისთვის, რომ იბრძოლონ როგორც მზიას, ისე ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისთვის.
ტელეკომპანია მთავარი: ოქუაშვილის მიერ შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო, ამ ეტაპზე ყველა გადაცემა შეჩერდა
15 თებერვლის დილის შემდეგ, ქართული ოცნების მიმართ კრიტიკული ტელევიზიის, მთავარი არხის პირდაპირი ეთერის ტრანსილირება შეჩერებულია. ტელეკომპანიის განცხადებით, “თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული.”
არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია წერს, რომ მთავარ არხს ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი.
“ახსნა მარტივია: მთავარ არხს ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი. გარდა იმისა, რომ ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური სტაფი და ყველა სხვა ხელფასს ვერ იღებს, არხი მილევად რეჟიმშია – მიუხედავად იმისა, რომ არხს ფული აქვს, ოქუაშვილი ბლოკავს გადარიცხვებს.” – დაწერა გვარამიამ.
ზაზა ოქუაშვილის მტკიცებით, “მთავარი არხის გაჩერება ხდება გვარამიას მითითებითა და მთავარი არხის გენერალური დირექტორის თვითნებური, კანონგარეშე გადაწყვეტილებით”. ოქუაშვილის განცხადებით, მთავარი არხის სახელით მისი დისკრედიტაციის მიზნით ქვეყნდება განცხადება, “თითქოს ტელეკომპანიას ვაჩერებ.”

