„ქართული ოცნების“ მერიტოკრატიული ტოტალიტარიზმი – ხელისუფლების ძალაუფლების პოლიტიკურ-თეორიული ანალიზი

საქართველოს ხელისუფლების მმართველობითი ფაზა 2025 წლის მიწურულისათვის ხასიათდება ტოტალიტარიზმის თანმიმდევრული გავრცელებით, სადაც დიქტატის ფაზა უკვე გადასულია ღია ტოტალიტარული მოდიფიკაციით. თუმცა, ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებები ტოტალიტარიზმის ერთგვარ ვარიაციას ავლენს.

ამის გასააზრებლად მნიშვნელოვანია მივყვეთ რამდენიმე გადაწყვეტილების და ახლო ვადიან პერსპექტივაში სავარაუდო მოვლენები გავაანალიზოთ. მნიშვნელოვანია რას ქმნის ხელისუფლება მოვლენათა და გადაწყვეტილებათა არსებული ერთობლიობით? ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მეტნაკლებად პროგნოზირებადი გახდეს ხელისუფლების სამომავლო პოლიტიკური ძალისხმევა.

პროცესისადმი კვალიფიკაციისათვის რამდენიმე არსებითი დეტალი იკვეთება ხელისუფლების ბოლო დროინდელ ტენდენციებში (2025 წლის მიწურულისათვის), რაც თავისებურ ტენდენციასა და პოლიტიკური წარმოების მატრიცას ქმნის. ანალიზის ერთეულებად ავიღე რამდენიმე ბოლო სახელისუფლებო გადაწყვეტილება, მათი პრეცენდენტული გაანალიზებისა და თეორიული კონცეპტების მიხედვით კი დავადგენ მოცემული ანალიზური ერთეულების განზოგადებულ ფორმაციას:

  1. ხელისუფლება უკრძალავს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ემიგრანტებს.
  2. განათლების რეფორმის ფარგლებში გარკვეული ინტელექტუალურ-აკადემიური ჯგუფები შეიზღუდება.
  3. ხელისუფლება აანონსებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაუქმებას.
  4. ხელისუფლება „ფარას“ კანონით არასამთავრობო ორგანიზაციებს და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ჯგუფებს აბანკროტებს.
  5. ხელისუფლების „ანტიკორუფციული“ საქმიანობა სახელისუფლებო სტრუქტურებში.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესო ხდება სახელმწიფოს მოწყობის მოდელში საამომრჩევლო უფლების შეზღუდვაც, რისკენ შეიძლება იყოს მიმართული მსგავსი სახელისუფლებო ძალისხმევა, მაშინ როდესაც საქართველოს ემიგრანტების წილი არჩევნებზე მისული საერთო რაოდენობის მხოლოდ უმცირესი ნაწილია? თუ ემიგრანტულ ხმებს არსებული პრაქტიკით არჩევნების შედეგებზე არსებითი ზემოქმედების უნარი არ გააჩნია, მაშინ რას აძლევს ხელისუფლებას მსგავსი გადაწყვეტილებები?

ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ასევე უნდა მივმართოთ ხსენებული რამდენიმე გადაწყვეტილება (განათლების რეფორმის ფაქტორები, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ფაქტორი, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ქსელის განულების ფაქტორი და ა.შ.), პარალელურად კი უნდა ვახსენოთ მმართველობის ისეთი ტიპი, როგორიც მერიტოკრატიაა.

მერიტოკრატია, ეს არის მმართველობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება და შესაძლებლობები ენიჭება სპეციფიურ ჯგუფებს „დამსახურებებისა“ და „აღიარებათა“ სინთეზში, პოლიტიკურ კონტექსტში კი იგულისხმება ძალაუფლების მიერ, ანუ ხელისუფლების მიერ აღიარებულ პირთა ერთობლიობას.

თუ დემოკრატიაში საქმე გვაქვს ხალხის ნებასთან, მერიტოკრატიაში ინდივიდუალურ დამსახურება ხდება პრიორიტეტული. თუ დემოკრატიის რისკია პოპულიზმი და მასებზე მანიპულაცია, მერიტოკრატიაში ეს რისკია ელიტიზმი და უთანასწორობა, ასევე არსებითი მანკიერება შეიძლება გახდეს მერიტოკრატიაში არაცვლადი („მუდმივმოქმედი“) ელიტების საშიშროები.

პოლიტიკურ მეცნიერებებში მერიტოკრატიას აღიქვამენ როგორც დემოკრატიის ჰიბრიდულ ვარიაციას, თუმცა მისი ძირითადი რისკი დემოკრატიიდან არსებითი გადახრაა ტოტალიტარული სინდრომისკენ, კერძოდ, ჩნდება სოციალური უთანასწორობა, სადაც  საუკეთესო შესაძლებლობებთან წვდომა ყოველთვის თანაბარი არაა, ეს „დამსახურების“ შეფასებას ფუნქციურად მიკერძოებულს ხდის. ასევე ჩნდება ფარული ელიტიზმი, სადაც შეიძლება ჩამოყალიბდეს დახურული, ავტორიტარული ტექნოკრატიული ელიტა და შესაბამისად, დემოკრატია შეიძლება გაქრეს, რადგან გადაწყვეტილებების მიღება გადადის არა არჩეულ, არამედ სპეციფიურ ჯგუფებში. სწორედ ეს მახასიათებლები გადადის ტოტალიტარული მმართველობის მოდელში, რაც მერიტოკრატიის გატოტალიტარულების თეორიულ რისკად ხასიათდება. ტოტალიტარული რეჟიმები ხშირად ამართლებენ ძალაუფლებას აღიარების მიხედვით – ძალაუფლებისთვის „საუკეთესო“, ძალაუფლებისთვის „უფრო განათლებულის“, ძალაუფლებისთვის „ყველაზე კომპეტენტურის“ სახელით, სადაც „ძალაუფლება“ გაიგივებულია ქვეყნისთვის უნივერსალურ სიკეთესთან, რაც ხდება მთავარი ინდიკატორი.

მერიტოკრატიულმა სისტემამ შეიძლება შექმნას – ძლიერ იერარქიული სოციალური სტრუქტურა, მკაცრი „ზედა“ კლასის ჩამოყალიბება, ძალაუფლებისადმი „დამსახურებისა“ და „ღირსების“ კონცეფციის დანერგვა. ამგვარი იერარქიულობა „ამართლებს“ საზოგადოების „სწორად“ გადანაწილებას „კარგად ფუნქციონირების“ სახელით – რაც ტოტალიტარიზმისთვის ტიპური მახასიათებელია.

ტოტალიტარული მერიტოკრატიული სისტემისათვის ადამიანი იმის მიხედვით ფასდება, თუ რამდენად შედეგიანი და ეფექტიანია ძალაუფლებისათვის და რამდენად აკმაყოფილებს ტოტალიტარული სისტემის მოთხოვნებს. ტოტალიტარული რეჟიმების მთავარი ძალისხმევაც ისაა, რომ ინდივიდის მთელი ცხოვრება და საქმიანობა ჩასვან „სწორი ფუნქციის“ ჩარჩოში.

ამ მხრივ, საინტერესოა, რომ 2025 წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებისათვის ემიგრანტებისთვის უცხო ქვეყნებში არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვის გამოხატული მოტივაცია სწორედ იმ კონცეპტზეა აგებული, რომლის მიხედვითაც ემიგრანტებს თითქოსდა არ გააჩნიათ გაცნობიერებული არჩევანის ხელმისაწვდომობა. მოცემული მიდგომა პირდაპირ ჯდება ძალაუფლების სისტემისათვის „სწორი ფუნქციის“ თეორიულ ჩარჩოში, რაც პირდაპირ კრძალავს მოქალაქის ხელმწისაწვდომობას (ამ შემთხვევაში ემიგრანტების) გადაწყვეტილების თანამონაწილეობის კუთხით. მიმდინარე ეტაპზე შედარებით „ირიბად“, თუმცა ამავე ჩარჩოში ჯდება სტატიაში ზემოთ მოყვანილი გადაწყვეტილებები, რომელიც განათლების და აკადემიური სივრცის დიფერენციაციას ისახავს მიზნად, ასევე არასახელისუფლებო პოლიტიკური პარტიების და თავად სახელისუფლებო სტრუსტურებში შიდა „ელიტების“ გადანაწილების მოდიფიკაციას („ანტიკორუფციული ძალისხმევა“).

როდესაც ვმსჯელობ ტოტალიტარიზმის დამკვიდრების კვალიფიკაციაზე, ამ კვალიფიკაციის საწინააღმდეგოდ ოპონენტური აზრი ის არის, რომ ტოტალიტარიზმი აგებულია იდეოლოგიურ საწყისებზე, რაც „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია, მერიტოკრატიული მოწყობა კი ამ ფაქტორსაც აგვარებს, კერძოდ,  მოცემულობა, რომლის მიხედვითაც მერიტოკრატია გადადის იმ წერტილამდე, სადაც „დამსახურება“ ხდება უმაღლესი პოლიტიკური, მორალური და სოციალური ღირებულება, ხოლო სისტემა საკუთარ თავს წარმოაჩენს ერთადერთ „ნამდვილად სამართლიან“ წესრიგად, სისტემა თავად გარდაიქმნება იდეოლოგიად, რომელსაც აღარ ექნება თვითკრიტიკის ან ცვლილების სივრცე. ეს უკანასკნელი კი ტოტალიტარიზმის ატრიბუტია, რა დროსაც ტოტალიტარიზმი იდეოლოგიას იყენებს როგორც ყველაფრის განმსაზღვრელ პრინციპს.

შესაბამისად, ელიტების დახურვა, შერჩევის ცენტრალიზება, საზოგადოების იერარქიზაცია, თავისუფლებების ფუნქციონალური შეზღუდვა და ტექნოკრატიული კონტროლის გაძლიერება მერიტოკრატიას ტოტალიტარულ ჰიბრიდად აქცევს. დამსახურებაზე“ დამყარებული ელიტა შეიძლება იქცევა თვითლეგიტიმირებულ, შეუცვლელ კლასად, რომელსაც მასების მიმართ პატერნალისტური დამოკიდებულება აქვს. მოცემულ შემთხვევაში, პატერნალიზმი არის სახელმწიფოს მიერ ადამიანის თავისუფლებასა და ავტონომიაში ჩარევა იმ მოტივით, რომ ამით იგი სიკეთეს უკეთებს მას, მაგალითად, საფრთხისგან იცავს. ეს ჩარევა ხშირად იძულებით ხასიათს ატარებს და ტოტალიტარულ სისტემებში ხშირია.

ამრიგად, რამდენადაც მერიტოკრატიული სისტემა ქმნის პირობებს, სადაც ძალაუფლება კონცენტრირდება მაღალი კვალიფიკაციის მქონე, „რჩეულ“ ადმინისტრაციულ-ტექნიკურ ელიტებში, ხოლო ტოტალიტარიზმისთვის დამახასიათებელია ვიწრო, დახურული ელიტა და მოსახლეობის „უუნარო მასად“ აღქმა, 2026 წლისთვის საქმე გვაქვს „ქართული ოცნების“ ძალისხმევასთან, შექმნას მერიტოკრატიული ტოტალიტარიზმის ერთგვარი ჰიბრიდული მოდელი.

ძალაუფლების სამომავლო მოდელის სავარაუდო კვალიფიკაციის შემდგომ, საინტერესო ხდება, როგორ გაგრძელდება სახელისუფლებო გადაწყვეტილებები, თუ საქმე გვაქვს მერიტოკრატიული ტოტალიტარიზმის დამყარების ძალისხმევასთან?

მსგავს შემთხვევაში, სტატიაში ნახსენები გადაწყვეტილებები განზოგადდება და მიიღებს  პრეცენდენტების გაფართოების ფუნქციას, რის შედეგადაც:

  • „სოციალური უთანასწორობის“ მერიტოკრატიულ კონტექსტში, „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ძალისხმევას არჩევნების მოდიფიცირების მიმართულებით. შესაძლოა გაგრძელდეს ისეთი სამოქალაქო ჯგუფების „დადგენა“, რომლებიც ვერ მიიღებენ არჩევნებში ვერც მონაწილეობას (პოლიტიკური პარტიების მონაწილეობის შეზღუდვა, პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირების შეზღუდვა და ა.შ.) და ვერც ხმის მიცემის უფლებას (ამომრჩევლების სეგმენტაციის გაგრძელება, ვისაც არ „ძალუძს“ გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება „ემიგრანტების“ პრეცენდენტის შესაბამისად, გაფართოვდება ჯგუფები, რომელთათვისაც გართულდება და შემდგომ შეიზღუდება არჩევნებში მონაწილეობა).
  • „ქართული ოცნება“ გააგრძელებს შიდა კოლექტივისტურ დიფერენციაციას და შიდა „რჩეულ“ ადმინისტრაციულ-ტექნიკური ელიტის ფორმირებას (ანტიკორუფციული დეკლარირებით წარმოებული შიდა  კოლექტიური პრეცენდენტები).
  • „სწორი ფუნქციის“ მინიჭების კონტექსტში, „ქართული ოცნება“ გააგრძელებს არასახელისუფლებო სივრცეში ორიენტირებას და სისტემისგან დამოუკიდებელი ჯგუფების კომპლექსურ ჩანაცვლებას სისტემისთვის დამსახურებული და აღიარებული ჯგუფებით. ეს შეეხება აკადემიურ, პოლიტიკურ, მედია, სამოქალაქო და სხვა მიმართულებებს, რომლის პროცესიც უკვე დაწყებულია, 2026 წლისთვის კი გაძლიერდება.
  • „ღირსების“ სისტემური აღიარების კუთხით, ასევე დამატებით იდეოლოგიური კონტექსტის კუთხით, ელიტების ფორმირების პროცესი შეეხება საეკლესიო სექტორსაც, რომელიც ამ ეტაპზე თითქოს მონოლითურ და უკვე დაქვემდებარებულ ერთეულად მოჩანს, თუმცა ბოლო პერიოდში საეკლესიო პირების ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობა საეკლესიო ელიტის „განწმენდასაც“ შეეხება (დოროთე ყურაშვილის და სხვა სასულიერო პირების პრეცენდენტი).
  • ცალკე აღსანიშნია საგარეო კონტექსტი, როგორც ხელისუფლების ძალაუფლების მალეგიტიმირებელი ფაქტორი, იმის პარალელურად, როდესაც ხდება აქამდე არსებული ტრადიციული საპარტნირო სივრცის (ევროკავშირი, აშშ) ჩანაცვლება ავტორიტარულ-ტოტალიტარული საპარტნიორო სივრცით და მათთვის „დამსახურებათა“ და „აღიარებათა“ მინიჭებით (არაბული ინვესტიციები, ავტორიტარულ სამყაროსთან კომუნიკაციური დაახლოვება), როგორც ქვეყნის „უნიკალური სიკეთის“ ქმნადობის ილუზია, რომელთანაც უნდა გაიგივდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, სადაც წარმოდგენილი იქნება ევროკავშირი, როგორც იდენტობის წამრთმევი და საფრთხის შემცველი კონცეპტი, ხოლო ავტორიტარული სამყაროს სიახლოვე, როგორც სუვერენულობისა და უსაფრთხოების, მათ შორის ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიც.
  • „ქართული ოცნების“ მერიტოკრატიული სისტემის გამძაფრებისათვის, შესაძლოა განხილვადი იყოს ახალი საპარლამენტო მოცემულობის შექმნა, ელიტების ფორმირების კუთხით „რჩეულობის“ კონცეპტის გასამყარებლად, რომელიც პოლიტიკური ელიტების ფორმირებას არსებითად საკვანძო ეტაპამდე მიიყვანს – ან აკრძალული პარტიების თანამონაწილეობის შეუძლებლობის გზით, ან არ აკრძალვის შემთხვევაში მათი პარტიული პოლიტიკის გაბანკროტების გზით და ახალი ოპონირებითი სივრცის ფორმაციით, როგორც საპარლამენტო, ასევე პარლამენტს მიღმა პოლიტიკური პროცესის და პოლიტიკური ელიტების მოდიფიკაციით.
მერიტოკრატიული ტოტალიტარიზმის ქმნადობის პროცესი 2025 წლის დასასრულისათვის
მერიტოკრატიული ტოტალიტარიზმის თეორიული ჩარჩო ხელისუფლების გადაწყვეტილებები და ქმედებები მერიტოკრატიული ტოტალიტარიზმის დამკვიდრების პროცესი („დამსახურებული“ ელიტის ქმნადობა)
1 „გაცნობიერებული არჩევანის უუნარო ჯგუფის“ გამოყოფა ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა ემიგრანტებს „არ გააჩნიათ გაცნობიერებული არჩევანის ხელმისაწვდომობა“ (როგორც ხელისუფლების მოტივაციაა), ეს ქმნის იერარქიას ამომრჩევლებს შორის: „უნარიანი“ (ქვეყანაში მცხოვრები, „სისტემისთვის სწორი ფუნქციის“ მქონე) და „უუნარო“ (ემიგრანტები). ეს პირდაპირ ამკვიდრებს ტოტალიტარული ელიტის ხედვას „უუნარო მასებზე“, ვისი გადაწყვეტილების მიღებაც სისტემამ უნდა აკონტროლოს.
2 ინტელექტუალური და „აღიარებული“ ელიტის ცენტრალიზებული შერჩევა განათლების რეფორმით აკადემიური ჯგუფების შეზღუდვა განათლებისა და მეცნიერების სფერო ხდება  „დამსახურების“ სისტემის ძირითადი ბირთვი. მისი რეფორმირება ემსახურება სისტემისთვის „სწორი“ აკადემიური ელიტის შერჩევას. „არასწორი“ აკადემიური ჯგუფების შეზღუდვით, ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილი მოემსახუროს და ლეგიტიმაცია გაუკეთოს მმართველ ელიტას (ტექნოკრატიული კონტროლის გაძლიერება).
3 პოლიტიკური „დამსახურების“ მონოპოლიზაცია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაუქმების ანონსი / ან სხვა ხერხით მათი ჩანაცვლება პოლიტიკური პარტიების გაუქმება ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე „წარმატების“ მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი ცენტრის მიერ აღიარებული დამსახურებით. ეს ხურავს ელიტას და შეუცვლელს ხდის მმართველ ძალას, რომელიც თავს წარმოაჩენს ერთადერთ „კომპეტენტურ“ და „სისტემისთვის ღირსეულ“ ძალად.
4 ალტერნატიული „დამსახურების“ და ღირებულებების განულება „ფარას“ კანონით არასამთავრობო ორგანიზაციების გაბანკროტება არასამთავრობო სექტორის, როგორც არასახელისუფლებო სექტორის  განულებით, სისტემა ქმნის ვაკუუმს, რომელიც უნდა შეავსოს სისტემისთვის „დამსახურებულმა“ (სახელისუფლებო) ჯგუფებმა. ეს უზრუნველყოფს, რომ ყველა „სწორი ფუნქცია“ საზოგადოებაში (სამოქალაქო აქტივობა, მედია) კონტროლდებოდეს ცენტრალური ელიტის მიერ.
5 შიდა „რჩეული“ ადმინისტრაციულ-ტექნიკური ელიტის ფორმირება სახელისუფლებო სტრუქტურებში „ანტიკორუფციული“ საქმიანობა ეს ძალისხმევა, ერთი შეხედვით პოზიტიური, გამოიყენება, როგორც შიდა წმენდის მექანიზმი, თუმცა მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტში მაღალია რისკი იმის, რომ პროცესი ემსახურება ძველი ელიტების ჩანაცვლებას ახალი, ცენტრალური ძალაუფლებისთვის ლოიალური და „კომპეტენტური“ (სისტემის მიერ აღიარებული დამსახურების) პირებით. ეს ქმნის მკაცრ იერარქიულ სოციალურ სტრუქტურას, რომლის სათავეშიც დგას შეუცვლელი ტექნოკრატიული კლასი.

 

მოცემული აქტივობების განხორციელებით, საბოლოოდ ფორმირდება სისტემა, სადაც:

1) გარე ლეგიტიმაცია ნადგურდება – ემიგრანტები და ოპოზიცია კარგავენ პოლიტიკური ლეგიტიმაციის უფლებას, ხოლო არასამთავრობოები – სამოქალაქო ლეგიტიმაციის უფლებას.

2) შიდა ლეგიტიმაცია კონსოლიდირდება – ძალაუფლება გადადის შიდა, დახურული და ტექნოკრატიული ელიტის ხელში, რომელიც საკუთარ თავს ამართლებს „კომპეტენციით“ და „დამსახურებით“ (სისტემისთვის „სწორი ფუნქციით“).

შესაბამისად, მოცემული გადაწყვეტილებები ერთდროულად ანადგურებს დემოკრატიულ კონტროლს და აყალიბებს თვითლეგიტიმირებულ მმართველ ელიტას.

სტატიაში მოყვანილი მერიტოკრატიული ტოტალიტარიზმის ჰიბრიდული კონცეფცია, პოლიტიკური ფილოსოფიის კუთხით, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ტოტალიტარიზმის ჩამოყალიბების პროცესი. მოცემული მოდელის მიხედვით, ამ ფორმაციის ტოტალიტარულ სისტემას არ სჭირდება კლასიკური იდეოლოგია (კომუნიზმი, ფაშიზმი). მას შეუძლია გამოიყენოს „კომპეტენციის“ და „დამსახურების“ იდეა საკუთარი თავის ლეგიტიმაციისთვის, სადაც მმართველი ელიტა თავს ქვეყნის ერთადერთ „გონიერ“ და „უნარიან“ მმართველად წარმოაჩენს. ცალკე კვლევის თემაა ფაქტორები და მიზნები, რომელმაც მიიყვანა „ქართული ოცნება“ მერიტოკრატიული ტოტალიტარიზმის შერჩევამდე (მაგ. ტოტალიტარიზმში იდეოლოგიისა და ეკონომიკის ფაქტორების თავისებურებები „ქართული ოცნების“ პირობებში) და შესაბამისი კაუზალური კავშირების  დადგენა, რაც ასევე დამატებით ახსნის ხელისუფლების ქცევის სამომავლო ფენომენ(ებ)ის კონტექსტებსა და ძალაუფლების ქცევის პოტენციური განვითარების შესაძლებლობას.

მოცემული სტატია არ წარმოადგენს კლასიკურ სამეცნიერო აკადემიურ კვლევასა და ნაშრომს, ის პუბლიცისტური ნამუშევარია ბოლო  პერიოდის მოვლენების სამეცნიერო კონტექსტითა და პოლიტიკურ-თეორიული კვლევის ელემენტებით.

 

არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.