6 NGO: ანტიკორუფციული ბიურო გვედავება, რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად
ექვსი ორგანიზაციის განცხადებით, 11 აგვისტოს მიიღეს ანტიკორუფციული ბიუროს მორიგი წერილი, რომლითაც ე.წ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავებიან.
“ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად.
მრავალგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ჩვენ ვართ ჩვენივე წესდებით მოქმედი დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მისიაა ქალების, ბავშვების, მშრომელების, შშმ პირების, დევნილების და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა; ჩვენი მისია არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და დეზინფორმაციის მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის დახმარებაა. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის და საქართველოს ინტერესებს. ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ასლიც არის თითქოს ეს კანონი, ჩვენ არ გვეკუთვნის ამ რეესტრში რეგისტრაცია. ამის შესახებ ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიუროს შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტსაც გავუგზავნით.
პუტინის რუსეთის სტილში, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის დევნა მიზნად დემოკრატიის დასრულებას ისახავს. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არ დავტოვებთ ქართველ ხალხს მხარდაჭერის გარეშე. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ისეთი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად” – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საფარი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), სოციალური სამართლიანობის ცენტრი და მედიის განვითარების ფონდი (MDF).
18 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ “ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო”. უწყებამ NGO-ებს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური მონაცემები მოსთხოვა.
ირაკლი კობახიძე: 2008-ში მოღალატე აგენტმა, სააკაშვილმა დავალება შეასრულა და ომი დაიწყო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საქართველოს წინა ხელისუფლება 2008 წელს რუსეთთან ომის დაწყებაში.
“ომი ვინ დაიწყო, შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებულია, სადაც ეს ყველაფერი ხელმოწერით ნაციონალურ მოძრაობასაც აქვს დადასტურებული. ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა და მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება – სამივე დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ომი, რეალურად, სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო. 2018 წლამდე ამ პარტიის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ ომი მათ არ დაუწყიათ. 2018-ში კი სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ომი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო და ამან ენმ-ს ერთგვარი საბაბი მისცა, რომ საპირისპირო ემტკიცებინათ […] მაშინ, როცა ზურაბიშვილმა ეს განცხადება გააკეთა, ჩვენ მისი დაცვა გაგვიჭირდა […] მაშინ გუნდის შიგნით პრობლემები გვქონდა. 2018 წელს ქართულ ოცნებაში “დიფსთეითის” აგენტურა იყო. მაშინ ჩვენს გუნდში 10-ზე მეტი დეპუტატი იყო ჩანერგილი.” – აღნიშნა კობახიძემ.
“ქართული ოცნება” წლებია რუსეთთან ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს და მისი პროპგანდის მთავარი გზავნილია, რომ თუ ისინი ხელისუფლებას დაკარგავენ, ამას რუსეთთან ახალი ომი მოჰყვება.
რეალურად, რუსეთი აგრესორად აღიარა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და 2023 წლის 28 აპრილს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა, 2008 წლის აგვისტოში ქვეყანაში შეჭრის საქმეზე.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პოლიტპატიმარი ნინო დათაშვილი პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მასწავლებელი და აქტივისტი, ნინო დათაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
“არ ინერვიულოთ, ციხე საშიში არაა, ქვეყნის დაკარგვაა საშიში. ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ” – თქვა დათაშვილმა სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
მოსამართლემ ასევე განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა და შემდეგი სხდომა 21 აგვისტოს ჩატარდება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დაცვის მხარემ სასამართლოსა და პროკურორის აცილების შუამდგომლობები დააყენა, მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.
სასამართლო სხდომას დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ცნობისთვის, ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის [PHR], 2 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა.
21 ივნისს ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სასამართლოს მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

