გირაოს გადაუხდელობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

“ქართული ოცნების” პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს არ გადახდის გამო ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

აღკვეთის ღონისძიების ცვლილება პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ზურაბ ჯაფარიძემ 20 000-ლარიანი გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ოცნების ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, რომელიც მათ გადაიხადეს.

50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერს ნიკა მელიას, რომელიც გირაოს გადახდას არ აპირებს, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, რომელიც ასევე არ აპირებს გადახდას. მოსალოდნელია, რომ სასამართლო მათი დაპატიმრების გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

ჯაფარიძის დაკავებას ხელისუფლების მკაცრი კრიტიკით უპასუხეს საერთაშორისო პარტნიორებმა. ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ პოლიტიკოსის დაკავება არაპროპორციული ზომაა და მიზნად ისახავს ოპოზიციის დაშინებასა და გაჩუმებას.

ნორვეგიის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ბერგლიოტ ჰოვლანდი X-ზე დაწერა, რომ “ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიით, მათ შორის, ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებებით, მაგალითად ზურაბ ჯაფარიძის, და რეპრესიული კანონებით, რომლებიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ისახავს მიზნად. დემოკრატიაზე ეს იერიში მიუღებელია. საქართველო შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე დგას.”

საქართველოში არ შემოუშვეს ჟურნალისტი, რომელიც ქართული ოცნების რუსულ კავშირებზე წერდა

რეპორტიორები საზღვრების გარეშეს (RSF) ინფორმაციით, საქართველოში არ შემოუშვეს დამოუკიდებელი ბრიტანელი ჟურნალისტი, უილ ნილი, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა.

ორგანიზაციის ცნობით, უილი საქართველოში გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირში მოგზაურობის შემდეგ ბრუნდებოდა. ხოლო ქვეყანაში არ შეშვებას წინ უძღოდა პროსახელისუფლებო პოლიტიკოსებისა და მედიის მხრიდან ნილის წინააღმდეგ “სიძულვილის კამპანია” მას შემდეგ, რაც ნილმა გამოცემა Byline Times-ში ივანიშვილის რეჟიმის რუსული კავშირების შესახებ საგამოძიებო შინაარსის სტატია გამოაქვეყნა.

RSF გმობს ამ “თვითნებურ” გადაწყვეტილებას, მოუწოდებს რეჟიმს, მყისიერად გადადგას უკან ნაბიჯი და აღნიშნავს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლების კუთხით ვითარება უარესდება.

“პირველი რაც გავიფიქრე იყო: “აი, ისიც”, თუმცა მას შემდგომ დღეებში, მგონი, ნელ-ნელა ვიწყებ შეგუებას იმ რეალობასთან, რომ ქვეყანაში, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩემი სახლი იყო, შესვლა აღარ შემიძლია.” – თქვა RSF-თან საუბრისას უილ ნილმა, რომელიც საქართველოს საზღვრიდან უკან 20 მაისს გააბრუნეს, როდესაც ის გაერთიანებული სამეფოდან და ევროკავშირიდან, სომხეთის გავლით, საქართველოში ბრუნდებოდა.

Byline Times-ის სტატიაში უილ ნილი გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერდა, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი პროპაგანდისტული ტელევიზიის, TV იმედის მფლობელის, ირაკლი რუხაძის, კომპანია Hunnewell Partners რუსული ტელეკომუნიკაციების კომპანია MTS-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის ფირმის ინტერესებს წარმოადგენდა.

ძლიერი საქართველოს საგარეო მდივანს, გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ

“ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანს გრიგოლ გეგელიას თავს საკუთარ სახლთან დაესხნენ. მისი თქმით, თავდამსხმელი ჯერ ტელეფონით უღებდა, შემდეგ თავის არეში რამდენიმეჯერ ჩაარტყა, ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და შეაფურთხა.

გეგელია ამბობს, პოლიციას იმ მანქანის სანომრე ნიშნები გადასცა, რითიც თავდამსხმელი ადგილიდან გაიქცა.

“მე ვარ მხნედ და ვიქნები მხნედ, მანამ ამ ბოროტ, ლაჩრულ რეჟიმს არ მივუჩენ ჩემს მეგობრებთან და ქართველ ერთან ერთად საკუთარ ადგილს, რომელიც ისტორიის და პოლიტიკის სანაგვეზე ეკუთვნით. ეს არის ენით აღუწერელი ბოროტება, რაც საქართველოში ხდება. ამ ლაჩარ, მხდალ კაცს არაფერი გამოუვიდა.” – აღნიშნა გეგელიამ თავდასხმის შემდეგ.

ოპოზიციურმა კოალიცია “ძლიერმა საქართველომ” განაცხადა, რომ “პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება “ქართულ ოცნებას” – როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.