პროკურატურამ გიორგი გახარიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

14 ივნისს, პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშრებით იკითხება.

გომელაური ამ პერიოდში სუს-ის ხელმძღვანელი იყო.

“საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.” – განაცხადა პროკურატურამ.

მოგვიანებით, ამ საქმეზე რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანი დაიკითხა.

მამუკა ხაზარაძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს

“ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაიბარეს, ამჯერად “2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელების” შესახებ.

“კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, ისევ სიგნალით, ისევ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით. მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ. მოსვლას არ ვაპირებ! ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ. ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე!” – წერს ხაზარაძე.

ხაზარაძე პირველად წულუკიანის კომისიაზე 25 მარტს დაიბარეს, სხდომაზე შპს მაგნატის და მისი მესაკუთრის, ჯემალ ლეონიძის საქმე განიხილა. ამ სხდომაზე დაბარებულები იყვნენ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – მათ კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.

ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც 1 წლამდე ვადით პატიმრობას, ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს.

ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რომელიც პოლიტიკოსმა გადაიხადა.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს. გვარამიას ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა.

იქამდე, გვარამიამ, რუსთავის საპატიმროსთან მისვლის შემდეგ 112-ში დარეკა და პატრული თავად გამოიძახა. თავის მხრივ, როგორც ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა განაცხადეს, გვარამიას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია “შესაბამის სამსახურს გადასცეს.”

“ოლიგარქია უნდა დაემხოს! დიდება საქართველოს!” – განაცხადა ბორკილების დადების შემდეგ ნიკა გვარამიამ.

გვარამიას ბრალი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მისვლაზე უარის თქმისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა.

მანამდა მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.