ქართული ოცნების მიერ მიღებული რეპრესიული და რუსული კანონმდებლობის მიღების გამო, რომელიც მიზნად ისახავს ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვას, ევროპულ–ქართულმა ინსტიტუტმა მიიღო რთული, თუმცა აუცილებელი გადაწყვეტილება — დროებით შეაჩეროს საპროექტო საქმიანობა. აღნიშნული კანონები ქმნის გარემოს, სადაც სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი ორგანიზაციები ექცევიან სამართლებრივი გაურკვევლობის, თვითნებური ზეწოლისა და სერიოზული რისკების წინაშე მათი თანამშრომლების, პარტნიორებისა და ბენეფიციარებისთვის. ასეთ პირობებში საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება ეწინააღმდეგება ჩვენს პრინციპებს და საფრთხეს უქმნის ჩართულ პირებს.

ეს პაუზა არ წარმოადგენს უკან დახევას, არამედ არის პასუხისმგებლიანი ნაბიჯი დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანური ღირსებისა და ინსტიტუციური მთლიანობის დასაცავად. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი რჩება ერთგული საქართველოს ევროპული მომავლისა და ჩვენი სამშობლოს თავისუფლების. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და მზად ვიქნებით, განვაახლოთ საქმიანობა მაშინვე, როგორც კი სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო შესაძლებელს გახდის არსებით, უსაფრთხო და პრინციპულ ჩართულობას.