მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, რომელსაც ოპოზიცია არალეგიტუმრად მიიჩნევს, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.
ყაველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას“.
„გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელო“, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.
თუმცა, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე.” – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.
“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მისთვის და მისი პარტიის კიდევ ერთი ლიდერისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის, მოულოდნელი აღმოჩნდა “ე.წ. პრეზიდენტის მიერ შეწყალება”. ეს აქტი მან შეაფასა “დაპირისპირებისა” და “შავი პიარისთვის” გამიზნულ ნაბიჯად. ამასთან, მისი სიტყვებით, არ იცვლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ხაზარაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ლელო – ძლიერი საქართველო“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა პარტიის ლიდერები ციხეში იმყოფებოდნენ.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ციხეში სხვა პოლიტიკოსებთან ერთად აღმოჩნდნენ სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ მაგისტრ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკამყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა “საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის” ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე.
1 სექტემბერს, პროკურატურამ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა – მათ შორის იყო სოციალურ სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძეც, ამის შემდეგ მიქელაძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა.
თამთა მიქელაძის თქმით, გამოკითხვისას დაცვის მხარემ ხაზგასმით ისაუბრა “პოლიციის თვითნებობასა და ძალადობაზე”; როგორც მიქელაძე აღნიშნავს, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომელთათვის შეძენილი რესპირატორული ნიღბები და უსაფრთხოების საშუალებები გაეროსა და ეუთოს მიერ დადგენილი სტანდარტების და პროტოკოლის მიხედვით იყო შეძენილი.
“მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესების მთავარი მიზანი არის სამოქალაქო საზოგადოების განადგურების გეგმის გადაფარვა. კარგად არის ცნობილი, რომ რამდენიმე დღის წინ პროკურატურის შუამდგომლობით შვიდი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მუშაობა გაჩერდა და გაგვხადეს დისფუნქციურები. ამიტომ, მაშინ როცა საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ვხედავთ რუსული ტიპის განადგურებას სამოქალაქო საზოგადოების, ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი – არა ის, რაზეც დღეს გამოძიება ცდილობს, რომ თითქოს გამოგონილი არგუმენტებით ჩვენს პასუხისმგებლობაზე ისაუბროს.
280-ზე მეტი ძალადობის შემთხვევა აქვს დადოკუმენტირებული სახალხო დამცველს – სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები ვსაუბრობთ იმაზე, რომ სპეციალური საშუალებების თანადროული გამოყენება ხდებოდა მიჯრით და არცერთხელ, მხოლოდ ერთი შემთხვევის გარდა, პოლიციამ მოქალაქეები არც კი გააფრთხილა დაშლის შესახებ.” – თქვა მიქელაძემ.
“ქართული ოცნების” პროპაგანდისტი: არანაირი “დიპ სტეიტთან” მებრძოლი ტრამპი არ არსებობს
“ქართული ოცნების” პროპაგანდისტული არხი, POSTV ივანიშვილის პროპაგანდისტის, ზაზა შათირიშვილის ახალ წერილს ავრცელებს, სადაც შათირიშვილი წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბუო “დიფ სტეიტის გადალაგებაში” მონაწილეობენ და “ახალი მეთოდებით ასრულებენ პატრონების დავალებებს”.
“აშშ-ს ოფიციალური პირების მიერ აღიარებულია, რომ ევროკავშირს, უნგრეთის, სერბეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით სწორედ “დიპ სტეიტი” მართავს, რასაც დიდი მიხვედრა და მტკიცება არ სჭირდება. როგორ ფიქრობთ, “დიპ სტეიტის” მიერ მართულმა ევროპამ იმ დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გააკეთა ყველაფერი, რომელიც თითქოს “დიპ სტეიტს” ებრძვის? როგორ ფიქრობთ, ოლიგარქიულმა ოჯახებმა საკუთარი თავის წინააღმდეგ ტრამპს გამარჯვების ქულები ჩაუწერეს? არა, ცხადია. ტრამპიც, რუბიოც და ვენსიც ამ დიდ გადალაგებაში მონაწილეობენ, რასაც “დიპ სტეიტის” ნამოქმედარისგან, მათი ღიად დაშავებულისგან აშშ-ს გაწმენდა ჰქვია. ახლა, როდესაც ყველაფერი სათავისოდ დაალაგეს, ოლიგარქიულ ოჯახებს, იგივე “დიპ სტეიტს” გარკვეული პერიოდის განმავლობაში შელახული რეპუტაციის აღდგენა და იმ მეთოდების ცვლილება სჭირდება, რაც ხალხმა უკვე იცის და საყოველთაოდ გაუვრცელდათ. სწორედ ამას ვგულისხმობ “დიპ სტეიტის” რებრენდინგში.
ახლა რაც შეეხება პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილს, რომელიც თავში ვახსენე – მე იმედი მაქვს, რომ ეს წერილი, რომელშიც სწორად არის გადმოცემული ყველა წუხილი თუ გარკვეული წყენა, იმის მანიშნებელია, რომ სამთავრობო ვერტიკალში აცნობიერებენ პროცესების სინამდვილეს და აცნობიერებენ იმას, რომ არანაირი “დიპ სტეიტთან” მებრძოლი ტრამპი არ არსებობს.” – წერს შათიშრიშვილი.
“ქართული ოცნების” ლიდერები და მათი პროპაგანდა წლებია ავრცელებს კონსპირაციის თეორიებს, რომ აშშ-ს და ევროპის ქვეყნების უმრავლესობას “დიფ სტეიტი” და “გლობალური ომის პარტია” მართავს.
2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ივანიშვილის პარტიამ რიტორიკა შეცვალა და “ოპტიმიზმს გამოთქვამდა, რომ ტრამპი ‘დიფ სტეიტს’ დაამარცხებდა.” თუმცა ანტი-დასავლურმა და პრო-რუსულმა “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების ნორმალიზება.

