რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი თბილისში ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა და
“კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის.”
30 მაისს აშშ-ს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი საქართველოში იმყოფება
განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სენატორი შეხვედრებს გამართავდა ივანიშვილის მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებთან. საელჩოს ინფორმაციით, სენატორი პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარ პრიორიტეტებს გააჟღერებდა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “წინააღმდეგობის პლატფორმის” წევრ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სენატორს პლატფორმის სახელით შეხვდა და ესაუბრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, კანონდარღვევებსა და სტრატეგიულ გამოწვევებზე.
“დღეს მე შევხვდი პლატფორმის სახელით სენატორ სტივ დეინსს, ამერიკელ, რესპუბლიკელ სენატორს, რომელიც კავკასიაშია ჩამოსული. იყო ბაქოში, თბილისში, მიდიოდა ერევანში. ჩვენ შეგვხვდა, ოპოზიციას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოისმინა შიდა საკითხები, კანონთა დარღვევის მთელი რიგი, რაც ჩვენ წარვუდგინეთ, არამედ სტრატეგიული გამოწვევები, რაც არსებობს ამერიკისთვის ამ რეგიონში და საქართველოში, რაც მოითხოვს ამერიკისგან დიდ ყურადღებას.” – თქვა ზურაბიშვილმა.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია სასამართლო სხდომის წინა საღამოს დააკავეს
29 მაისს, საღამოს, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, დააკავეს. პარტიის ცნობით, ის ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს, როდესაც ერთ-ერთ პოდკასტში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს “სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.”
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მოულოდნელად შეწყდა მას შემდეგ, რაც მელიამ, რომელიც მოსამართლეს უყვებოდა, როგორ “გაიტაცეს” 29 მაისს და ამ ამბით დაინტერესებას სთხოვდა, მას წყალი შეასხა.
“ადამიანს არ აინტერესებს, გატაცებული ვიყავი თუ არა, შუშის თვალებით იყურება. თანამონაწილე ხართ, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელსაც კითხვა არ უჩნდება, ვინ გამიტაცა”, – თქვა მელიამ სასამართლო დარბაზში სხდომის შეწყვეტამდე. წყლის შესხმის შემდეგ სხდომა შეწყდა, მელია დარბაზიდან ბადრაგმა გაიყვანა და მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა.
მოსამართლე მას ამ ამბავთან დაკავშირებულ კითხვებს ნაკლებად უსვამდა და ძირითადად ინტერესდებოდა იმით, აპირებდა თუ არა გირაოს თანხის გადახდას, რომელიც მას წულუკიანის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ჰქონდა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით.
მანამდე პროკურატურა მას ქართული ოცნების მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებოდა.
ამ საქმეზე გირაოს გადაუხდელობის გამო უკვე დააპატიმრეს ნიკა მელიას კოალიციური პარტნიორი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს
27 მაისს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახუმა განაცხადა, რომ დაკავებულია “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.”
გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან ფარულად იყო წასული და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
29 მაისს სასამართლო სხდომაზე ბაჩიაშვილმა მოყვა, თუ როგორ დააბრუნეს ის ქვეყანაში: “შაბათს, 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახვეული მატარეს. ადვოკატის, პროკურორისა და ოჯახის წევრებთან დალაპარაკების გარეშე. შემდგომ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ ბომბარდირის თვითმფრინავში: ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში.”
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ მას წამების საფრთხე ემუქრება.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა.
პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2.5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.
2025 წლის მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. პროკურატურამ ბაჩიაშვილი ძებნილად გამოაცხადა.
ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
ირაკლი კობახიძე უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას მიმართა, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.
“ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი, ჭეშმარიტი დასავლეთის, თავისუფლების, რწმენის და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის და არა იმ დიფ სთეითის, რომელიც ცდილობს მსოფლიოს არაფრად აგრძნობინოს თავი და ყველაფრის მმართველად საკუთარი თავი ჩათვალოს. ჩვენი დასავლეთი ჯერ კიდევ ცოცხალია, ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უნგრეთი და ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში მთელს ევროპაში და მის მიღმაც, ყველას გულში, ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია. ჩვენ ვართ ევროპული ერი, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე – იყო პროევროპული არ ნიშნავს იყო ანტიქართული.” – აღნიშნა კობახიძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ “ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებას და სუვერენიტეტს – ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე.”
უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა კი თქვა, რომ ირაკლი კობახიძე არის “საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები. ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა, დაამარცხა ყველა და უმსხვილესი ეკონომიკური ზრდის მომტანია ქვეყანაში.”
ქართული ოცნება ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად იქცა ევროსკეპტიკურ პოლიტიკურ ძალად, რომელმაც ქვეყნის ევროინტეგრაცია დეკლარირებულად შეაჩერა, არ ასრულებს ევროკავშირის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს, აწარმოებს ანტი-დასავლურ პროპაგანდას, აკავებს ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს და საქართველოში ავტორიტარიზმს აშენებს.

