საბიუჯეტო რესურსების გაფლანგვისთვის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა დააკავეს. ხაინდრავასთან ერთად დაკავებულია სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავიც.

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტი-კორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ.ხ. ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვ.ვ და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ.მ.

საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხით, 2023 წელს მართლსაწინააღდმეგო გაფლანგვის ფაქტს. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა”. – ნათქვამია განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ გუშინ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებული ჰყავდათ, გამოუშვეს ერთი რამის გამო, თუ ის კონკრეტულ ფულს მიუტანს ბიძინა ივანიშვილს, ამას თუ არ გააკეთებს, გაიზიარებს მისი მოადგილის და ნათესავის ბედს.

ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად მიიჩნევა. ამავე გარემოცვის წევრია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომელიც 2025 წლის 21 ივნისს დააკავეს.

საქართველოს პროკურატურამ მას ბრალი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის წარუდგინა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2021 წელს რომეო მიქაუტაძე დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4 400 000 აშშ დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი.

კალაძე: MEGOBARI აქტი გაჯერებულია ცილისწამებით, ტყუილით,  უილსონს 87 ათასი აქვს აღებული

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ MEGOBARI აქტს აკრიტიკებს და კონგრესმენ ჯო უილსონს კორუფციაში ადანაშაულებს. როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტი „სრულად გაჯერებულია ტყუილით“, ხოლო მისი მიღების საფუძველი, მისი შეფასებით, არაეთიკურ და მიკერძოებულ ფინანსურ გავლენებთან არის დაკავშირებული.

„ჯერ არ ვიცით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული MEGOBARI აქტთან დაკავშირებით. ერთი შემიძლია გითხრათ — ეს დოკუმენტი სიცრუით და ცილისწამებით არის სავსე. უკვე დადასტურდა, თუ როგორ მოხვდა აღნიშნული შინაარსი კონგრესის აქტში — სულ 360 ათასი დოლარია გადახდილი, მათ შორის, კონგრესმენ უილსონს 87 ათასი, იმისთვის, რომ საქართველო გააშავოს და დოკუმენტი ცრუ ინფორმაციით გააჯეროს. ეს არის მოცემულობა, რეალობა, რაც ცნობილი გახდა FARA-ს კანონის მიხედვით,“ — განაცხადა მან.

MEGOBARI აქტი (Making Enemies Get Out By Addressing Russian Influence Act) აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ უკვე მიიღო და ახლა სენატში კენჭისყრაა მოსალოდნელი. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას და რუსული გავლენის შემცირებას. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, ასევე დამატებითი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე იმ პირებისთვის, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორიტარიზმის ზრდაზე.

ევროკავშირი: ქართული ოცნება საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

ევროკავშირი ქართული ოცნების ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოცნება საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებს. განცხადებას ხელს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხების სპიკერი, ანუარ ელ ანუნი აწერს.

“ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებასა და უსაფუძვლო ბრალდებებს. ბოლოდროინდელი სიცრუის შემცველი განცხადებები იმის შესახებ, რომ ევროკავშირს საქართველოს დესტაბილიზაცია, ომში ჩართვა ან ე.წ. არატრადიციული ღირებულებების დაწესება სურს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობაა. 

რუსული სტილის შეთქმულების თეორიებისა და გამყოფი ნარატივების საშუალებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრა მხოლოდ მათ ემსახურება, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება. მკაცრად ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ განხორციელებულ პირად თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში. ის ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ ფიგურას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ პროვოკაციულ პირად თავდასხმებს და იმუშაონ ქვეყნის მოსახლეობის ევროპული მომავლისთვის.” – ვკითხულობთ განცხადებში.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ მიერ კონტროლირებული პროპაგანდისტული მედიები წლებია ავრცელებენ შეთქმულების თეორიას, თითქოს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ევროკავშირი და აშშ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ომში ჩართვას და “მეორე ფრონტის” გახსნას სთხოვდა. სწორედ ამ კონსპირაცაის ეფუძნება “ქართული ოცნების” ლიდერების ანტი-დასავლური რიტორიკა და ყველა წინასაარჩენო კამპანიაში, ისინი მუდმივად იმეორებენ, რომ მათი მთავარი მიღწევა “მშვიდობის შენარჩუნებაა”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.