სასამართლომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციას ყადაღა დაადო
პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკამყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა “საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის” ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე.
“გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა, კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით. კერძოდ, ა(ა)იპ “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”-ს , ა(ა)იპ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებ”-ის , ა(ა)იპ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”-ს, ა(ა)იპ “დემოკრატიის მცველები”-ს , ა(ა)იპ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”-ს , ა(ა)იპ “საფარი”-ს , ა(ა)იპ “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”-ს მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს.” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
რეალურად კი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აირწინაღების და სხვა დამცავი საშუალებების შესყიდვაში იყვნენ ჩართული, რადგან ხელისუფლება დემონსტრაციებს სასტიკი მეთოდებით არბევდა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მიერ კონტროლირებულმა მედიებმა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, შესყიდული საშუალებების ღირებულება განზრახ გაზარდეს.
50-ზე მეტი ორგანიზაცია, მათ შორის “ევროპულ-ქართული ინსტიტუტი”, სოლიდარობას უცხადებს იმ NGO-ებს, რომელთა ანგარიშებიც სასამართლომ დააყადაღა
50-ზე მეტი ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ხელისუფლების მიერ დაყადაღებულ 7 არასამთავრობო ორგანიზაციას.
ორგანიზაციების აცხადებენ, რომ ამ ქმედებით “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მის ინტერესებში არ შედის ევროკავშირთან უვიზო მიმოვლის შენარჩუნება.
“ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლების მსგავსი, სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი, საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა. ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობას მიცემული აქვს კონკრეტული ვადა, აცნობონ ევროკავშირს, უნდათ თუ არა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ქართველი ხალხისთვის. ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათი ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესების და უფლებების დაცვას ახორციელებენ, საქმიანობის უკანონოდ გამოცხადება მიუთითებს იმაზე, რომ ოცნების მთავრობის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფოს სადამსჯელო ქმედებების წინააღმდეგ დახმარების გარეშე დატოვებაა.
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებით ათასობით ადამიანი რჩება უფასო იურიდიული დახმარებისა და სხვა სერვისების გარეშე. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვდგავართ ჩვენი კოლეგების გვერდით, ვიზიარებთ რა ჩვენს საერთო სწრაფვას თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული საქართველოსთვის”. – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.
განცხადებას შეუერთდა “ევროპულ-ქართული ინსტიტუტიც”.
არჩევნების ბოიკოტის მომხრე 8 პარტია 13 სექტემბერს საპროტესტო მარშს გეგმავს
არა რუსულ რეჟიმს! დაიცავი უვიზო რეჟიმი, დაიცავი დამოუკიდებლობა – 8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე საპროტესტო მარშს გეგმავს.
პარტიები [თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველო, ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა და ფედერალისტები] განცხადებაში მიმართავენ, ყველა ოპოზიციურ პარტიასა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, “ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი: ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე ქართველი ხალხის მოტყუებაში, არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია, უარი თქვით 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობის თანმიმდევრულ გზას”.
“ვიკრიბებით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საპროტესტო მსვლელობას გავმართავთ პარლამენტამდე. ჩვენ ბევრნი ვართ და ვიბრძვით გამარჯვებამდე!” – ნათქვამია განცხადებაში.
ლელომ და გახარიას პარტიამ თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები დაასახელეს
კოალიციამ “ლელო-ძლიერი საქართველო” და პარტიამ “გახარია-საქართველოსთვის” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატები დაასახელეს. 25 კანდიდატიდან 12 ლელოს და 12 – გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელია – 1 კი ნეიტრალური.
“ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თბილისში მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვა, პრობლემების მოგვარება, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თბილისელებისთვის რეალურ გასაჭირზე ხმაური და ამ პრობლემების გადაწყვეტა”, – თქვა ირაკლი კუპრაძემ.
“ლელო – ძლიერი საქართველოსა” და “გახარია-საქართველოსთვის” თბილისის მერობის საერთო კანდიდატი პარტია “ლელოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე იქნება.

