საწყის გვერდზე დაბრუნება

პირველი ნაბიჯები სამოქალაქო ცხოვრებაში

ილია ჭავჭავაძე ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი სწორედ იმიტომ იყო, რომ რისიც სწამდა და რასაც წერდა, იმავეს აკეთებდა კიდეც – არა მხოლოდ სიტყვის, არამედ საქმის კაციც იყო. ახლა სწორედ მისი ზემოთაღწერილი მსოფლმხედველობის მისსავე ცხოვრებაში გამოვლინების მაგალითებზე ვიმსჯელებთ.

ცნობილია, რომ ილია ჭავჭავაძის სამოღვაწეო არენაზე გამოჩენა უკავშირდება „ცისკარში“ დაბეჭდილ სტატიას „ორიოდ სიტყვა თავად რ. ერისთავის მიერ კაზლოვის შეშლილის თარგმანზედა“, რომელიც, როგორც გრიგოლ ყიფშიძე აღნიშნავს: „ნამდვილი ყუმბარა იყო. მისმა ძალა-აფეთქებამ თავ-ზარი დასცა მთელ მაშინდელ მწერალთა კრებულს, ძირამდე შეარყია დაგუბებული, ხავს-მოკიდებული, სალიტერატურო ჭაობი და დიდი მითქმა-მოთქმა, დიდი ალიაქოთიც გამოიწვია“ (ყიფშიძე 1987). ეს წერილი მან საქართველოში ჯერ კიდევ პეტერბურგში სტუდენტად ყოფნის პერიოდში გამოგზავნა. წერილის გამოქვეყნებიდან მალევე  ილია სამშობლში დაბრუნდა და პირველი საზოგადოებრივი საქმიანობაც წამოიწყო –  ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ დააარსა.

„საქართველოს მოამბე“ მხოლოდ ჟურნალი არ იყო, იგი წარმოადგენდა პლაფორმას, საქართველოს ისტორიაში, ფაქტობრივად, პირველ სამოქალაქო გაერთიანებას (თუკი არ ჩავთვლით გაცილებით ნაკლებად სტრუქტურირებულ 1832 წლის შეთქმულთა საზოგადოებას), რომლის წევრებსაც გარკვეული საერთო საზოგადოებრივი ამოცანები აერთიანებდათ. ამათგან უპირველესი ენის დემოკრატიზაციის საკითხი იყო (ჯოლოგუა 2013). ილიასა და მისი თანამოაზრეების შეხედულებით, რასაც ინტელექტუალები წერენ, ის ხალხისთვის მარტივად გასაგები უნდა იყოს. შესაბამისად, ნაწერის ხელოვნურად გართულება გრამატიკული ფორმებითა და წესებით, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გამოიყენება, საჭიროებას არ წარმოადგენს და პირიქით, დამაზიანებელიც კია. „საქართველოს მოამბის“ გარშემო დაჯგუფებულ ადამიანებს სწამდათ, რომ ჟურნალის მთავარი ამოცანა ცოდნის ხალხში გატანა, რიგითი მოქალაქეების განათლება უნდა ყოფილიყო.აქედან გამომდინარე, შესაძლოა ითქვას, რომ „საქართველოს მოამბე“ ამასთანავე საგანმანათლებლო პროექტიც იყო. ზოგადად, მთავრობის მოთხოვნით, „საქართველოს მოამბეში“ არ უნდა ყოფილიყო საპოლიტიკო მიმოხილვები[1], თუმცა, ილია ჭავჭავაძემ ჟურნალის პროგრამაში შეინარჩუნა რუბრიკა – „სხვადასხვა“, სადაც მოხერხდა რამდენიმე პუბლიცისტური წერილის „გაპარება“[2]. ამ ყველაფერთან ერთად ილიამ და მისმა “საქართველოს მოამბემ“ მიძინებული ქართული საზოგადოება გამოაღვიძა. საქარველოს ისტორიაში თაობათა შორის თუ თაობათა შიგნით ახალი დებატების ხანა დაიწყო – თემატიკა ძირითადად ლიტერატურული იყო, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებმა გარკვეულ საკითხთა განხილვა და მათზე სჯა-ბაასი დაიწყეს, უკვე წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმაოდგენდა წინარე ეპოქასთან შედარებით – საქართველოში საჯარო სფეროს ჩამოყალიბების ხანგრძლივი პროცესი დაიწყო, რაც სამოქალაქო საზოგადოების არსებობის მნიშვნელოვანი წინაპირობაცაა.  „საქართველოს მოამბე“ დასაწყისი იყო, იგი ხანგრძლივი პროექტი ვერ აღმოჩნდა, მან მხოლოდ 1 წელი გასტანა, შემდგომ კი ილიას ხელმოკლეობის გამო დაიხურა.

შენიშვნები

[1] თამაზ ჯოლოგუა, „ქართული ჟურნალისტიკის ისტორია“ (თბილისი, არტანუჯი, 2013) გვ.205

[2] იქვე, გვ.226

სტატია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობა“ შექმნილია ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს – რატი კობახიძეს – და შეიძლება არ გამოხატავდეს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხედვებს. Creative Commons License
სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 Unported ლიცენზიით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.