დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაა – დაზარალდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონი
20 თებერვლიდან ძლიერმა თოვლმა დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი სოფლები, განსაკუთრებით გურიის რეგიონი ჩაკეტა, რის გამოც მოსახლეობა გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.
სტიქიის დაწყებიდან 5 დღის შემდეგ, ხელისუფლებამ 25 თებერვალს მიიღო განკარგულება სიტუაციის სამართავად არმიის მობილიზების შესახებ.
ზოგიერთ სოფელში თოვლის სიმძიმის გამო სახურავები ჩამოინგრა. ზოგ ადგილებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღემატება. ბევრგან თოვლით დაფარული გზები წაქცეული ხეებით ჩაიკეტა, რაც სასწრაფო დახმარების მანქანებს გავლის საშუალებას არ აძლევს.
უამინდობისა და დიდთოვლობის გამო საქართველოს რკინიგზამ 26, 27 და 28 თებერვალს რამდენიმე რეისი გააუქმა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს განცხადებით, რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 4 მარტს განახლდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25-26 თებერვალს, გურიის რეგიონში – ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, სასწრაფო დახმარების ექიმები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, მოხდა 30 პირის ჰოსპიტალიზაცია, მათ შორის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა სპეციფიკურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.
მაშველებისა და სპეცტექნიკის მკვეთრი დეფიციტის გამო, გურიაში თბილისიდან მოხალისეების დიდი ჯგუფები გაემგზავრნენ და ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს.
დაკავებული დემონსტრანტი: ჩემს მიმართ ხორციელდება მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა
საპროტესტო აქციის დროს დაკავებული მედროშე, თემურ ქათამაძე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში ამბობს, რომ დაკავების დღიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მიერ მის მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული, მუდმივი და მასშტაბური ფსიქოლოგიური ზეწოლა ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მიერ.
“მინდა, გაცნობოთ, რომ 16.01.2025 წელს, დაკავების პირველი დღიდან დღემდე, ჩემი საქართველოდან გაძევების მიზნით, მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მიერ ხორციელდება ჩემს მიმართ მიზანმიმართული, მუდმივი და მასშტაბური ფსიქოლოგიური ზეწოლა, შევიწროება, შეფერხება, გაჭიანურება და პროვოცირება ყველანაირი ბერკეტის გამოყენებით. ეს თავიდან იყო ჩემს მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესებში წარსადგენად ბათუმში, ჩემს კერძო ბინაში და პირად კომპიუტერში განთავსებულ დოკუმენტებზე-მტკიცებულებებზე წვდომის და მათი დროზე შეგროვების შეფერხების გზით. თუმცა, ბოლო დღეებში მათი ზეწოლა დამიზებულია. 44 დღის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობს ჩემი შიმშილობის შეწყვეტისთვის, ჩემი ნებისყოფის და მხნეობის გეტეხვას ემსახურება. მათთვის რა სამწუხაროა, რომ უშედეგო იქნება მათი ეგ მცდელობა იმიტომ, რომ ჩემი სამშობლოსთვის ბრძოლის შეურყევ ნებისყოფას, სულისკვეთებას და მხნეობას ვერასდროს ვერავინ გატეხავს!
ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე, გამარჯვებამდე არ დანებდეთ! “ძალა ერთობაშია” ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე 28.02.2025 წელი შიმშილობის 44-ე დღე, თბილისი – სამშობლო.” – ნათქვამია მის წერილში.
ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს, რის შემდეგაც ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო.
ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა.
“ოცნება” კანონიდან ტერმინ “გენდერს” იღებს, “გენდერულ თანასწორობას” კი “ქალისა და მამაკაცის თანასწორობით” ცვლის
“ქართული ოცნება” საქართველოს კანონმდებლობიდან ტერმინ “გენდერს” ამოიღებს. ამის შესახებ “გენდერული თანასწორობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტშია აღნიშნული.
განმარტებითი ბარათის თანახმად, თავად კანონის სათაურში და ტექსტში ტერმინი “გენდერული თანასწორობა” იცვლება “ქალისა და მამაკაცის თანასწორობით.”
დოკუმენტში “გენდერი” ხელოვნურად შექმნის ტერმინადაა მოხსენიებული და უცხოურ გავლენებზეა საუბარი.
“ბიოლოგიური სქესი პარალელურად, საქართველოს კანონმდებლობაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, უცხოური გავლენისა და მათი წარმომადგენლების აქტიური ლობირებით, მიზანმიმართულად ხდებოდა ხელოვნური ტერმინის – “გენდერის” დანერგვა. აღნიშნული წარმოადგენდა მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ერთგვარ ანარეკლს და სახელმწიფოსთვის, რიგ შემთხვევებში, გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენდა აღნიშნული ტენდენციის საწინააღმდეგო მიმართულებით პრინციპული პოზიციის დაკავება,”- წერია განმარტებით ბარათში.
ამასთან, კანონპროექტით ხდება იმ ნორმების ამოღება, რომლებიც ადგენს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის ვალდებულებას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ საბჭოების ლიკვიდაცია რესურსებს დაზოგავს.

