სასამართლომ პოლიტპატიმარი გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე გაამართლა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი უდანაშაულოდ ცნო. გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავალი პოლიციამ დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.
ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და საპატიმრო სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა. მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ითვალისწინებს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას.
მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებდა. ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს ჰქონდა წაყენებული, „სამართალდამცავზე თავდასხმა“, თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა.
საპატიმროში ყოფნის დროს გაუარესდა ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა – “მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%”.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
მზია ამაღლობელს პროკურატურა სთავაზობდა საპროცესო შეთანხმებას, თუმცა ის წინააღმდეგი იყო. თავის დასკვნით სიტყვაში, მზია ამაღლობელმა თქვა, რომ მისთვის საპროცესო შეთანხმების შეთავაზება „სიკვდილივით“ იყო:
“არა და ვერ მოვაწერ ხელს – იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა და სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა. 7 თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაკავების პირველივე დღიდან ამ სასამართლო სხდომათა დარბაზში მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც ვიმეორებ: პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით დგებუაძისგან. მგონია, რომ კანონში წერია „სილის გაწვნის“ ადეკვატური მუხლი“. – თქვა ამაღლობელმა.
მზია ამაღლობელი და მისი ადვოკატები 7 თვის განმავლობაში საუბრობდნენ იმ შეურაცხყოფაზე, რომელიც მას დაკავების შემდეგ მიაყენა ირაკლი დგებუაძემ:
„ფეხშიშველი, შეურაცხყოფილი პოლიციის განყოფილებაში ვზივარ. ხმაურით და გინებით ოთახში მოიწევს პირი. ძალიან ცუდია, რომ ვერ დავიმახსოვრე მათი სახელი, ვინც ამას ამარიდა. მადლობა ეკუთვნით მათ. ეს შემოვარდნები და გინებები სამჯერ გამეორდა – ყოველი შემდეგი შემოვარდნა იმაზე უარესი იყო, ვიდრე წინა. ბოლო შემოვარდნაზე სახეში შემაფურთხა – ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მეტყოდნენ „ჩაიფსას“, „არ გაიყვანოთ“. ეს პირი „დაზარალებული“ ირაკლი დგებუაძეა“, – ჰყვებოდა ის თავის დასკვნით სიტყვაში 4 აგვისტოს.
მზია ამაღლობელის გათავისუფლებას თვეების განმავლობაში ითხოვდა არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. მის სასამართლო სხდომებს ესწრებოდნენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საელჩოების, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი მოუწოდებდნენ „ქართულ ოცნებას“, მოეხსნათ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება და ხელი შეეწყოთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
უწყების ცნობით, ელისაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას გულისხმობს. პროკურატურის თანახმად, 2022 წლის მარტში ელისაშვილი უკრაინაში ქართული ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა.
მათი ცნობით, ელისაშვილი მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის, კიევის ოლქის ქალაქ ირპენის ბრძოლებში. 2022 წლის აპრილში კი მან დატოვა უკრაინის ტერიტორია და დაბრუნდა საქართველოში. ელისაშვილს რუსულმა სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს პარლამენტის ე.წ. საგამოძოებო კომისიამ დასკვნა “ერთხმად მიიღო”
წულუკიანის კომისიამ დასკვნის პროექტს კენჭი უყარა და “ერთხმად მიიღო”. ხვალ, 5 აგვისტოს კომისიას უფლებამოსილების ვადა ეწურება – ამის შემდეგ, 430-გვერდიანი დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება. დასკვნა ეხება “2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობას”.
“ბიურო როცა ჩათვლის საჭიროდ, კანონმდებლობით დადგენილი წესებით და ვადაში, ჩანიშნავსსხდომა, რომელზეც ჩვენ ამ დასკვნით წარვდგებით. ჩვენი ვარაუდით, ეს იქნება სექტემბრის პირველივე დღეებში და სწორედ პლენარულ სხდომაზე გასაჯაროვდება დასკვნა. უფრო მეტიც, მოხდება ამ დასკვნის პუნქტობრივი განხილვა” – თქვა წულუკიანმა.
წულუკიანის კომისია ქართული ოცნებისთვის ოპოზიციის დევნის ინსტრუმენტია. მასზე გამოუცხადებლობის საქმეზე ციხეში არიან: კოალიცია ცვლილებისთვის 3 ლიდერი – ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, ლელოს – ძლიერი საქართველოს 2 ლიდერი – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე.
ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი და თვდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძე.
საგამოძიებო კომისიის წევრები 19 ივლისს ესტონეთმა დაანსაქცირა.

