ევროკომისია: დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, უვიზო რეჟიმი შეჩერდეს
ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართავს. დოკუმენტს საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს.
როგორც წერილშია აღნიშნული, კომისიის ანგარიშმა ხაზი გაუსვა საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევებს, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, კომისიამ შეიმუშავა რამდენიმე რეკომენდაცია, მათ შორის, მოწოდებები უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონების გაუქმების შესახებ.
“იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ქმედებები არ განხორციელდა, 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების ნაწილობრივ შეჩერების შესახებ და დაასრულა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, თორმეტმა წევრმა ქვეყანამ უკვე შემოიღო სავიზო მოთხოვნა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის.
ამ ნაბიჯს სხვა წევრი ქვეყნებიც მიჰყვებიან. შეფასების შედეგად, იმ შემთხვევაში, თუ დარღვევები გაგრძელდება, კომისიამ, შეიძლება, დაიწყოს პროცედურები ვიზის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად, ევროკავშირის რეგულაციის მე-8 მუხლის საფუძველზე. გთხოვთ, ითანამშრომლოთ ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში. ვადასტურებ, რომ ევროკავშირი კვლავაც რჩება საქართველოსთან მყარი და ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის ერთგული.” – ნათქვამია წერილში.
ამასთან, წერილში ჩამოთვლილია რეკომენდაციები, რომლებიც ევროკომისიამ 2024 წლის მომზადებულ დოკუმენტში გამოაქვეყნა:
- უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა;
- გააძლიეროს ქმედებები თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური დარჩენის შემთხვევების წინააღმდეგ, მათ შორის, უვიზო რეჟიმის პირობების შესახებ საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით და საზღვარზე კონტროლის გამკაცრებით;
- მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს შესაბამისი რესურსი მათი განხორციელებისთვის და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას და განაჩენების გამოტანას.
ქართული ოცნება ევროკომისიას საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სახელით განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, რომ “ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოზე სრულიად უსაფუძვლო თავდასხმები” გაიზარდა და მათი მიზანია, “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან ჩამოშორების შემდეგ, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართონ.
“სამწუხაროდ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დღეს ზუსტად ანალოგიური და კიდევ უფრო მძლავრი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გრძელდება. უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ გლობალურ ომის პარტიას სრულ კოორდინაციაში ჰყავს ევროპული ბიუროკრატია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაცხოველებულ შანტაჟს აწარმოებინებს. მიზანი აქაც იგივეა – როგორმე მოახერხონ და საზოგადოება ხელისუფლებას დაუპირისპირონ, ქართველი ხალხის ხელით, ნებისმიერი მეთოდით ჩამოაშორონ მმართველობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც გლობალურ ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად „არ გამოადგება“, სანაცვლოდ კი მათ მიერ მართული აგენტურა მოიყვანონ ქვეყნის სათავეში. ჩვენგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია მზადაა, შეასრულოს გარედან წამოსული ნებისმიერ დავალება, მათ შორის მთავარი – ქვეყნის ომში ჩართვა.
დღეს უკვე აშკარაა, რომ არათუ შესუსტდა საქართველოს მიმართ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მოთხოვნილება, არამედ ის კიდევ უფრო ძლიერდება, ამ მიზნის მისაღწევად კი, როგორც აღვნიშნეთ, გლობალური ომის პარტია ევროკავშირის სტრუქტურებს და ცალკეულ ბიუროკრატებს იყენებს. კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას – საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი იმდენად დიდია, რომ გლობალურმა ომის პარტიამ მთელი ევროპული ბიუროკრატია საქართველოზე თავდასხმის რეჟიმში გადააწყო, ხოლო ბერკეტად უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, მათ ხელში დარჩენილ ბოლო კოზირს განიხილავს. ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის მსურველები ფიქრობენ, რომ თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც მოგონილი საფუძვლით გააუქმებენ, საზოგადოებაში ამას იმ დონის მღელვარება მოჰყვება, რაც საბოლოოდ ხელისუფლების დამხობით და ქვეყნის სათავეში აგენტურის მოყვანით დასრულდება.” – თქვა კობახიძემ
ამასთან ერთად, მან ისაუბრა აშშ-ს პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე და თქვა, რომ მოქმედ ადმინისტრაციას დღემდე არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით, “ჯერ კიდევ ძალაში რჩება უსამართლოდ დაწესებული სანქციები, აგრეთვე უპასუხოდ რჩება ჩვენი ღიად დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ”.
ლევან ხაბეიშვილს ინტერვიუს დროს თავს დაესხნენ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ტელეკომპანია პირველთან პირდაპირი ჩართვისას ქუჩაში თავს დაესხნენ.
მას უცნობმა პირმა სავარაუდოდ, კვერცხი ესროლა.
“ეს იქნებოდა დაორგანიზებული, მე გითხარით, იცოდნენ სადაც ვიყავი და ცხადია, ამას გააკეთებდნენ. ეს არის რეალობა, რაშიც ვცხოვრობთ. დღეს კვერცხი ისროლეს, ხვალ იარაღს გესვრით, ვიღაცამ გამოიარა, ოღონდ პასუხი მიიღო ამან… ყველა ასე მიიღებს პასუხს, არავის ეშინია, დედას გიტირებთ ქართველი ხალხი.” – განაცხადა ხაბეიშვილმა მასზე თავდასხმის შემდეგ.
ენმ-ში ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილზე თადვასხის ბრძანება პირადად ირაკლი კობახიძის მიერ იყო გაცემული. ანა წითლიძის განცხადებით, ერთ-ერთი, რომელიც თავდასხმის დროს ფიგურირებს, სუბარია გოგა გოგიაზე, სწორედ “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს.
“ეს არის ადამიანი, რომელიც მთაწმინდაზე ცხოვრობს და იქ ალაგებს ე.წ. პალაჟენაის “ოცნებისთვის” – აცხადებს წითლიძე
ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ – შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო, თუმცა უცნობია, დაიბარეს თუ არა მინიმუმ გამოკითხვაზე პირი, რომელიც “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში “ნაციონლაური მოძრაობის” ლიდერს კვერცხებით თავს დაესხა.

