ზურაბიშვილი: ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე
საქართვლოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საზოგადოების ჯგუფებთან ერთად კოორდინაციის პლატფორმა 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე იწყებს მუშაობას.
“საზოგადოებს სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად, ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე, რომ ჩვენ დავგეგმოთ არამხოლოდ ჩვენ პლატფორმის, არამედ მთლიანად საზოგადოების 26 მაისი. რამეთუ ეს არის ჩვენი, ერთობლივად ყველასი, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ზეიმი.
იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, ანუ რუსთაველზე და ამას გავაკეთებთ, დავგეგმავთ ყველანი ერთად” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
15 აპრილს, მთავრობამ დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, 26 მაისს საგამოფენო სივრცე ორბელიანზე და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა.
ოპოზიციის პარტიების ლიდერები ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდნენ
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის, კოალიცია ძლიერი საქართველოსა და პარტია გახარია-საქართველოსთვის ლიდერები ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კომენტარები გააკეთეს.
“ჩვენ კვლავ იმ აზრზე ვრჩებით, რაც ეუთო-ს გენერალურ მდივანსაც გავუზიარეთ, რომ ნებისმიერი ამგვარი საერთაშორისო ვიზიტი სამთავრობო პროპაგანდას შესაძლებლობას აძლევს, რომ ეს მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით გამოიყენოს […]
ასევე, შეხვედრაზე ქართველი ხალხისა და დემოკრატიული ძალების საერთო მოთხოვნა კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ, რომ უნდა დაინიშნოს ახალი, დემოკრატიული, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები”. – თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ.
კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ შეხვედრაზე საუბარი საქართველოში დემოკრატიის გაუარესებასა და პოლიტიკურ პატიმრებსაც შეეხო.
“პირველ რიგში, ეუთო არის უსაფრთხოების შესახებ კონცენტრირებული ორგანიზაცია, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უდიდესი გამოწვევაა – საუბარი ამაზე იყო. ასევე, იმაზე ვილაპარაკეთ, რომ დღეს საქართველოში სრული დემოკრატიული უკუსვლა გვაქვს. საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე. გარდა ამისა, ლაპარაკი იმაზეც იყო, რომ ეუთო/ოდირის არცერთი დასკვნა არ გაითვალისწინეს, რომელიც 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალურად გამოქვეყნდა. უფრო მეტიც, ისეთი კანონი მიიღეს, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ეს არის თემა, რომელიც მათ ძალიან აინტერესებთ” – თქვა ჯაფარიძემ.
გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი “საგამოძიებო კომისიის” სხდომაზე არ მისვლის საქმეზე, კოალიცია ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო.
ვაშაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდება სხდომაზე ბრალდების მხარემ მოითხოვა.
ვაშაძის განცხადებით, გუნდთან ერთად გადაწყვეტს გადაიხდის თუ არა გირაოს.
ქართული ოცნების “საგამოძიებო კომისიამ” გიორგი ვაშაძე 11 აპრილის სხდომაზე დაიბარა. ვაშაძემ კომისიაზე მისვლაზე უარი თქვა.
ოცნების “საგამოძიებო კომისიაზე” მიუსვლელობის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს. ასევე 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული გივი თარგამაძეს. 20 000-ლარიანი გირაო აქვს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. კოალიციის კიდევ ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

