პროკურატურამ აქციის მონაწილეების მხარდამჭერი ფონდები დააყადაღა
ჟურნალისტის, “ნანუკას ფონდის” დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, პროკურატურამ დააყადაღა მისი ფონდი. ჟორჟოლიანის ცნობით, დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ყადაღის დადება პროკურატურამ მოითხოვა.
მოგვიანებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის ფონდმა ფროსფერითი ჯორჯიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ფონდის ანგარიშებს ყადაღა დაედო.
აღნიშნული ფონდები ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას უწევენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებს.
პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით, სხვა და სხვა ლოკაციებზე, მიმდინარე საპროტესტო აქციები, ე.წ მარშები და სხვა ღონისძიებების ნაწილმა, დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს და რადგან “კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის” ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ფონდების მეშვეობით ხორციელდება, პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა – ა(ა)იპ ნანუკას ფონდის, ა(ა)იპ ფროსფერითის, ა(ა)იპ ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ს, ა(ა)იპ სირცხვილია და ა(ა)იპ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.
პროკურატურის განცხადებით, ანგარიშები დააყადაღეს “საბოტაჟზე” მიმდინარე იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც ქართული ოცნების ყოფილი წევრის, პრო-რუსი პოლიტიკოსის, ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის მიმართვის შემდეგ დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 10 მარტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერებმა მედიასთან საუბარში თქვეს, რომ მათ, სხვა საკითხებთან ერთად, “საერთო საკოორდინაციო ფრონტის” შექმნაზე იმსჯელეს.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკოორდინაციო ფრონტმა იმუშაოს, კონკრეტული მიზნებისთვის, იყოს ქმედითუნარიანი და მასში მონაწილეობა მიიღონ არა მხოლოდ პარტიებმა, ასევე, საზოგადოებრივმა ჯგუფებმაც.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს, ასევე, 31 მარტის “დიდი აქციის” ინიციატივა: “განვიხილეთ 31 მარტის დიდი აქცია, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის დღე, უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. ერთობლივად დავიწყებთ მზადებას”.
“ლელოს” ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ საერთო ფორმატი მეხუთე პრეზიდენტის ირგვლივ უნდა შეიმუშაონ, მასში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური ჯგუფები და ის საზოგადოება, რომელიც პროტესტში იღებს მონაწილეობას.
“სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ მოხდეს მაქსიმალური კოორდინირება, მაქსიმალური დაახლოება პოლიტიკური ჯგუფების, საზოგადოებრივი ჯგუფების. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის ირგვლივ უნდა მოხდეს ამ საერთო ფორმატის შემუშავება, ეს შეიძლება იყოს მშვიდობიანი წინააღმდეგობის ფრონტი, საკოორდინაციო საბჭო. შინაარსი არის ის, რომ აქ უნდა იყოს მართლაც პოლიტიკური ცენტრები, საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებიც დგანან ქუჩაში”, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
პარტია “ფედერალისტების” ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილთან შეხვედრისას განიხილეს ახალი არჩევნებისთვის მომზადების საკითხიც, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების თემა და საკანონმდებლო ბაზა. “მთავარი არის, რომ ჩვენი ფოკუსი რჩება ახალ არჩევნებზე და მგონია, რომ ახალ არჩევნებს მივაღწევთ”, – თქვა ჩერგოლეიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.
“დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება.” – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
აშშ-მა დაასანქცირა სამივე სახელისუფლებო შტოს არაერთი წარმომადგენელი ისევე, როგორც ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი.
აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 30 ნოემბერს შეაჩერა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, აშშ-მა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ნაბიჯები აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადად დებულებებს არღვევდა.
ეუთო/ოდირი შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილებებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR) გამოაქვეყნა დასკვნის დოკუმენტი, რომელშიც საუბარია ქართული ოცნების მიერ 13 დეკემბერს და 6 თებერვალს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე.
ODIHR-ის თქმით, სახელმწიფოს აქვს “პოზიტიური ვალდებულება დისკრიმინაციის გარეშე დააფასოს, დაიცვას და ხელი შეუწყოს ამ უფლებების განხორციელებას”.
“ქართულმა ოცნებამ წარადგინა რიგი ახალი შეზღუდვებისა, მშვიდობიანი, თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს ზღუდავს, ის ასევე ითვალისწინებს მკაცრ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სასჯელებს – მათ შორის, ხანგრძლივ პატიმრობას და მნიშვნელოვნად გაზრდილ ჯარიმებს.
შეკრებების აკრძალვის სხვა შემოთავაზებული საფუძვლები უნდა გადაიხედოს ან, სულ მცირე, უფრო ფრთხილად და ვიწროდ შეიზღუდოს, რათა ისინი უფრო მკაფიოდ განისაზღვროს, მათ შორის, პროპორციულად, რათა მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობაზე არაპროპორციული გავლენა არ მოხდეს.
ამასთან, უნდა გაუქმდეს ადმინისტრაციული დაკავების დებულება, როგორც სანქცია “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის დარღვევისთვის, როგორც ეს ცვლილებებით არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობა, რაც დაკავშირებულია “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის დარღვევებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი პროპორციულობა სიხლისსამართლებრივი დევნის მიყენებულ ზიანთან.” – წერს ორგანიზაცია.

