სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია გვაწყობს, არც ბოიკოტის
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: “ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი. არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის შემოგდებული სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ.”
მისივე აზრით, “ქართულმა ოცნებამ” ამ თემით მიაღწია შედეგს – დააპირისპირა ოპოზიცია.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, “ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია გვაწყობს, არც ბოიკოტის კამპანია. ორივე მხრივ გახლეჩილები ვართ, იხარჯება ძალიან დიდი ფულადი და ადამიანური რესურსი, რომელიც უნდა მიდიოდეს პროტესტში და იხარჯება ბოიკოტის კამპანიაში, რომლის შინაარსის გაგებაც მე მიჭირს.”
“არ არსებობს მაგალითი ბოიკოტის, რომელიც გამოცხადებულ იქნა, როგორც რამე გამარჯვება. ცხადია, დღევანდელ პირობებში როგორც გაყალბდება არჩევნები, თუ ვინმემ მიიღო მონაწილეობა, ასევე გააყალბებენ ბოიკოტს, კიდევ უფრო ადვილად, რადგან შიშის, ფულის, მუქარის პირობებში შეიძლება წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე და დათვლადი თუ იქნეს ეს ბოიკოტი, შეუძლია რეჟიმს, ეს გაასაღოს, როგორც მისი გამარჯვება. დიქტატორულ რეჟიმებში ასე მთავრდება ბოიკოტი. წინააღმდეგობის პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა, რადგან არავის უყვარს ვაკუუმი. ჩვენი საზოგადოების წუხილი იქიდანაც მომდინარეობს, რომ ვერ ხედავენ, ესენი თუ არა, აბა ვინ? ეს არის მუდმივი კითხვა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ კითხვაზე გავცეთ პასუხი, დავანახოთ საზოგადოებას, ასევე უცხოელ საზოგადოებას, ვინ იქნება ხვალ, როცა ეს დაწყებული ჩამოშლის პროცესი დასრულდება რეჟიმის დასრულებით.” – თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებებისთვის და სხვა პარტიები მას ბოიკოტს უცხადებენ, კოალიცია ძლიერი საქართველო და გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის კი მასში მონაწილეობას გეგმავს.
შსს-ს ცნობით აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თვითმკვლელობა სცადა
7 ივლისს შსს-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღის არის დაჭრილი, ხოლო გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მალევე, სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა წერილი, რომელიც მათი მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა. სამთავრობო პროპაგანდის მიერ გავრცელებულ წერილში წერია, რომ რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, რადგან მას “კორუფციას და ბარიგების მფარველობას” აბრალდებდნენ.
საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით იმავე დღეს დააკავეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი. მას აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
9 ივლისს, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.
ყოფილმა დეპუტატმა, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას “რიჟვაძის მამა არაოფიციალურად ჰყავდა დაპატიმრებული.”
“რიჟვაძე კალაძის მხარდაჭერილი კადრი იყო დასაწყისში და კორუფციის ჩამჯდარ, კლასიკურ კალაპოტში მოძრაობდა. მოპარულ ფულსაც სწორად ანაწილებდა და არიგებდა საყოველთაო სიყვარულთან ერთად, ჩვენი „თოკოს“ ძახილთან, ფეხზე ადგომასთან და ტაშთან ერთად. მაგრამ, ერთ დღესაც ის ლილუაშვილმა გადაიბირა და აი, აქ კი მოსრიალდა. მას ჩაბარდა მისთვის ჯერ არნახული მასშტაბის ფულის – ქოლცენტრებისა და ნარკოტიკების ბრუნვიდან შემოსული თანხების კონტროლი. ეს იმდენად წარმოუდგენელი თანხაა, რომ არათუ ინტელექტუალურად საშუალოზე ქვემოთ, ბევრად ქვემოთ განვითარებულ თოკოს, არამედ ბევრად განვითარებულ ტიპსაც დააკარგვინებდა მუხრუჭებს. მანაც გააჭენა. მამამაც გაიხსენა წარსული და ახალი „ნავაროტკებიც“ დაამატა. აი ამ შუა გაჭენებულზე უპს – ლილუაშვილი მოიხსნა და მაშინვე, ამოსუნთქვისთვის წუთის გარეშე, როგორც ურო თავში, მოვიდა “სპროსი” უკიდურესად დაუნდობელი მეთოდებით და სრული ცაიტნოტის პირობებში – “ფული, აი ამდენი და ახლავე ან მაგრად ინანებ შენც და შენი ახლობლებიც.” – წერს თარგამაძე.
19 ივლისს არჩევნების ბოიკოტის მომხრე პარტიები მსვლელობას გეგმავენ
19 ივლისს, 19:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება – ამის შესახებ განცხადება პარლამენტთან ბოიკოტის მოხმრე 8 პოლიტიკურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა და საზოგადოებრივი ჯგუფებმა გააკეთეს.
“აქ შეკრებილი 8 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ვადასტურებთ უპრეცედენტოდ მტკიცე და მართალი პროტესტის ამოცანების ერთგულებას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და უარს ვამბობთ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე.
ვუპირისპირდებით კორუმპირებულ და ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, რომელიც საფრთხეში აგდებს საქართველოს ეროვნულ დამოუკიდებლობას და საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განუკითხაობის და ძალადობის მორევში გადაუშვა. მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ საფრთხეს დღეს ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფება წარმოადგენს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და ცდილობს თავისუფალი საზოგადოების დამორჩილებას, ნაცვლად იმისა, რომ ანგარიშვალდებული იყოს და ემსახუროს მას.
ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს! უარი რუსულ სპეცოპერაციას! ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიდგეთ მტკიცედ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთად!” – ნათქვამია პარტიების განცხადებაში, რომელსაც უერთდებიან: თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა და ფედერალისტები.

