“ლელო – ძლიერი საქართველოს” ბოლნისის მერობის კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა ოცნების სასარგებლოდ მოხსნა
“ლელო – ძლიერი საქართველოს” ბოლნისის მერობის კანდიდატმა, ასაფ ჩირაგოვმა საკუთარი კანდიდატურა ქართული ოცნების კანდიდატის, ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ მოხსნა.
“საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ბოლნისის მოსახლეობამ, კარგად იცის, რომ პოლიტიკურმა პარტია ლელომ ბოლნისში მერობის კანდიდატად დამასახელა. აღნიშნულ შემოთავაზებაზე თანხმობა მხოლოდ იმიტომ განვაცხადე, რომ ნამდვილად მაქვს სურვილი, ჩემი შესაძლებლობები მშობლიურ მხარეზე ზრუნვას მოვახმარო.
სამწუხაროდ, ძალიან მალე დავრწმუნდი, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, ჩემი რესურსი და გულწრფელი სურვილი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, ინსტრუმენტად გამოიყენონ. მეორე მხრივ, დავრწმუნდი, რომ ქართული ოცნების კანდიდატი, ბატონი ზამურ ჭითანავა, გამარჯვების შემდეგ მართლაც იზრუნებს ბოლნისის განვითარებასა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე.” – დაწერა ჩირაგოვმა სოციალურ ქსელში.
“ლელო – ძლიერი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა და გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ თავად ჩირაგოვმა უთხრა კოალიციის წევრებს, რომ მისმა ნათასევმა, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსანია, თანხა შესთავაზა კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ. კუპრაძე ვარაუდობს, რომ მოგვიანებით მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა.
საქართველოს შინაგან საქამეთა მინისტრი ჩინეთში ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის სანქცირებულ უფროსს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძე ჩინეთში ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის სანქცირებულ თავმჯდომარეს, დმიტრი გორას შეხვდა.
“ბელარუსმა და საქართველომ სისხლის სამართლის საქმეებზე იურიდიული დახმარების გაწევა განიხილეს,” – ამის შესახებ БЕЛТА-ს ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტში განუცხადეს.
შეხვედრა ჩინეთის ქალაქ ლიანიუნგანში შედგა, სადაც “გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმი” იმართება.
ბელარუსული გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ასევე შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები, საგამოძიებო პროცესების გაციფრულების პროცესი, თანამედროვე ანალიტიკური ინსტრუმენტების დანერგვა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებიც განიხილეს.
დმიტრი გორა აშშ-სა და ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის მიერაა სანქცირებული.
ივანიშვილი გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა.
“ქართული ოცნების” ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ჟორჟოლიანი.
“მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და მაქვს პატივი, გიმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ.
მისასალმებელია, რომ კიდევ უფრო მყარი ხდება საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროების შორის ეკონომიკური კავშირი, რაც მომავალში სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისათვის. ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს. მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის მიმართ გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და პარტნიორული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა.
ბოლო თვეების განმავლობაში ეს არის ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი შეხვედრა, რომლის შესახებაც “ქართულმა ოცნებამ” ინფორმაცია გაავრცელა. რამდენიმე თვის წინ, მას შეხვედრა სთხოვა აშშ-ის იმდროინდელმა ელჩმა რობინ დანიგანმა, თუმცა უარი მიიღო.

