პროტესტის 100 დღე: თბილისში აქცია ჩატარდა

7 მარტს, უწყვეტი პროევროპული აქციების მე-100 დღეს, თბილისის ქუჩებში რამდენიმე მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ, პარლამენტის შენობის მიმართულებით გაემართა.

თბილისის მერიის შენობიდან არქიტექტორების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კი სტუდენტებისა და პროფესორების მსვლელობა გაიმართა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტების მარში შეუერთდა.

“უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეთ”, – სკანდირებდნენ მსვლელობის მონაწილე მომიტინგეები.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნშნა, რომ “100 დღე ასე მტკიცედ დგომა უკვე გამარჯვებაა.”

“რუსებს ჰქონდათ მუდამ ზამთრის იმედი – რუსული ზამთრის-ომის მოსაგებად… აქაც ასე იყო ურთულესი ზამთარი და ვიღაცის ილუზიები, რომ ყინვა იმედს ჩაკლავდა, მაგრამ არა! ხვალ 100 დღე უსრულდება პროტესტს და გაზაფხულიც მოვიდა. 100 დღე მხნეობის, გამძლეობის, ურთიერთპატივისცემის, ზრდილობის, უაღრესად მშვიდობიანი პროტესტის. 100 დღე სოლიდარობის და სიყვარულის. რა საშინელებაა, რომ ასე დაიყო ქვეყანა: ერთ მხარესაა რეპრესიები და სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, ცემა, გაუთავებელი მუქარა (დაგიჭერთ, დაგაჯარიმებთ, სამსახურიდან მოგხსნით, …), ლანძღვა (ყველა რადიკალები, ყველა აგენტები…) მეორე მხარეს კი ღირსებაა, თუნდაც წყლის ჭავლის, ან უსამართლო მოსამართლესთან პირისპირ დგომაში , სოლიდარობაა, თუნდაც ყავის მიწოდებაში (მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო უმოწყალოდ გცემენ), სამშობლოს უკიდეგანო ერთგულება, რწმენა ღვთისა -ფარისეველთა აფიშირების გარეშე – და ერის, და რაც ყველაზე მთავარია სიყვარული… ე.ი. ცოცხალი საზოგადოება, რომელიც უძლებს და ამარცხებს მკვდარ რეჟიმს… საბოლოო გამარჯვება ამ სხვაობაშია!” – თქვა მან.

“ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივანი და პარტიის წევრები დააკავეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს

ძლიერი საქართველოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და პარტიის ახალგაზრდულის წევრები ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე გაათავისუფლეს. 

როგორც კუპრაძე ამბობს, ბექა ბერიძიშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს და ლაზერი ჩამოართვეს, კუპრაძე და პარტიის 2 წევრის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო.

“აქციიდან მივემართებოდით სახლებისკენ, ვარაზისხევზე გაგვაჩერა საპატრულო ეკიპაჟმა ერთმა, შემდეგ შემოუერთდა მეორე, დაბურული მინებით და კიდევ 2 საპატრულო ეკიპაჟი. თავიდანვე განზრახული ჰქონდათ სავარაუდოდ ჩვენი დაკავება, გადაგვიყვანეს. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ივანიშვილს ეშინია ლაზერის, რომელიც ანათებდა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის შენობას, ითვლიდა დღეებს და პირველ რიგში ამხნევებდა რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებს. ჩვენ თავისუფლები ვართ, მაგრამ ლაზერი არის დაკავებული” – თქვა ირაკლი კუპრაძემ “TV პირველთან”.

7 მარტს, ღამით, “ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში ლაივი ჩართო, სადაც ჩანს რომ მათთან პოლიციის ეკიპაჟია მისული. პოლიციელებმა მათ უთხრეს, რომ უფლება აქვთ გააჩერონ, შეამოწმონ, ნახონ მათ საბუთები და დაათვალიერონ მანქანა.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვას ლიეტუვის, ნორვეგიის და ბრიტანეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის მორიგი პროცესს ლიეტუვის ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი, ასევე ნორვეგიის და ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ “ლიეტუვის ელჩის სასამართლო დარბაზში ჯდომა მოსამართლეზე ზეწოლა და მუქარის შეთვლაა.” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი ამას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევა უწოდა

სხდომის დაწყებამდე საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ TV პირველთან თქვა, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ შედგენილი დაკავებისა და სამართალდარევის ოქმები გაყალბებულ მონაცემებს შეიცავს. მისივე თქმით, ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ არსებობს დაინტერესება მზია ამაღლობელის სანიმუშოდ დასჯისა.

საიას განცხადებით, სასამართლომ სხდომაზე სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და “დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება”, რითაც მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამაღლობელი დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე.

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.