არჩილ გამზარდია
პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი.

1 წელი 2024 წლის არჩევნების შემდეგ – რა მივიღეთ? (არსებული პოლიტიკური პროცესების სამეცნიერო კონტექსტი)

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 1 წელი გავიდა. დღეს არსებული მდგომარეობის შეფასება სამი ძირითადი შედეგობრივი მაჩვენებლით იქნებოდა საინტერესო: 1.) სახელმწიფოს ფაქტობრივი მოცემულობა; 2.) ხელისუფლების ძალაუფლების მდგომარეობა; 3.) ოპოზიციური წინააღმდეგობის მოცემულობა და პერსპექტივები. მიმდინარე პოლიტიკური განზომილებების სამეცნიერო კონტექსტი.

სახელმწიფოს ფაქტობრივი მდგომარეობა

1.) სახელმწიფოს ფაქტობრივი მდგომარეობა – საქართველოს სახელმწიფო მნიშვნელოვნად ჩახსნილია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ინტეგრაციის პროცესიდან, თითქმის შეჩერებულია კომუნიკაცია დასავლეთის ქვეყნებთან და აშშ-თან, არსებული ხელისუფლების შეფასება გაორებულია – ის. ერთი მხრივ, ფაქტობრივად ფლობს ძალაუფლებას, თუმცა მისი ლეგიტიმაციის საკითხი უპასუხოდაა და ვიღებთ უცნაურ მდგომარეობას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება არც „აღიარებულია“ და არც „აუღიარებელი“. ფაქტობრივ მოცემულობაში ეს მაინც და მაინც მნიშვნელოვან ფუნქციას არ ასრულებს, რადგან ფაქტობრივი კომუნიკაციების წარმართვას ეს ხელს არ უშლის, ურთიერთობებს დასავლეთთან უშლის არა ლეგიტიმაციის საკითხი, არამედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრესტიჟის უკიდურესი დაცემა და ერთგვარად „თავდაცვის“ მიზნით, საქართველოს ხელისუფლებისგან აგრესიული რიტორიკა დასავლეთის მიმართ. შესაბამისად, ამ კონტექსტში, პრობლემატურია არა იმდენად ლეგიტიმაციის საკითხი, არამედ საქართველოს ხელისუფლების პრესტიჟის მოცემულობა ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით.

ამ ერთი წლის განმავლობაში, თითქმის ყველა დემოკრატიული ელემენტი განადგურებულია. ის, რაც დემოკრატიის შიგთავს წარმოადგენს – ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ჯგუფების არსებობა და ძლიერება, ან შეჩერებულია, ან ზედმეტად დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს, შესაბამისად, თითქმის აღარ რჩება მექანიზმები, რომლითაც ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა იქნებოდა შესაძლებელი (ეს უკანასკნელი მთავარი საზომია დემოკრატიის).

2025 წლის ბოლოს ჩვენ გვყავს ათობით პატიმარი, ასობით მძიმედ ფინანსურად დაჯარიმებული მოქალაქე, რომლებიც ამ მომენტისათვის მომართული ნაღმის ამოქმედების რეჟიმშია.

2025 წლის ბოლოსთვის ქვეყანა იმყოფება ტოტალიტარული „წესრიგის“ დამკვიდრების პროცესში, თითქმის განულებული სამოქალაქო თავისუფლებებითა და გამძაფრებული საძალაუფლებო რეჟიმით, თითქმის განადგურებული ოპოზიცით და ზოგადად, წინააღმდეგობით.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არ არსებობს არანაირი დიალოგი, ოპოზიცია ხელისუფლებას განიხილავს რუსულ კოლაბორაციულ მმართველად, თავის მხრივ, ხელისუფლება ოპოზიციას განიხილავს აგენტურულ ქსელად, რომელიც საქართველოს ომში ჩათრევას ითხოვს.

არაერთი სპეციალისტის შეფასებით, მართალია, ეკონომიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, თუმცა, სამოქალაქო განცდადობით, ინფლაცია და სოციალური უსამართლობა მოქალაქეებისათვის ყოველდღიურად ამძიმებს ელემენტარულ ყოფით უნარებს და მსყიდველუნარიანობას.

ხელისუფლების ძალაუფლების მდგომარეობა

2.) ხელისუფლების ძალაუფლების მდგომარეობა – ხელისუფლების ძალაუფლების მდგომარეობა 2025 წლისთვის იმდენად მაღალია, როგორიც კომუნისტური ეპოქის შემდგომ არ ყოფილა არც ერთი ხელისუფლების პირობებში. ხელისუფლება ფლობს პარლამენტს (ოდნავ შეზღუდული მოცემულობით, მაგრამ მთავრობის მონოლითური რესურსით), შესაბამისი საკომიტეტო და შიდა საძალაუფლებო სივრცის სრული ფლობით. მმართველი პარტია ფლობს სრულად თვითმმართველობას. არსებული ძალაუფლების ვერტიკალშია სასამართლო, ცენტრალური საარჩევნო კომისია და ა.შ. სრულ საძალაუფლებო ინსტიტუციებს წარმართავს მმართველი სუბიექტ(ებ)ი. ხელისუფლებას ასევე აქვს დაწყებული „თავისუფლების კუნძულების“ ჩანაცვლების სისტემური პოლიტიკა, ვგულისხმობ იმ სივრცეების ჩანაცვლებას სახელისუფლებო რესურსებით, რომლებსაც აქამდე ხელისუფლება არ ან ვერ აკონტროლებდა – კერძოდ: სამოქალაქო ორგანიზაციების ჩანაცვლების პოლიტიკა, სადაც არსებულები ხელისუფლების ნებართვის გარეშე პრაქტიკულად ვერანაირ ფინანსურ სახსარს ვერ იღებს, ხელისუფლება კი სახელმწიფო რესურსებით ქმნის „ახალ“ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც სახელისუფლებო კონტროლის ქვეშ ექცევა. ასევე დაწყებულია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სუბიექტების ჩანაცვლებისათვის მოსამზადებელი სამუშაოები განათლების სფეროს მიმართულებით, სადაც შემდგომ დააფორმატებს სასურველ მოცემულობას.

ხელისუფლებას ასევე აქვს ჩანაცვლების პოლიტიკა „სამოკავშირეო“ თვალსაზრისითაც – დასავლეთის ქვეყნებისა და აშშ-ს პარტნიორობის დაშორების პარალელურად აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის ავტორიტარულ-ტოტალიტარულ ქვეყნებთან დაახლოება, რის მამოტივირებლადაც ძალაუფლების ხანგრძლივობის ინტერესი იკვეთება. ეს დაახლოების პროცესი ასევე ზრდის მტრული ქვეყნის, რუსეთის მზარდ კმაყოფილებას საქართველოს ხელისუფლებების გადაწყვეტილებებთან და პოზიციონირებასთან დაკავშირებით.

დასავლეთის ქვეყნები წერტილოვანი სანქცირების რეჟიმშია, რომელიც, მართალია გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას, თუმცა ძალაუფლების მდგრადობაზე არსებით გავლენას ვერ ახდენს.
პარალელურად, ხელისუფლება შიდა კლანური და რესურსული გადანაწილების მორიგ ფაზაშია, რაც ასევე პრობლემას უქმნის თავად ხელისუფლების ამომრჩეველს „ბატონის“ აღქმის ასპექტში და ხელისუფლების ფორმაციულ მდგრადობასაც, თუმცა ამავე პროცესში ხელისუფლების შიდა სუბძალაუფლებათა მოცვა მცირდება და კონცენტირდება რამდენიმე სუბძალაუფლიდან ორ ძალაუფლებით ფორმაციამდე (ივანიშვილი/კობახიძე).

ასევე ხელისუფლებისათვის დისჰარმონიულ ფაქტორად შეგვიძლია ჩავთვალოთ ანტისახელისუფლებო გამოსვლები, რომელსაც ზეგავლენის გარკვეული რესურსები გააჩნია, თუმცა 2024 წლის არჩევნებიდან ერთი წლის თავზე, საპროტესტო მოცვის მიუხედავად, ხელისუფლების ძალაუფლების კონცენტრაცია არა თუ არ შემცირებულა, არამედ გაიზარდა, ისევე როგორც გაიზარდა ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მიმართ წნეხი, დევნა, ხოლო ხელისუფლების ძალაუფლება კიდევ უფრო გამძაფრდა, უფრო ტოტალიტარული გახდა და ტირანიული ელემენტებიც შეიძინა.

ოპოზიციური წინააღმდეგობის მოცემულობა და პერსპექტივები

3.) ოპოზიციური წინააღმდეგობის მოცემულობა და პერსპექტივები – ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციური რესურსები მკვეთრად დაეცა, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიების, როგორც პოლიტიკური განზომილების შესაძლებლობები. ერთი მხრივ, ოპოზიციური სუბიექტები პირდაპირი დევნის, პროვოცირებით სახელისუფლებო ინტერესების განპირობების მატარებლები გახდნენ, მეორე მხრივ, მიუხედავად მათი შევიწროებისა, ოპოზიციურმა სუბიექტებმა ამომრჩეველში კიდევ უფრო დაკარგეს ნდობისა და ინტერესის მაჩვენებელი. ამის მიზეზი ერთი მხრივ ურთიერთთავდასხმითი ეფექტები გამოდგა, სადაც ოპოზიციური ურთიერკავშირი თამაშთა თეორიის ნეშის მოდელისა და პარეტოს ეფექტის სურათს ატარებს და ურთიერთწამგებიან შედეგს აღწევს, მეორე მხრივ კი მათ ვერ მოახერხეს მეტი ნდობის შექმნა საპროტესტო საზოგადოებაშიც კი, არა თუ ამომრჩეველთა მხარდაჭერის ზრდა, სავარაუდოა, რომ ოპოზიციის გაბანკროტების შედეგი ელექტორალურადაც ასახული და მკვეთღად შემცირებულია.

მოქალაქეთა მნიშვნელოვანი წილია აქტიური პროტესტის მდგომარეობაში, რაც ფრაგმენტულად მასობრივ შეკრებებში ვლინდება, თუმცა მათ განწყობებს ვერ ასახავს ვერც ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები, ვერც პოლიტიკური აქტივიზმი. ეს დაშორება კი თანაბრად განწყობილ ადამიანებს შორის მზარდია. ყოველდღიური პროტესტი გადაიზარდა ბიუროკრატიულ მართვაში, შიდა გავლენის სუბიექტების, საპროტესტო ივენთების მიკერძოების და მოქმედების ზედმეტად პროპაგანდისტულ განზომილებაში, რომელიც თითქმის ერთადერთი მკვებავი გახდა წინააღმდეგობის შინაარსისა.

შედეგების გადააზრების მიხედვით, წინააღმდეგობა მთლიანობაში არაეფექტურ სტრატეგიებზე, შინაარსობრივ კონცეპტებზე და მეთოდოლოგიის არასწორ არჩევანზეა აგებული, მათ შორის, შერჩეული მეთოდების არასწორ და არასაკმარის გამოყენებაზე, მეთოდების დამახინჯებულ გააზრებასა და წარმოდგენაზე.

განსხვავებული სტრატეგია

ვარაუდისთვის, რა იქნებოდა განსხვავებული სტრატეგიის შემთხვევაში, სხვა გზას რომ მიემართა 2024 წლის არჩევნების შემდეგ?

პარლამენტი – პარლამენტში, მართალია, ხელისუფლებას მხოლოდ მმართველი პარტია დააკომპლექტებდა, მაგრამ ოპოზიციური მოცვა იქნებოდა 61/89, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი იქნებოდა ოპოზიციური კონცენტრაციისა. ამას გარდა, საპარლამენტო ცხოვრებიდან გამომდინარე, ოპოზიცია მიიღებდა საკომიტეტო თანამდებობებს, საპარლამენტო დელეგაციებში ადგილებს, ექნებოდა საგამოძიებო კომისიების და ა.შ. ფორმირებისა და პოლიტიკური თანამონაწილეობის შესაძლებლობა, რაც რამდენადმე გაზრდიდა ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვის მაჩვენებელს დღევანდელთან შედარებით.

თვითმმართველობა – თვითმმართველობის არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობის შემთხვევაში, მართალია, არსებითი შედეგების მიღწევას ოპოზიციური სუბიექტები ნაკლებად მოახერხებდნენ (როგორც ცესკოს მუშაობის, ასევე საარჩევნო კანონმდებლობის, სახელისუფლებო არადემოკრატიული ძალისხმევების შედეგად), თუმცა, ნომინალურად შესვლა საკრებულოებში, ასევე რამდენადმე გაზრდიდა ხელისუფლებაზე ზეწოლის მაჩვენებლებს დღევანდელთან შედარებით.

საპროტესტო მოძრაობები – „დაუმორჩილებლობის“, „არათანამშრომლობის“ და სხვა მეთოდოლოგიის სწორად განხორციელების ან სხვა მეთოდოლოგიით ჩანაცვლების შემთხვევაში ქუჩის საპროტესტო მოძრაობები არა მხოლოდ ვიზუალურად „ეფექტური“ გახდებოდა, არამედ დღევანდელთან შედარებით უფრო შედეგზე ორიენტირებული იქნებოდა. არარეალისტურ შედეგზე ორიენტირებამ და არარეალისტურმა სტრატეგიებმა 2024 წლის არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ საპროტესტო მოძრაობა დაიყვანა ვიზუალიზირებული სანახაობის და საახალამბო მოვლენებამდე დაყვანილ სურათებად, რომლის ფასიც საკმაოდ ძვირი აღმოჩნდა, ათობით დაპატიმრებული ადამიანის, გამძაფრებული სახელისუფლებო ძალაუფლების, ხელისუფლების შეზღუდვის ნაცვლად წინააღმდეგობის შეზღუდვამდე, ხელისუფლების გაბანკროტების ნაცვლად ოპოზიციის გაბანკროტების და ა.შ. მოცემულობამდე.

წინააღმდეგობა ვერ იყენებს და ვერ ანხორციელებს პოლიტიკური ომების თავისივე შერჩეულ მეთოდოლოგიას (გაფიცვები, პიკეტირება, დაუმორჩილებლობა, არათანამშრომლობა), არ აღიარებს ამ მეთოდოლოგიის არაკონტექსტუალურ და არარეალისტურ ხასიათს, ზედმეტად მიმართავს სხვა გამოცდილებების ბაძვას, თუმცა, არაკონტექსტუალური და განუხორციელებელი შერჩევითობის გამო სასურველი შედეგების გამო არასასურველ უკუშედეგებს იღებს. ასევე არ მიმართავს პოლიტიკური ომების მნიშვნელოვან ხერხებს – დარწმუნების ხელოვნებას, მოლაპარაკებას, კომპრომისებს და ა.შ. მაშინ როდესაც კომპრომისი ზოგიერთ შემთხვევაში ასევე გვევლინება ხელისუფლების ძალაუფლების შემზღუდავ რესურსად, თუ კი უკომპრომისობის და უკომპრომისობით შედეგის მიღწევა შეუძლებელი ხდება.

საპროტესტო აქტივიზმმა შეირწყა ოპოზიციის პოლიტიკური განზომილება და პოლიტიკური ომი მხოლოდ აქტივიზმამდე დაიყვანა, რითიც მკვეთრად შეამცირა ხელისუფლების წინააღმდეგ კომპლექსური წინააღმდეგობის შესაძლებლობები. მხარდაჭერის ზრდისა და იდეების რეალიზაციის, როგორც გაყიდვების თვალსაზრისით, ის იყენებს აგრესიული მარკეტინგის სტრატეგიას, რითიც ცდილობს სარგებლის მოპოვებას მოკლევადიან და შეზღუდულ დროში, თუმცა წარუმატებლად. ასევე მიმართავს მიზნობრივი მარკეტინგის მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც ანხორციელებს პოლიტიკური პროდუქტების წარმოებას და რეალიზაციას სპეციალურად პოლიტიკური ბაზრის განსაზღვრული სეგმენტისათვის, თუმცა ამ მხრივ ვერ ახერხებს პოლიტიკური ბაზრის ფართოდ გააზრებას, მხოლოდ მცირე ბაზრებზეა ორიენტირებული, რაც ჯამში არ უქმნის მომგებიან შესაძლებლობებს და ისეთი პოლიტიკური შინაარსის შექმნას, რომელიც ბევრისთვის იქნება მისაღები.

ხელისუფლების მსგავსად, აქტივიზმი და აქტივიზმში შერწყმული ოპოზიცია მოქალაქეებს მიმართავს არა პარტნიორობის, არამედ დაქვემდებარების მოწადინებით, რაც მსგავსი სტრატეგიის შემთხვევაში, კონკურენტულად კვლავ ხელისუფლებისათვის სასარგებლოდ უფრო სრულდება ძალაუფლებითი რესურსების გამო.

ერთ-ერთ საკვანძო ფაქტორად ვლინდება წინააღმდეგობისათვის აქტივიზმის (პლუს ოპოზიცია) მხრიდან შეთავაზების, როგორც ალტერნატივის არ არსებობა. მსგავსი პროპაგანდა მოქალაქეს როგორც მომხმარებელს სთავაზობს არსებული ფორმაციების დანგრევას, მაგრამ სანაცვლო ალტერნატივად მხოლოდ ასევე პროპაგანდისტულ შეტყობინებებს სთავაზობს და არა რეალურ ალტერნატივებს, რაც მოქალაქისათვის უფრო სასურველი უნდა გახდეს, რომლისთვისაც ბრძოლა მოქალაქეთა მნიშნელოვან ნაწილს უღირს.

შესაბამისად, მოქალაქეები გაურკვევლობის დილემის ქვეშ არიან, ერთი მხრივ, არსებული მოცემულობა მიუღებელია, მეორე მხრივ სანაცვლო ალტერნატივას ვერ ხედავენ, მათი მხარდაჭერა დეკლარირების პროცესია, თუმცა, შეუთანხმებლად და გაუაზრებლად არც ერთ პოლიტიკურ მონაწილეს არ მოჰყვებიან, მიუხედავად აქტივისტური პროპაგანდისა.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ვლინდება აქტივიზმისვე შეუწყნარებლობა განსხვავებულ შეხედულებებთან, იგულისხმება არა პოლიტიკური პოზიცია, არამედ თანაბარ პოლიტიკურ პოზიციებში განსხვავებული ხედვის და შედარებითი კრიტიკისადმი შეუწყნარებლობა. მსგავს შემთხვევაში აქტივიზმი მიმართავს „არაბაბლურ“ დისკურსებსა და მათ მატარებლებს აზრზე და რეპუტაციაზე თავდასხმით, აგრესიითა და გარიყვის გზით, ამავე ფორმით ცდილობენ შიშების შთაგონებას მათ მიმართ, ვინც რამდენადმე არ ეთანხმება ან კრიტიკულად აღიქვამს წინააღმდეგობის ქმედებებს. ეს ხდება იარლიყებისა და აგრესიული კომუნიკაციის გზით, რაც ჯამში კიდევ უფრო ავიწროვებს ანტისახელისუფლებო სივრცის კონცეპტუალური და პარტნიორული ქმედების, გაფართოებისა და მეტი კონცენტრაციის შესაძლებლობებს.

დასკვნა

დასკვნისათვის შეიძლება ითქვას, რომ 2025 წლის ნოემბრისათვის ხელისუფლების ძალაუფლება ტოტალიტარიზმის კიდევ უფრო საშიშ განზომილებაში გადადის. ხელისუფლებისა და მოწინააღმდეგების პოლიტიკური განზომილება თანმხვედრია მოქალაქეთათვის აღქმის კონტექსტში – მტრის კონცეპტზე ორიენტირით, ხელისუფლებაც და მისი მოწინააღმდეგეც ერთმანეთის ურთიერთაღქმისა და პროპაგანდის თანაბარ კონცეპტზეა აგებული, ორივე მათგანი საზოგადოებას ჰყოფს მტრად და „თავისიანად“, ისე, რომ არ ტოვებენ ერთმანეთის დანახვის და აღიარების სივრცეს.

ამავდროულად, წინააღმდეგობა არსებითად აგებულია ძველ და გაცვეთილ დისკურსებზე, რომელიც 90-იანების და 2000-იანების დასაწყისის დისკურსებზეა აწყობილი და საქართველოს თანამედროვე მოქალაქის პოლიტიკური და მომხმარებლური განზომილებისგან არის ზედმეტად დისტანცირებული.

მოცემულ კვლევაში ნაკლებადაა გამოყენებული დაშვება ოპოზიციური წინააღმდეგობის სივრცეში სახელისუფლებო შიდა აგენტურული შესაძლებლობების შესახებ, რაც შესაძლოა რამდენადმე ცვლიდეს პროცესების სურათის აღქმას, კვლევის ობიექტების შეფასება აგებულია ერთმანეთისგან განყენებული ცვლადების საზრისით, რათა კვლევა ახლოს იყოს ემპირიულ მოცემულობასთან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.