რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი 16 ოქტომბერს მოაწერა. აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა ახლა უკვე სისხლის სამართლის წესითაც გახდა დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

უკვე მოქმედი ცვლილებებით, ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული: აქციაზე ნიღბის ტარებისთვის; ცრემლმდენი საშუალების ფლობისთვის და გზის გადაკეტვისთვის.

ახალი კანონის აღსრულება პოლიციამ მალევე დაიწყო და ბოლო რამდენიმე დღეა მასიურად აპატირემებენ ადამიანებს, ვინც რუსთაველის გამზირს პროტესტის ნიშნად კეტავს.

24 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში აკავებდნენ წინა დღეს, რუსთაველის გამზირზე ჩატარებული აქციის მონაწილეებს. სოციალურ ქსელში ვრცელდება დაკავებულთა სახელები და გვარები, რომელთა შორის არიან პოლიტპატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე, ასევე, იურისტ გიორგი მშვენიერაძის შვილი, დავით მშვენიერაძე, პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თენგო კირთაძე, პარტია დროას ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა, ასევე მწერალი ზვიად კვარაცხელია, საქართველოს საზოგადოებრივი მაწუყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე და სხვა ადამიანები.

ყოფილ პრემიერ ღარიბაშვილს სასამართლომ მილიონ ლარიანი გირაო შეუფარდა

ქართული ოცნების მთავრობის ყოფილ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.

გარდა გირაოსა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ღარიბაშვილს პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა დაუწესეს. პროკურორის ნათია თათიაშვილის განცხადებით, არსებობს “ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებებს გააქრობის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე”, რის გამოც, ღარიბაშვილისთვის 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება და პასპორტის ჩამორთმევა მოითხოვა. 

დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას დაეთანხმა. აღკვეთის ღონისძიებას დაეთანხმა ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც. “ვეთანხმები, რა თქმა უნდა, სათქმელი არ მაქვს” – თქვა ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე.

გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ღარიბაშვილი “ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს” და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

ლელო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს

ლელო-ძლიერი საქართველო ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე ქართული ოცნების სარჩელს, რომლის შეტანასაც ისინი უახლოეს პერიოდში აპირებენ, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. 

“ანტიქართული ოცნება საქართველოში დემოკრატიისა და მრავალპარტიული პლურალიზმის დევნასა და განადგურებას აგრძელებს. ივანიშვილის რუსული დავალება მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, რომ საქართველოში ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი დაანგრიოს და გაანადგუროს და მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროპული განვითარების შესაძლებლობა შეუზღუდოს. ივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შევიტანთ, რომლითაც ანტიკოსტიტუციური მუხლების გაბათილებასა და საკონსტიტუციო სასამართლოსგან დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენებას მოვითხოვთ.” – თქვა კუპრაძემ.

კუპრაძის თქმით, ისინი სარჩელს სტრასბურგის სასამართლოშიც შეიტანენ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 14 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე ისაუბრა, რომლის შეტანასაც ქართული ოცნება სასამართლოში უახლოეს მომავალში აპირებს. საუბარია ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე.

ქართული ოცნების მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა “არსებითად იმეორებს”  სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.