კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

“ლელო-ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას – ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, შედიან ბრძოლაში „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ მთავარ ველზე“.

“დე-ფაქტო ხელისუფლებასთან დე-ეფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცხადებია” – თქვა ირაკლი კუპრაძემ.

“მრავალკვირიანი მოლაპარაკებების მცდელობების, კომუნიკაციის, იმედის პირობებში, ჩვენ ეს გადაწყვეტილება გადავავადეთ. “ძლიერ საქართველოს” აქვს თავისი გზა და ამ გზიდან ვერავინ გადაგვიყვანს, განსაკუთრებით ივანიშვილის სათამაშო პრეზიდენტი. ეს გზა არის უკომპრომისო ბრძოლა ყველა შესაძლო ველზე. დღეს კოალიცია ძლიერი საქართველო აკეთებს თავის განაცხადებს. ოფიციალურად და დეკლალრებულად იწყებს ბრძოლას თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის. ჩვენ რუსულ რეჟიმთან შევდივართ ბრძოლაში. ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას სხვა ველზეც. დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. ეს არის დეფაქტო არჩევნებში ბრძოლა. დე-ფაქტო ხელისფულებასთან დე-ეფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცახდებია, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე”, – განცხადა კუპრაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”, ხოლო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და კოალიცია ცვლილებებისთვის.

ოპოზიციური პარტიები “ძლიერი საქართველოს” არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

“ძლიერი საქართველოს” (პარტიების – “ლელო” და “მოქალაქეები” კოალიცია) განცხადებას, რომლის მიხედვითაც კოალიცია 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები გამოეხმაურნენ. 

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ძლიერმა საქართველომ ბრძოლისა და წინააღმდეგობის ნაცვლად, რეჟიმთან კომპრომისი და თანამშრომლობა აირჩია და გადაწყვეტილება ამ კოალიციის მორალურ სიკვდილად შეაფასა. 

“ძალიან სამწუხაროა. უკიდურესად. ძლიერმა საქართველომ ბრძოლისა და წინააღმდეგობის ნაცვლად, რეჟიმთან კომპრომისი და თანამშრომლობა აირჩია. ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი – ეს არის საერთო ბრძოლის ღალატი; არა ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, არამედ რეჟიმთან გარიგება საპატიო მეორე ადგილისთვის. არ გამოვრიცხავ, მიხეილ ზებრა ყაველაშვილმა ახლა თავადაც შეიწყალოს მათი ლიდერები, რომ გარიგებულის მანტია ბოლომდე მოარგოს. ეს ხომ ნაცადი რუსული ტაქტიკაა, ამორალურ კომპრომისზე დაყოლიება და შემდეგ ყველაზე ცინიკურად და სასტიკად მხილება. 

დღეს ვიხილეთ ლელოს მორალური სიკვდილი. პოლიტიკა მორალის გარეშე კი არ არსებობს. ამიტომ ოქტომბერში ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!” – დაწერა სოციალურ ქსელში ბოკუჩავამ. 

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, “4 პროცენტიანი ლელო რას იზამს, ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს”. “ძალიან კარგია სიცხადე! 4 პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები ისტორიამ განსაჯოს, ჩვენ საქმეს მივხედოთ! და საქმე ბევრია და აუცილებლად მივხედავთ! 

P.S. ხოდა კიდე ფულით და ტელევიზიით აშანტაჟეთ საკუთარი თავები, ბიძინამ ვერ გატეხა ეს ქვეყანა ფულით, მართლა მეცინება”, – დაწერა ელენე ხოშტარიამ.

ყაველაშვილი: შევიწყალებ პოლიტიკოსებს, თუ არჩევნებში მონაწილეობას დაადასტურებენ 

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომელსაც ოპოზიცია არალეგიტიმურად მიიჩნევს, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მსჯავრდებულ ოპოზიციონერ ლიდერებს სთავაზობს, მას შეწყალების თხოვნით მიმართონ.

ყაველაშვილი პოლიტიკოსებს დათქმას უწესებს და მოითხოვს, რომ შეწყალების შესახებ განცხადებაში ოპოზიციონერებმა დაადასტურონ “საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ”.

ივანიშვილის პრეზიდენტი წერს, რომ მსგავსი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შესაბამისი მსჯავრდებულის შეწყალებაზე.

“როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე.” – ნათქვამია ყაველაშვილის განცხადებაში.

შეთავაზების საპასუხოდ ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ მიხეილ ყაველაშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მიიჩნევენ და შეწყალების თხოვნით მიმართვას არ გეგმავენ.

“ქართული ოცნების” მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააპატიმრეს: “კოალიცია ცვლილებისთვის” 3 ლიდერი – ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე და “ძლიერი საქართველოს” 2 ლიდერი – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.