კობახიძე ტრამპს მიმართავს : გვაქვს განცდა, განცხადებები “დიფ სთეითის” დამარცხების შესახებ რებრენდინგია
პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს, სადაც ამბობს, რომ “დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.”
წერილში ნათქვამია, რომ გაუგებარია, რატომ რჩება ძალაში “სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს.”
კობახიძის თქმით, ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები “დიფ სთეითის” დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი.
“იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველო მრავალი წლის მანძილზე აშშ-სთვის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად რჩებოდა და ამგვარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია.” – წერს კობახიძე.
ის განსაკუთრებით კრიტიკულად ეხმაურება წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI აქტის მიღებას.
“რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი – ე.წ. “მეგობარი აქტი”, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სიტყვა “მეგობარის” მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა, მტერი კი – მეგობარი. სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეული ვართ და ამდენად, “მეგობარი აქტზე” საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას “მეგობარი აქტზე” არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა.” – აღნიშნა კობახიძემ.
6 მაისს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, მათ შორის 168 რესპუბლიკელმა და 181 დემოკრატმა კონგრესმენმა. კანონპროექტი ახლა სენატში უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. აქტის მიღების შემდეგ, კობახიძემ განაცხადა, რომ “კონკრეტულ მომენტში დიფ სთეითმა სძლია ტრამპის ადმინისტრაციას.”
ქართული ოცნება და მისი პროპაგანდისტული მედია უკვე თვეებია ავრცელებენ კონსპირაციის თეორიებს, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს “დიფ სტეიტი” და “გლობალური ომის პარტია” მართავენ, რომლებმაც 2008 წელს საქართველოს რუსეთთან ომი დააწყებინეს, ხოლო მოგვიანებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიაც მათი დანაშაულია.
თბილისში ევროპის დღესთან დაკავშირებით აქცია ჩატარდა: “ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია”
9 მაისს, ევროპის მოედანზე აქცია ჩატარდა, ლოზუნგით: “ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია.”
დემონსტრაცია 19:00 საათზე დაიწყო, თუმცა მოქალაქეებმა თბილისის სხვადასხვა ლოკაციებზე 17:00-ზე დაიწყეს შეკრება და ევროპის მოედანზე მსვლელობებით მივიდნენ. აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიები, ასევე სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, მათ შორის მწერლები, გამომცემლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები და ა.შ.
მეტეხის ხიდისკენ მსვლელობით მიმავალ დემონსტრანტების ჯგუფს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხცყოფა მიაყენეს.
“ყველა კარგად ვგრძნობთ, რომ ჩვენი თავისუფლება იწყება და მთავრდება ევროპასთან. არანაირი თავისუფლება, კეთილდღეობა, მშვიდობა რუსეთთან ერთად არ არსებობს. ჩვენი გზა არის იმდენად ნათელი, რომ ეს ხალხი აქციებზე ყოველგვარი მოწოდების გარეშე მოდის და ისინი იდგებიან აქ. გამარჯვება და დაბრუნება ევროპის გზაზე არის გარდაუვალი, ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება.” – აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
იმავე დღეს, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ თუ ქვეყანაში ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი.
აჭარის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელზე: მე განვიცადე ტკივილი
“ბათუმელებისა” და Netgazeti-ს დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე “დაზარალებული” პოლიციელი ირაკლი დგებუაძე დაკითხეს
გამოკითხვისას დგებუაძემ ისაუბრა მისთვის მზია ამაღლობლის მეირ მიყენებულ დაზიანებაზე – თქვა, რომ მზია ამაღლობელმა “ერთხელ დაარტყა მარჯვენა სახის არეში”, რის შედეგადაც, განიცადა ტვკივილი და აღენიშნებოდა სიწითლე. დგებუაძემ გარკვეულწილად უკმაყოფილებაც გამოთქვა იმის გამო, რომ მის მიერ “განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში.”
დგებუაძის თქმით, მას მზია ამაღლობელმა მთელი ძალით დაარტყა, “რაც შეეძლო”. ლოყა დარტყმიდან დაახლოებით ნახევარი საათის შედმდეგაც წითელი ჰქონდა. სიწითლე მისმა კოლეგებმა შეამჩნიეს და ეუბნებოდნენ – “ვაი, ყური როგორ გაქვს.”
“როცა ავედით სამუშაო ოთახში, შესასვლელში არის სარკე, დამაინტერესა რატომ მეკითხებოდა ამდენი ადამიანი – ვაი, ყური როგორ გაქვს, მქონდა სიწითლე, რომელიც შემდეგ გამომძიებელს დავუფიქსირე დაკითხვის დროს. რამდენიმე თანამშრომელმა, ეზოში ყოფნის დროს, 15-20 წუთის შემდეგ მითხრეს, რომ ყურზე სიწითლე გაქვს. მე დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ვნახე, რომ ყურის მიდამოებში მქონდა სიწითლე” – დგებუაძემ.” – აღნიშნა აჭარის პოლიციის უფროსმა.
დგებუაძემ ასევე უარყო მზია ამაღლობლისა და სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ცნობები, დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მისამართით, სავარაუდო, არაადამიანური მოპყრობის შესახებ. მათ შორის, უარყოფითი პასუხი გასცა შეკითხვას – “შეაფურთხეთ თუ არა მზია ამაღლობელს?”
ასევე, ირაკლი დგებუაძემ უარყო ცნობები, იმის შესახებ რომ მზია ამაღლობელს ტუალეტში გასვლისა და წყლის დალევის უფლებას რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევნდენ – “არცერთი ჩემი თანამშრომლისთვის, თქვენთან მიმართებაში დავალება არ გამიცია.”
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

