„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
11 სექტმებერს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მურთაზ ზოდელავა დააკავეს.
“ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში მოწოდებებს ავრცელებდა და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ქრთამის მიცემას ჰპირდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე უარს იტყოდნენ – ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000$-ის გადახდას.
გარდა ამისა, ხაბეიშვილი 200 000$-ის ქრთამის სახით გადახდას საჯაროდ დაჰპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს მიაწვდიდნენ. ის ამ თანხას ქრთამის სახით გდდ-ს თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც დაჰპირდა”. – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც მოხელისთვის უკანონო ქმედების ჩასადენად ფულის შეთავაზებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალიწინებს.
13 სექტმებერს ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო. მასთან ერთად, ტელეფონის გადამალვის გამო დაკავებული მურთაზ ზოდელავა 25 000 ლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდა.
13 სექტმებერსვე, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარედგინა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების მუხლითაც.
ხაბეიშვილის დაცვის მხარე აცხადებს, რომ ამ თანხას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ბიუჯეტიდან პრემიის სახით ჰპირდებოდა სპეცრაზმელებს.
ლევან ხაბეიშვილი ბოლო თვეების განმავლობაში მუდმივად საუბრობდა “ქართული ოცნების” შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე მოქმედი პრემიერის, ირაკლი კობახიძს და ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის კლანებს შორის. გარდა ამისა, ის საუბრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი კორუფციული გზით გამდიდრებულ მაღალჩინოსნებს თანხების მისთვის მიტანას სთხოვდა.
ამასთანავე, ის იყო 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და აცხადებდა, რომ ამ დღეს ხელისუფლების “მშვიდობიანად დამხობას” გეგმავდა.
თავიდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დააპატიმრეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 სექტემბერს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან – ყოფილ მინისტრს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბურჭულაძის მითითებით, თავისთვის და რ.მ.-სთვის გამორჩენის მისაღებად, თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ, გ.ხ.-მ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვ.ღ.-მ, მინისტრის ახლო ნათესავის, ვ.მ.-ს დახმარებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში, მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 მილიონ 606 272 ლარად ღირებული აპარატი თავდაცვის სამინისტროს 3 მილიონ 940 000 ლარად მიაწოდეს, რის შედეგადაც თავდაცვის სამინისტროს მილიონ 333 728 ლარის ზიანი მიადგა.” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
13 სექტემბერს, სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
“ესპანეთის სახლის ქონება გადავიხადე დედაჩემის ქონებით და ჩემი ქონების გაყიდვით… რაც შეეხება დეკლარაციას, ამ სახლს დეკლარაცია არ უწევდა, 2025 წელს შევიძინე. ამ სახლს არ ვმალავდი, გამოკითხვაზე მე თავად ვუთხრაი და ხელშეკრულებაც მივიტანე… არანაირი მოწმე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ირიბ მოწმეს… 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში” – თქვა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრად მოიაზრება და არსებობს მოსაზრება, რომ მისი დევნის საბოლოო სამიზნე ღარიბაშვილია.
ზურაბიშვილი: ეს არჩევნები შემოგდებული თემაა, არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “საერთოდ არჩევნები (ეს ნათქვამი მაქვს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის), ჩვენი თემა არ უნდა ყოფილიყო, ეს იყო შემოგდებული თემა და ამაზე არ უნდა ყოფილიყო დაყოფა ოპოზიციის.”
“მე ყველგან ვიქნები იქ, სადაც იქნება ერთობა, ამიტომ მე ვთვლი, რომ 13 სექტემბერს უნდა იყოს ძალიან სერიოზული ერთობა. 4 ოქტომბერსაც ექნება ერთობა და… მე ვიქნები ყველგან, სადაც იქნება ყველა და იქნება ერთობა. შეიძლება, მე რაღაც სიტყვებს არ ვემხრობოდე, იმიტომ, რომ არ უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას არანაირი საბაბი – თავისი დესტაბილიზაციის სცენარები დაატრიალოს და ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასეთი დესტაბილიზაციის სცენარები.” – თქვა მან.
“მე არ ვეთანხმები იმათ, ვინც იღებენ ამ არჩევნებში მონაწლეობას, მე არ მგონია, ბოიკოტიც ყოფილიყო საჭირო, იმიტომ, რომ არ არსებობს ეს არჩევნები, ეს არის არაფერი, ეს არის სიმულაცია არჩევნების და რატომღაც ოპოზიციური პარტიები შევიდნენ ამ თემაში. ერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთად დგომა და ეს არის ის, რაც გაგვიძლიერებს ამერიკის და ევროკავშირის ყურადღებას და მხარდაჭერას.” – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. მასში მონაწილეობას ოპოზიიცური პარტიებიდან “ლელო – ძლიერი საქართველო”, “გახარია – საქართველოსთვის”, “გირჩი” გეგმავენ, ხოლო ბოიკოტს “კოალიცია ცვლილებებისთვის”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ჯამში 8 პარტია უცხადებენ.

