აქციების დროს უსამართლოდ დაკავებული 8 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა აქციების დროს დაკავებული 8 პირი პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება სავალდებულო წესით გადაისინჯა.
ყოველ 2 თვეში სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიება გადასინჯოს.
ბრალდების მხარემ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა, პროკურორების თქმით, არსებობს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. დაცვის მხარე ბრალდების არგუმენტაციას არ დაეთანხმა და 8 პირის გათავისუფლება მოითხოვა. დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურა ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა დარჩნენ ბრალდებულები პატიმრობაში.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა. მომდევნო სასამართლო სხდომა 7 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება.
სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან – მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ხუთს კი – ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ დაკავებულები პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს, რადგან საქმეში მათ წინააღმდეგ მტკიცებულები არ არსებობს და დანაშაულის ჯგუფურობა ვერ დასტურდება, რადგან ისინი ერთმანეთს არც კი იცნობდნენ.
პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 11 პოზიციით ჩამოქვეითდა
საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრების გარეშე (RSF) 2 მაისს 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია მედიის მდგომარეობა 180 ქვეყანაში. მედიის თავისუფლების ინდექსში, 2024 წელთან შედარებით, საქართველო 11 პოზიციით – 103-ე ადგილიდან 114-მდე ჩამოქვეითდა.
ანგარიშში მოცემულია სხვა ტიპის ინდიკატორებიც, რომელთა მაჩვენებლებიც 2024 წლის ანგარიშთან შედარებით ასევე გაუარესებულია.
- პოლიტიკური ინდიკატორი – 132 (127-დან);
- ეკონომიკური ინდიკატორი – 110 (114-დან);
- საკანონმდებლო ინდიკატორი – 100 (72-დან);
- სოციალური ინდიკატორი – 102 (93-დან);
- უსაფრთხოების ინდიკატორი – 109 (110-დან).
“სახელისუფლებო ჩარევა ძირს უთხრის ძალისხმევას, გაუმჯობესდეს მედიის თავისუფლება. გარემო კვლავ მტრული რჩება დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის. იზრდება ჟურნალისტების წინააღმდეგ ვერბალური და ფიზიკური თავდასხმების რიცხვი.
“უცხოური გავლენისა” და “ოჯახური ღირებულებების” შესახებ მიღებული კანონები ჟურნალისტების მარგინალიზებას ახდენს, მათ ცენზურას უქვემდებარებს და ამცირებს სივრცეს სიტყვის თავისუფლებისთვის”. – ვკითხულობთ ანგარიშში საქართველოს მაჩვენებლის შესახებ.
კალაძე რეზოლუციაზე: EPP და კონკრეტული ევროპარლამენტარები მტრობენ საქართველოს
“ამ რეზოლუციის მიღებით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ EPP და კონკრეტული ევროპარლამენტარები, რომლებიც ამ გაერთიანებაში არიან, მტრობენ საქართველოს, ქვეყნის ევროპულ მომავალს” – ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე დასმულ შეკითხვას.
EPP ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და პარტნიორებს მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და ევროკავშირში მათი აქტივების გაყინვისკენ. ამასთან, რეზოლუციაში EPP მოუწოდებს ევროპულ საბჭოს გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ქართუ ბანკის SWIFT და Visa/MasterCard სისტემებიდან გათიშვის მიზნით და ასევე დააწესოს სანქციები იმ ბიზნესებზე, რომლებიც მხარს უჭერენ მას.
კალაძის შეფასებით, ამ ტიპის რეზოლუციები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა და ამტკიცებს, რომ ოცნება საქართველოს ინტერესს ატარებს.
“ამ ტიპის რეზოლუციები ჩვენ ბევრი გვინახავს. ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან მათ ჰქონდათ ილუზია შექმნილი, რომ საქართველო მათი უკანა ეზო იყო. დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია.” – აღნიშნა თბილისის მერმა.

