მამუკა ხაზარაძე: მინდა ადგილობრივი თვითმმართვეობის არჩევნებში მონაწილეობაზე მსჯელობა გაიხსნას
კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე მსჯელობა უნდა გაიხსნას.
“ჩვენ პარტიაში ჩვენ ვემხრობით, რომ ბრძოლის გარეშე არ დავთმოთ არაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო შევვარდებით არჩევნებში. ჩვენ შევხვდებით არა მარტო პოლიტპატიმრების მშობლებს, არამედ ყველა იმ ადამიანთა ჯგუფს, ვისაც აქვს არგუმენტი, რატომ სჯობს ბოიკოტი, ან სხვა ტაქტიკა საერთო ბრძოლის მოსაგებად”. – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” არანაირ შემთხვევაში არ აწყობს, რომ ძლიერმა, გაერთიანებულმა პლატფორმამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
“მე არ მინდა, რომ კალაძეს ქალაქ თბილისი ბრძოლის გარეშე გადავაბარო.” – აღნიშნა მან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებებისთვის, ფედერალისტები, ასევე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეწინააღმდეგებიან ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და საყოველთაო ბოიკოტის იდეას უჭერენ მხარს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის.”
აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი გადადგა
საქართველოში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ პენსიაზე გასვლის პირადი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს ივლისში დატოვებს.
“ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია. მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ.” – ნათქვამია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა: “გვაწუხებს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის ამერიკულ-ქართული ურთიერთობები და ეს ჩვენი ბრალი არ არის და ეს ამ მდგომარეობაში ჩვენი გამოისობით არ არის, ასე ვთქვათ.”
მისი თქმით, “ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს ახალი წარმომადგენელი საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ასევე აქვს შესაძლებლობა, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობები, ყოველგვარი წარსული, ასე ვთქვათ, რაღაც მოყოლილი ამბების გარეშე.”
საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მკვეთრად გაუარესდა. ოფიციალურად შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-მ შეაჩერა ფინანსური დახმარების თითქმის ყველა პროგრამა, სანქციები დაუწესა ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს და მის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.
ამავდროულად, წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიული მხარდაჭერით უკვე მიიღო “მეგობარი აქტი”, რომელიც “ქართული ოცნების” ლიდერებისთვის დამატებით სანქციებს ითვალისწინებს.
ქართული ოცნება სოციალურ ქსელებში გინებისთვის მოქალაქეების დასჯას გეგმავს
ქართული ოცნება აპირებს პირისპირ და ონლაინ შეურაცხყოფას შორის ზღვარი წაშალოს და მოქალაქეები დისტანციურად გამოთქმული სიტყვის გამო დასაჯოს.
ციფრულ სივრცეში დაწერილი კომენტარის გამო, პირი შეიძლება დაჯარიმდეს 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.
თებერვალში, საპროტესტო აქციების პარალელურად, ივანიშვილის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური თანამდებობების პირების, საჯარო მოხელეების, პოლიციელების შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება ან “მსგავსი გამოხატვა” დასჯადი გახდა.
ამის შემდეგ, 30 მაისს დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტ თათია აფრიამაშვილს სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ლაშხისთვის “შეურაცხყოფის მიყენებისთვის” სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს მოსამართლე დავით თეთრაულმა ასევე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება შსს-ში მოქალაქეებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო უჩივის.

