სალომე ზურაბიშვილი და წინააღმდეგობის პლატფორმა: ჩვენი პარტნიორების მიმართ ოცნების რიტორიკა მიუღებელია

სალომე ზურაბიშვილი და წინააღმდეგობის პლატფორმა (პროევროპული პოლიტიკური პარტიების ნაწილის მონაწილეობით და სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი პლატფორმა) საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიმართ, ქართული ოცნების წევრების შეურაცხმყოფელ რიტორიკას აკრიტიკებს.

“წინააღმდეგობის პლატფორმა შეშფოთებას გამოხატავს იმ რიტორიკაზე, რასაც ქართული ოცნება იყენებს ჩვენი პარტნიორების მიმართ – პირველ რიგში, გერმანიის მიმართ. დღეს გერმანიის ახალი ადმინისტრაციისგან ძალიან მკაცრი რეაქცია მოვისმინეთ იმის შესახებ, თუ როგორ უყურებენ იმ ფაქტს, რომ ამ ხელისუფლებამ მათ ელჩს შეურაცხყოფა მიაყენა. გერმანიაზე, მის ელჩსა და ევროკავშირის ელჩზე თავდასხმები სრულიად მიუღებელია. ეს კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს იზოლაციას, რაც, როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების მიზანია.” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პლტაფორმის სახელით, ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” მიერ “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, დიპლომატიური თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გაწვევა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ “მისი ქმედება ქვეყნის ინტერესების ან იმიჯის შელახვას” გამოიწვევს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო დაჯარიმებული და დაპატიმრებული პოლიტიკოსების შესახებაც ისაუბრა.

“ეს კომისია სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ის პოლიტიკოსები დაიბარონ, რომლებიც სხდომაზე არ მივიდნენ და შემდეგ საშუალება მიეცეთ, რომ ისინი დააჯარიმონ თუ დაიჭირონ. ეს ტალღა დაიწყო, რომელიც რეპრესიების ახალი ფორმაა.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კობახიძე: ჰერჩინსკის საქართველოში ელჩობა უნდა, დიფსთეითი არ აძლევს საშუალებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა მას, “სამწუხაროდ, “დიფსთეითი” არ აძლევს ამის საშუალებას.”

“პაველ ჰერჩინსკის არ აძლევენ საშუალებას, რომ იმუშაოს, როგორც ელჩმა. ეს არის ერთი კონკრეტული შეფასება. ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში. ძალიან ტრაგიკული და სამწუხაროა ეს ყველაფერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა მას, სამწუხაროდ, “დიფსთეითი” არ აძლევს ამის საშუალებას.” – თქვა მან.

9 მაისს ევროკავშირის საელჩოს დაგეგმილ ღონისძიებაზე, კობახიძის თქმით, ის არ მიიწვიეს.

ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი.

ირაკლი ოქრუაშვილი “ქართული ოცნების” შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააკავეს 

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღეს, 14 მაისს, წინასასამართლო სხდომაზე გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

ირაკლი ოქრუაშვილს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ.

ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა ეკრძალებოდა. გირაოს გადახდის ვადად 30 დღე იყო განსაზღვრული – ეს ვადა 8 მაისს ამოიწურა.

ირაკლი ოქრუაშვილი დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, თუმცა მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს ჩვენების მისაცემად. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.

ამავე საქმეზე ბრალი უკვე წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს ოპოზიციის სხვადსახვა ლიდერებს: ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძესა, ბადრი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს 50 000 ლარი, ნიკა გვარამიას 30 000 ლარი, ზურა ჯაფარიძეს 20 000 ლარი და გივი თარგამაძეს 10 000 ლარი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.