ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა – პროკურატურა

გენერალური პროკურორის თქმით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა ჩატარდა.

“საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს დილის ათი საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა.

ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების/სახლების და პირადი ჩხრეკები.

ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას პერიოდულად, დამატებით მივაწვდით ინფორმაციას” – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

ირაკლი ღარიბაშვილი 2013-15 და 2021-24 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2019-21 წლებში თავდაცვის მინისტრი, ხოლო 2012-13 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ამავადრიულად, ის ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლებოდა. მის წინააღმდეგ ოპოზიციისა და მედიის მხრიდან მრავალი კორუფციული ბრალდება არსებობდა. ცოტა ხნის წინ, კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს მისი გარემოცვის წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

გრიგოლ ლილუაშვილი 2019-25 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. წარსულში ის ბიძინა ივანიშვილის კომპანიების დირექტორი და მისი გარემოცვის წევრი იყო. 24 სექტმებერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფულის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ამავე უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავზე ძებნა გამოაცხადა.

ოთარ ფარცხალაძე 2013 წელს მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მოიპოვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. 2023 წლის 14 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC), საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, რუს-ქართველ ოლიგარქად მოხსენიებულ ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB) თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა.

კობახიძე პარტიების აკრძალვაზე: შეიძლება იყოს ათამდე პარტია მცირე პარტიების ჩათვლით 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი ზუსტი სია, რომელი პარტიების აკრძალვას მოითხოვს ქართული ოცნება.

“ქართული ოცნება იღებს 12 წლის თავზე საპარლამენტო არჩევნებზე 54%-ს და 13 წლის თავზე თვითმმართველობის არჩევნებზე 82%-ს, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მეორე მხარეს ჩვენი ალტერნატივა არის დანაშაულებრივი სისხლიანი პოლიტიკური ძალა უცხოური აგენტურა. აქ რომ იყოს მეორე მხარეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, ჩვენ შეიძლება 54% ვეღარ ავიღოთ, რადგან რეალური კონკურენცია გაჩნდება. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს  სუბიექტური ინტერესებიდან წამოსული ინიციატივა კი არ არის, ეს არის ობიექტური, ქვეყნის ინტერესებიდან წამოსული ინიციატივა, რომ გაჯანსაღდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი პოლიტიკური სისტემა, რომ ვიღაცის მოსვლა ხელისუფლებაში, კოლექტიური ნაცმოძრაობის, არ ნიშნავდეს კატასტროფას ქვეყნისთვის.” – თქვა მან.

16 ოქტომბერს, პარლამენტში პარტიების აკრძალვის თანმდევი კანონების ცვლილებას II მოსმენით მხარი დაუჭირეს.

საკანონმდებლო ცვლილებებით, თუ კონკრეტული პარტია იკრძალება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ პასიური საარჩევნო უფლებით, ანუ მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეულები, მაგალითად – საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად, მათ შეეზღუდებათ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე, ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.

პარტიას, რომელიც ასეთ პირს თავის რიგებში გააწევრებს და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება – ჯარიმა, ხოლო თუ კონკრეტული პარტიის მნიშვნელოვნად მეტი ადამიანი ახალ პარტიაში გაწევრიანების შემდეგ გადაწყვეტილების მიმღები იქნება, ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტული პარტიის აკრძალვა არის შესაძლებელი, როგორც ე.წ. მემკვიდრე პარტიის.

“ქართული ოცნება” ამზადებს საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც უნდა გახდეს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს.

შსს-მ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გზის “უკანონოდ გადაკეტვისთვის” დააჯარიმა

შსს-მ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი გზის “უკანონოდ გადაკეტვისთვის” 5 000 ლარით დააჯარიმა.

ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, 14 ოქტომბერს ის შეხვდა საგარეო საქმეთა მინსიტრ მაკა ბოჭორიშვილს, ხოლო საღამოს რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდა.

“თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიულ მიმართულებაზე. მათ აქვთ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების სრული უფლება. აქ მათ მხარდასაჭერად ვართ.” – დაწერა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელ X-ზე რუსთაველის გამზირიდან.

15 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრა გააუქმა. ამის შემდეგ, ფინურმა გამოცემა Helsingin Sanomat-მა დაწერა, რომ მათთან სატელეფონო საუბარში ვალტონენმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა. 

ვალტონენის თქმით, გადაწყვეტილება ფინურმა მხარემ განრიგის ცვილების გამო მიიღო და ქართულ მხარეს 14 ოქტომბერს, ღამით შეატყობინა. “შეხვედრის გაუქმება აზერბაიჯანში დროზე ჩასვლის გამო მომიწია” – თქვა მინისტრმა.

ვენეციის კომისიამ ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონები გააკრიტიკა

ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ, ვენეციის კომისიამ ქართული ოცნების მიერ მიღებულ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტსა” და ბოლო პერიოდში მიღებულ სხვა კანონმდებლობებზე კრიტიკული შეფასება გამოაქვეყნა.

“ქართული FARA”: კანონის სიზოგადე “საშუალებას იძლევა განურჩევლად იყოს გამოყენებული, ადამიანთა ფართო სპექტრზე, იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა რეალური აგენტური კავშირი უცხოელ აქტორთან, რაც არ არის არც აუცილებელი და არც პროპორციული”.  აღნიშნულია, რომ “უცხოური პრინციპალის აგენტის” იარლიყი არის “თავისი არსით სტიგმატიზაციის გამომწვევი და ზღუდავს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას.” აღსრულების ძალაუფლება არის ანტიკორუფციული ბიუროს ხელში, რომელსაც “არ აქვს დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალურობის საკმარისი გარანტიები.”

ის ქმნის “კანონის უზენაესობის, სამოქალაქო სივრცისა და დემოკრატიული თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრის საფრთხეს.” დამატებით, ნათქვამია, რომ მისი უცხოური გამჭვირვალობის კანონის პარალელურად მიღება, იწვევს გაურკვევლობას. ვენეციის კომისია ამ კანონის ჩანაცვლების რეკომენდაციას გასცემს.

გრანტების კანონი: ვენეციის კომისია გრანტების კანონთან დაკავშირებით წერს, შეტანილ შესწორებებს, უცხოური გრანტების მისაღებად მთავრობის თანხმობის შესახებ, პროპორციულობისა და აუცილებლობის თვალსაზრისით აკლია გამართლების საფუძველი. აღნიშნულია, რომ ეს შესწორებები არ განმარტავს უცხოური გრანტის მიღებაზე უარის თქმის მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს და “არ შეიცავს სათანადო გარანტიებს, რის შედეგადაც რჩება ფართო სივრცე თვითნებური ან დისკრიმინაციული გამოყენებისთვის.”

ვენეციის კომისია ქართულ ოცნებას ასევე აძლევს რეკომენდაციას, რომ მომავალში საქართველოს კანონმდებლობის შემუშავებისა და მიღების პროცესი იყოს ინკლუზიური, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმურობა და ფართო საზოგადოების მიერ მიღება. კომისია გამოთქვამს წუხილს, რომ ქართულმა ოცნებამ არ მოინდომა ჩართული ყოფილიყო ამ მოსაზრების მომზადებაში. ვენეციის კომისია მზადაა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დახმარება გაუწიოს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის ბოლო ანგარიში ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებზე, “ყველაზე კარგი მაგალითია, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკური დასკვნების შემდგენლად და არა სამართლებრივის.” მისი თქმით, ხელისუფლება ამ კანონებს არ გააუქმებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.