8 ოპოზიციური პარტია უარს ამბობს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე

პროდასავლური პარტიები: თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა და ფედერალისტები უარს ამბობენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

ერთობლივი განცხადება დღეს, 23 ივნისს რუსთაველის გამზირზე დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააცნო საზოგადოებას:

“უარს ვამბობთ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს;

ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რათა ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული. გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას. ბოლომდე!” 

არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის.” საკითხზე მსჯელობა დაიწყო კოალიცია “ძლიერმა საქართველომ,” თუმცა მისი ლიდერების განცხადებებიდან ჩანს, რომ აღნიშნული გაერთიანება არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

“2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის” გადაწყვეტილებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება.

გახარია კომისიაზე მეორედ 23 ივნისს იყო დაბარებული. მისი პარტიის განცხადებით, ექს-პრემიერი საქართველოში არ იმყოფება და კომისიაზე მისვლას ვერ შეძლებდა, თუმცა მზად იყო სხდომაზე დისტანციურად გამოკითხვისთვის. 

14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშრებით იკითხებოდა. 

სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში  საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.

გიორგი გახარიამ ქვეყანა გაურკვეველი ვადით დატოვა და სავარაუდოდ, ის საქართველოში აღარ დაბრუნდება.

კობახიძე: დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვა მოქმედებს, ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდველი უკვე ამოქმედებულია და ერთ-ერთ ქვეყანაში ჩასასვლელად ვიზის აღება მოუწია.

კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, ევროპის რომელ ქვეყანაში ჩასასვლელად დასჭირდა ვიზის აღება. 

10 ივნისს ირაკლი კობახიძე იტალიაში გაემგზავრა. გასული თვის განმავლობაში ის ასევე იმყოფებოდა უნგრეთში, რომელსაც გაცხადებული პოზიცია აქვს, რომ შეზღუდვას არ უერთდება. 

27 იანვარს, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

23 ივნისს, “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს – მათ ხელბორკილები პარტიის ოფისთან დაადეს.

“ცეცხლი ოლიგარქიას, ბიძინას რუსული რეჟიმი მალე დაემხობა,” – თქვა მამუკა ხაზარაძემ დაკავების შემდეგ. კომენტარი გააკეთა ბადრი ჯაფარიძემაც – “საქართველო გაიმარჯვებს,” – თქვა მან.

“ლელოს” ოფისთან შეკრებილები იყვნენ ლიდერების მხარდამჭერები, პოლიტიკოსები, აქტივისტები. ადგილზე ხაზარაძისა და ჯაფარიძის მხარდასაჭერად მივიდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.

23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ, „ლელოს“ ლიდერებს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა და საჯარო სამსახურში თანამდებობის 2 წლით დაკავება აუკრძალა.

ჯაფარიძესა და ხაზარაძეს პროკურატურა „ოცნების” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდა. მათ წინააღმდეგ პროკურატურას თეა წულუკიანის კომისიამ მიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.