პოპულისტური ძალების გააქტიურება პოსტ-სოციალისტური სივრცის ქვეყნებში

(უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინა)

ნაწილი I  – უნგრეთი

მარიამ მოდებაძე

აბსტრაქტი

ნაშრომის თემად პოპულიზმის აღება განპირობებულია მისი გლობალური აქტუალურობით. რაც შეეხება თემის გეოგრაფიულ ჩარჩოებში მოქცევას, იგი ეხება უშუალოდ პოსტ-სოციალისტურ სივრცეს (კონკრეტულად 8 ქვეყანას – უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინა),  ეს განპირობებულია შემდეგი გარემოებით – ვინაიდან ნაშრომის ძირითად სამიზნე ჯგუფს სწორედ საქართველოს მოსახლეობა წარმოადგენს, სასურველია აღნიშნული თემის ირგვლივ განხილული იყოს ის გეოგრაფიული სივრცე, რომელიც მჭიდრო კავშირშია და ყველაზე მეტადაა დაკავშირებული საქართველოსთან ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა უახლესი წარსული, ძირითადი გამოწვევები და ა.შ. ნაშრომი ასახავს, თუ რამდენადაა გაძლიერებული პოპულიზმი, მოსახლოების რა ფენები უჭერენ მხარს შესაბამის ძალებს, რა იდეებსა და ღირებულებებს იზიარებენ ეს უკანასკნელნი, როგორია მათი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, რატომ და რა გზებით არიან დაპირისპირებულნი ისინი ლიბერალურ მსოფლიო წესრიგთან და რატომაა სასურველი მათი აქტიურობა რუსეთის ხელისუფლებისთვის. ნაშრომში იდეოლოგიურ კონტექსტში არ არის შეფასებული, თუ ვისი ღირებულებებია მორალური, სწორი და მისაღები, მოსახლეობის იმ ნაწილის, რომელიც პოპულისტურ ძალებს უჭერს მხარს თუ მათი იდეური მოწინააღმდეგეების. ნაშრომი ეყრდნობა მეტწილად სხვადასხვა გავლენიანი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მასალებს, თუმცა ინფორმაციის ნაწილი აღებულია ადგილობრივი მედია-საშუალებებიდანაც, ამასთანავე გამოყენებულია კვლევითი ნაშრომები, აკადემიური სტატიები და სახელმძღვანელოები, საერთაშორისო და ადგილობრივი ცენტრების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები და სტატისტიკები. ინდივიდუალურად ქვეყნები წარმოჩენილია იდენტური სტრუქტურით იმ ფაქტობრივი ინფორმაციის სახით, რომელიც აღნიშნული წყაროებიდან იქნა მოპოვებული, ამასთანავე მოცემულია ამ ქვეყნების შედარებაც, რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ანალიტიკურ განხილვას, ერთი მხრივ, პოპულიზმისა და ლიბერალური მსოფლიო წესრიგის ურთიერთწინააღმდეგობრიობის, მეორე მხრივ – პოპულისტური ძალების გააქტიურებისა და რუსეთის ინტერესების ურთიერთკავშირის შესახებ, ის ასევე ეყრდნობა იმ ფაქტობრივ მასალას, რომელიც ასახულია კონკრეტული ქვეყნების განხილვის შემთხვევაში. შესაბამისად, ნაშრომის ბოლოს წარმოდგენილი რეკომენდაციებიც, რომლებიც ხელისუფლების, მედიისა და არასამთავრობო სექტორისათვისაა განკუთვნილი, ითვალისწინებს იმ ფაქტობრივ ინფორმაციას, გარემოებებსა და საფრთხეებს, რომლებიც ნაშრომშია ასახული.

უნგრეთი

პოპულისტური ძალების გააქტიურების გადმოსახედით ერთ-ერთი აქტუალური ქვეყანა უნგრეთია. 2004 წლიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნის სათავეში დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულისტი ლიდერი ვიქტორ ორბანია, რომელიც გამოირჩევა თავისი ულტრა-მემარჯვენე იდეებით, „არალიბერალური დემოკრატიისა“ და „სუვერენული მმართველობის“ პრინციპის თაყვანისცემით.

ამ თავში განხილულია უნგრეთის ზოგადი პოლიტიკური ფონი, თუ რა გზა განვლეს თავად ვიქტორ ორბანმა და მისმა ულტრა-მემარჯვენე პარტია Fidesz-მა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, რა ძალას წარმოადგენენ დღესდღეისობით პოპულისტური პარტიები, რა პოზიცია უკავიათ მათ ქვეყნის მმართველ ელიტაში, მოსახლეობის რა ნაწილი უჭერს მხარს პოპულისტური იდეების მქონე პარტიებსა და მოძრაობებს, კონკრეტულად რა იდეებს ემსახურებიან და აჟღერებენ ეს ძალები და როგორ იგებენ ისინი მათი მხარდამჭერების გულებს, რამდენად საშიშია უნგრული პოპულისტების ქმედებები ლიბერალური მსოფლიო წესრიგისთვის და კონკრეტულად რა გზებს მიმართავენ ისინი ლიბერალური პრინციპების წინააღმდეგ. დასასრულ განხილულია უნგრეთის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, თუ როგორ უპირისპირდება იგი ევროკავშირს და რამდენად ახლოს არის რუსეთთან, როგორ ცდილობს ის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების შეკვრას იმ ქვეყანასთან, რომლისთვისაც თავად უნგრეთი ამ ეტაპზე ევროპაში ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი და ყველაზე საიმედო პარტნიორია.

ზოგადი პოლიტიკური ფონი – გზა ლიბერალიზმიდან ავტორიტარიზმამდე

ვიქტორ ორბანი პარტია „უნგრეთის სამოქალაქო კავშირის“ (Fidesz) ლიდერია. 1994 წლამდე პარტია ატარებდა ლიბერალურ პოლიტიკას, თუმცა მას შემდეგ რაც გამოიკვეთა, რომ აღნიშნული იდეოლოგია არ იყო მისთვის წარმატებული, ორბანმა შეცვალა სამოქალაქო კავშირის არჩევანი, გადავიდა კონსერვატულ რელსებზე და იქცა ანტილიბერალად. 2005 წელს მან და მისმა პარტიამ შექმნეს კოალიცია „ქრისტიან-დემოკრატიულ სახალხო  პარტიასთან“ (Christian Democratic Peoples’ Party (KNDP) ), კოალიციამ 2006 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 42%-ით გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია მმართველი ძალის არა პარტნიორს, არამედ უფრო მეტად ერთგვარ სატელიტს წარმოადგენს.

უნგრეთის შემთხვევაში არ არსებობს რეალური ოპოზიციური ძალა, რომელიც ორბანისგან იდეოლოგიურად განსხვავდება და შესწევს მისთვის წინააღდეგობის გაწევისა და მისი დაბალანსების უნარი. ლიბერალურ პრინციპებს უნგრეთში ძლიერი ქომაგი ოპოზიციაში არ გააჩნია. მეტიც, მთავარი ოპოზიციური პარტია „უკეთესი უნგრეთის მოძრაობა“ (JOBBIK), რომელიც პარლამენტში მმართველი კოალიციის შემდეგ ყველაზე მეტი წევრითაა წარმოდგენილი, კიდევ უფრო რადიკალური და ულტრა-მემარჯვენე იდეების მატარებელია, ვიდრე ორბანის პარტია.

ამ შემთხვევაში რიცხვები უკეთეს წარმოდგენას შექმნის იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ უნგრეთში და ვის ხელშია აქ საკანონმდებლო ხელისუფლება:

199 წევრიან პარლამენტში არჩევნების შედეგად „უნგრეთის სამოქალაქო კავშირმა“ (Fidesz) და მასთან ალიანსში მყოფმა „ქრისტიან-დემოკრატიულმა სახალხო პარტიამ“ 133 ადგილი მოიპოვეს საკანონმდებლო ორგანოში. (117 ადგილი დღეს მმართველ პარტია Fidesz-ზე მოდის), „უკეთესი უნგრეთის მოძრაობა“ (JOBBIK)-მა 34, მათ მოსდევდნენ სოციალისტები 22 ადგილით (SCARCI, 2018)

ძლიერი ოპოზიციური ცალკეული პარტიებისა თუ ალიანსების არარსებობის პირობებში უნგრეთის თანამედროვე საზოგადოებაში დამკვიდრდა ერთგვარი ტერმინი – ორბანიზაცია, რომელიც ავტორიტატული გადახრების მქონე პრემიერ-მინისტრის რადიკალური კონსერვატული და ანტი-ლიბერალური პოლიტიკის ხაზგასმაა.

ორბანის არალიბერალური დემოკრატიის მხარდამჭერები უნგრეთში

უნგრეთში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 10 მილიონია, ორბანს ამომრჩეველთა ფრაგმენტირებული, თუმცა სტაბილური ბაზა ჰყავს. მას ამომრჩეველთა დაახლოებით 20%, ანუ 2 მილიონამდე ადამიანი უჭერს მხარს. (Meredith, 2018)

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდათა უმეტესობამ მას მხარი არ დაუჭირა და მან ფაქტობრივად წააგო არჩევნები დედაქალაქ ბუდაპეშტში (BBC, 2018).

უნგრეთის პრემიერს მხარდამჭერები მრავლად ჰყავს ევროპის სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით ეს ეხება ამ ქვეყანათა პოპულისტური ძალების ლიდერებს. გერმანიის პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD Party) ერთ-ერთმა ლიდერმა, ბეატრიქს ფონ სტორჰმა ვიქტორ ორბანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, გერმანელის თქმით, ეს იყო ცუდი დღე ევროკავშირისთვის, ხოლო კარგი დღე ევროპისთვის. (SCARCI, 2018) ამ სიტყვებში კიდევ ერთხელ ჩანს ნარატივი, რომლის მიხედვითაც ერთიანი ევროპის იდეა სულაც არ არის მიუღებელი პოპულისტებისთვის, მათთვის მიუღებელია ევროკავშირის არსებული პოლიტიკა და ის ფუნდამენტური ლიბერალური პრინციპები, რომელთაც ეს ინსტიტუცია ემყარება.

ორბანს წარმატება მიულოცა საფრანგეთის ულტრა-მემარჯვენე ძალის, „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა, მარინ ლე პენმაც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, (ROBINSON, 2018)

აღსანიშნავია ორბანის ელექტორატის განწყობა ევროპისადმი. ერთი შეხედვით პარადოქსულია, მაგრამ უნგრეთის მოსახლეობისა და ორბანის ამომრჩევლების დიდი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალისტურია და ევროკავშირის პოლიტიკას მიუღებლად მიიჩნევს, არ არის ევროსკეპტიკური. ამაზე 2016 წელს ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებული გამოკითხვების შედეგებიც მეტყველებს: პოლონეთის შემდეგ უნგრეთი მეორე სახელმწიფო იყო იმ დროისთვის 28 ქვეყნიან ბლოკში, სადაც დაფიქსირდა ბრიუსელისადმი მხარდაჭერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მოსახლეობის ნახევარი აგრეთვე ემხრობა ევროს აქტიურ გამოყენებას უნგრეთში. (McAuley, 2018)

ამგვარად, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა ულტრა-ნაციონალისტური ძალებისადმი და ამავდროულად ევროკავშირის მიმართ ლოიალურობა. თუმცა ეს შეგვიძლია ავსხნათ იმით, რომ მოსახლეობის ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროპა, როგორც ერთიანი ორგანიზმი უნდა არსებობდეს და შესაბამისად ემხრობიან ევროკავშირის, როგორც ინსტიტუციის არსებობას. მათთვის მიუღებელია ის იდეები და ლიბერალური პრინციპები, რომლითაც ამჯერად ევროკავშირი ხელმძღვანელობს. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ინსტიტუციამ ეს ღირებულებები უნდა გადასინჯოს. მათი აზრით, აღნიშნული იდეოლოგიური გადასინჯვა დაიწყო უნგრეთში ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით და ევროპაც სწორედ ორბანისეულ გზას უნდა გაჰყვეს.

მას ადასტურებს ბიზნესის სკოლის 20 წლის სტუდენტის, ნანდორ ჰოლის სიტყვებიც, რომელიც აქციაზე ამაყად აფრიალებდა ორბანის პარტიის ბანერს და აცხადებდა, რომ უნგრეთი ევროპის ნაწილია, პირველ რიგში, მისთვის უმთავრესია თავისი ქვეყანა და მან სწორედ საკუთარ ქვეყანას მისცა ხმა. თუმცა, მისი აზრით, ეს მნიშვნელოვანია ევროპის, როგორც ერთიანი ორგანიზმის, შესანარჩუნებლადაც. იგი ამბობდა, რომ უნგრეთის მთავრობასაც სწორედ ეს სურს. უბრალოდ, ახალგაზრდა სტუდენტის თქმით, ორბანის მთავრობას უნდა ევროპა იხსნას მიგრანტებისგან და ამიტომ უპირისპირდება იგი ევროკავშირის იდეებს. (McAuley, 2018)

უნგრელი პოპულისტების ძირითადი იდეები და მათ მიერ მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვების გზები

მსგავსად 2014 წლისა, 2018-შიც რადიკალურმა ნაციონალისტურმა, მემარჯვენე, პოპულისტურმა და კონსერვატიულმა ძალამ – „უნგრეთის სამოქალაქო კავშირმა“, (Fidesz) გამარჯვების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობა შეადგინა. აღნიშნულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ გაამყარა ორბანის მმართველობა. იგი კარგად სარგებლობს იმით, რომ ამჟამად ლიბერალური დემოკრატია კრიზისშია და ამის ფონზე საკუთარ იდეოლოგიას წარმოადგენს ლიბერალური უნივერსალიზმის ალტერნატივად როგორც უნგრეთში, ისე ევროპაში. ორბანის ზემოაღნიშნულ ციტატაში ნაწილობრივ უკვე გამოიკვეთა ის იდეები, რომელთა მეშვეობითაც ეს პოლიტიკური ფიგურა და მისი მმართველი ელიტა მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობენ – „ეროვნული მთავრობა“, „მიგრანტები“, „სოროსი“…

ანტი-მიგრანტული განწყობა

ლიბერალური მსოფლიო წესრიგის მთავარი გამოწვევა მიგრანტთა კრიზისია, რომლის გამომწვევ მიზეზსაც ის სოციო-პოლიტიკური სირთულეები და კონფლიქტები წარმოადგენს, რომლებიც თავს იჩენს ძირითადად მესამე სამყაროს ქვეყნებში, საიდანაც მილიონობით ადამიანი მიემართება ევროპისკენ თავის გადასარჩენად თუ უკეთესი ცხოვრების საპოვნელად. მიგრაციის ტალღა ძირითადად აზიიდან და აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილიდან მოედინება. ევროკავშირის მიდგომა, რომელიც ამ ადამიანებისადმი ღია კარის პოლიტიკის გატარებას გულისხმობს, მიუღებელია უნგრეთის ულტრა-მემარჯვენე მმართველი ორბანისა და მისი ელექტორატისთვის.

„საუკეთესოა მიგრანტი, რომელიც საერთოდ არ მოდის“ (MAILONLINE, 2016) – ეს ვიქტორ ორბანის სიტყვებია, რომლებიც ნათლად ასახავს მის დამოკიდებულებას აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.

ორბანის თქმით ევროპა მიგრანტების შემოსევას განიცდის, ბრიუსელს კი სურს რომ გადააგვაროს ევროპის მოსახლეობა და ჩაანაცვლოს ის, ხელყოს ევროპელთა კულტურა, ცხოვრების წესი და ყველაფერი, რაც ევროპელებს განასხვავებთ მსოფლიოს სხვა ხალხებისგან. (Meredith, 2018) ისევე როგორც ორბანი საკუთარ თავს, ისე მისი ამომრჩეველიც მას მიიჩნევს ევროპელებისა და საკუთრივ უნგრელი ხალხის მხსნელად იმ საფრთხისგან, რომლადაც მათ მიგრანტთა კრიზისი მიაჩნიათ. შესაძლოა, ითქვას, რომ ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რომლითაც ორბანი მოსახლეობის მხარდაჭერას იღებს, მიგრანტთა საკითხისადმი მისი დამოკიდებულებაა.

ამიტომ იგი მაქსიმალურად ცდილობს ევროპაში მიგრანტთა ტალღების შემოდინების შედეგად გაჩენილი პრობლემებისა და მოსახლეობის ნეგატიური განწყობის სათავისოდ გამოყენებას, მოსახლეობაში ანტი-მიგრანტული განწყობის შექმნასა და ამ ტიპის იდეების გაჟღერების შედეგად ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას. ამაზე მეტყველებს ორბანის მიერ ევროპაში ფუნქციონირებადი უნგრეთის საელჩოებისადმი გაცემული ბრძანებაც, მოეპოვებინათ მათ ყველანაირი ინფორმაცია და ფაქტები მიგრანტთა მხრიდან კონკრეტულ ქვეყნებში შექმნილი პრობლემების შესახებ და გადაეცათ ყოველივე ეს ბუდაპეშტისთვის (Foster, 2018). ბუნებრივია, Fidesz ყოველივე ამას მოსახლეობაში გააჟღერებდა, რითაც გაამძაფრებდა ანტი-მიგრანტულ განცდებს, რაც დადებითად აისახებოდა ორბანის იდეების პოპულარიზებასა და მის რეიტინგზე.

ვიქტორ ორბანი და ჯორჯ სოროსი

პოპულისტური ძალების მხრიდან ზოგადად უცხო არ არის ამა თუ იმ პრობლემის კონკრეტული პიროვნებისთვის დაბრალება და საზოგადოების ყურადღების მასზე გადატანა. ორბანის სისტემის შემთხვევაში ეს პიროვნება ცნობილი მულტიმილიონერი, ფილანტროპი ჯორჯ სოროსია, რომელსაც უნგრეთის ულტრა-მემარჯვენე ძალები თავიანთი სამშობლოს მიგრანტების ქვეყნად გადაქცევასა და ლიბერალური პრინციპების ქადაგებით სახელმწიფო ინტერესების ხელყოფას აბრალებენ. მრავლისმთქმელია თავად ორბანის სიტყვებიც ჯორჯ სოროსის შესახებ –  „რაც ჩვენ არ შევიწყნარეთ საბჭოთა იმპერიისგან, ჩვენ იმავეს ვერ შევიწყნარებთ სოროსის იმპერიისგან. ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი საზღვრები, შევაჩეროთ სოროსის გეგმა და საბოლოოდ გავიმარჯვებთ.“ (NELSON, 2018)

სოროსი, ევროკავშირი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი…

არსებობს ვარაუდი, რომ სოროსი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და ევროკავშირი ის თემებია, რომლებითაც ორბანის პოპულისტური მთავრობა ცდილობს ხალხის ყურადღების გადატანას შიდა პრობლემებიდან სხვა საკითხებზე. ამას ადასტურებს „ბუდაპეშტში ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიის ცენტრის“ წარმომადგენელი (Center for Euro-Atlantic Integration and Democracy in Budapest) ბოტონდ ფელედიც. (NELSON, 2018)

ენერგოკავშირი რუსეთთან. ხმები – ორბანს, გავლენა – რუსეთს

რუსეთისა და უნგრეთის მთავრობების ურთიერთობაზე ნაშრომის შემდეგ ნაწილშიც არის საუბარი, რომელიც უნგრეთის პოპულისტური ძალების საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას ეხება, თუმცა ნაშრომის ამ ნაწილშიც გამოინახა კრემლისთვის ადგილი.

ელექტორატის ხმების ნაწილის მოპოვება 2014 წელს Fidesz-მა სწორედ რუსეთის დახმარებით მოახერხა. აღნიშნულ პარტიას მეორედ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებაში ნაწილობრივ ოფიციალური მოსკოვი დაეხმარა. კერძოდ, ბუნებრივი აირის ფასების შემცირება, რითაც ორბანმა მოსახლეობის გულები მოიგო, შესაძლებელი სწორედ კრემლთან უნგრეთისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის ფასის ერთდჯერადად შემცირების შესახებ დადებული ხელშეკრულებით გახდა. თავისთავად ეს ორბანს დაეხმარა ელექტორატის ხმების მოზიდვაში, თუმცა, თავის მხრივ, ეს ბერკეტი, რომელიც მოსკოვმა იგდო ხელთ, შესაძლოა, მომავალში არაერთხელ გამოიყენოს თუნდაც უნგრეთის მომავალი მთავრობების წინააღმდეგ. (Péter Krekó, 2017)

ორბანი ლიბერალური პრინციპების წინააღმდეგ

“ჩვენ ხელი უნდა ავიღოთ საზოგადოების მოწყობის ლიბერალურ მეთოდებსა და პრინციპებზე, ისევე როგორც მსოფლიოს აღქმის ლიბერალურ გზაზე“  – ეს სიტყვები ვიქტორ ორბანმა 2014 წლის 26 ივლისს წარმოთქვა ბალვანიოსის ზაფხულის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ახალგაზრდულ ბანაკში. (Tóth, 2014)

ამ თავში საუბარია იმ გზებზე, რომლებითაც ორბანის „არალიბერალური დემოკრატია“ ძირს უთხრის ლიბერალურ პრინციპებს. ეს ძირითადად ეხება კანონმდებლობას, არასამთავრობო სექტორისა და მედია საშუალებების თავისუფლებას და ანტიგლობალიზმს, რაც ყველაზე მეტად ანტი-მიგრაციულ მიდგომასა და ეკონომიკურ ნაციონალიზმში გამოიხატება.

ანტიგლობალიზმი

ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ორბანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება გლობალიზმსა და კოსმოპოლიტიზმს, რომლებიც ლიბერალური სამყაროსთვის დამახასიათებელი იდეებია. ეროვნული იდენტობა, მკაცრი მიგრაციული მიდგომები და სუპრანაციონალური სტრუქტურებისადმი (ამ შემთხვევაში ევროკავშირისადმი) უარყოფითი დამოკიდებულება, მაშინ როდესაც საუბარი ქვეყნის სუვერენულ მმართველობას ეხება, ის საკითხებია, რომლებიც ორბანის მთავრობისთვის იდეურ ქვაკუთხედსა და ლიბერალურ სამყაროსთან დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ წერტილად ისახება.

კვლევაში მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე ნათელია, თუ რა დამოკიდებულებაა ორბანის მთავრობასა და ევროკავშირს შორის. უნგრეთის ლიდერი პირდაპირ ემტერება აღნიშნულ ინსტიტუციას მისი ფუნდამენტური ლიბერალური პრინციპების გამო, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიათავისუფლების შეზღუდვაში, ახალი კონსტიტუციის არალიბერალურ ღირებულებებზე დამყარებაში, ამასთანავე განსხვავებულ ეკონომიკურ მიდგომებშიც გამოიხატა, რაც პროტექციონისტულ იდეებზე, კონკრეტულად მულტინაციონალურ სუპერმარკეტებზე დაწესებულ რეგულაციაშიც აისახა (EURACTIV, 2014).

კონსტიტუციის შეცვლა

2010 წელს ორბანისა და Fidesz-ის გამარჯვების შედეგად აღნიშნული პარტია უმრავლესობით მოხვდა პარლამენტში (68%), მათ უკვე შესწევდათ ძალა შეეცვალათ კონსტიტუცია, რაც განახორციელეს კიდეც. მათ შექმნეს 200 მუხლიანი კონსტიტუცია, რომელიც კრიტიკის საგანი გახდა ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის, თუ ვენეციის კომისიის მხრიდან (HRW, 2013). კრიტიკოსები ორბანის რეჟიმის მიერ 2013 წელს მიღებულ კონსტიტუციას სხვადასხვა მოტივით აკრიტიკებენ.

ეს კონსტიტუცია ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც აღარ აქვს შესაძლებლობა, შეეწინააღმდეგოს იმ კანონებს, რომლებიც უკვე კონსტიტუციაშია მიღებული. ამასთანავე შემცირდა მოსამართლეთა საპენსიო ასაკიც. ეს მომენტი ერთ-ერთი მთავარი ლიბერალური პრინციპის, ხელისუფლების შტოების დაბალანსებული და თავისუფალი მოქმედების შეზღუდვად აღიქმება, რაც ამ შემთხვევაში კონკრეტულად სასამართლო ხელისუფლების უფლებამოსილების შეზღუდვაში გამოიხატა.

კანონმდებლობის შეცვლა შეეხო მედიათავისუფლებასაც. საარჩევნო კამპანიების წარმართვა, აღნიშნული კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო ტელევიზიების მეშვეობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ზღუდავს თავად იმ პარტიებსაც, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში და ცდილობენ ეფექტიანი საარჩევნო კამპანიის წარმართვას, ვინაიდან ამ კამპანიის არეალი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შეიზღუდა.

კანონმდებლობა შეეხო ინდივიდუალურ თავისუფლებასაც. კერძოდ, სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს, ვალდებულნი არიან დროის კონკრეტული მონაკვეთის განმავლობაში დარჩნენ უნგრეთში სამუშაოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უკან მოუწევთ იმ თანხის დაბრუნება, რომლითაც ისინი სახელმწიფომ დააფინანსა სწავლისას.

კონსტიტუციაში საუბარია გენდერულ როლებზეც, მის მიხედვით უპირატესობა უნდა მიენიჭოს ტრადიციულ (ჰეტეროსექსუალურ) ოჯახურ ურთიერთობებს. როგორც წყვილს, ისე მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობები ქმნის საფუძველს ტრადიციული ოჯახისთვის. კრიტიკოსთა აზრით, ეს სექსუალური უმცირესობების უფლებებს ხელყოფს. (BBC, 2013)

ორბანი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ (NGOs)

ორბანი უპირისპირდება იმ მესამე სექტორის წარმომადგენლებსაც, რომლებიც ეხმარებიან მიგრანტებს უნგრეთში შესვლაში და რომლებიც ძირითადად დაკავშირებულნი არიან ჯორჯ სოროსის სახელთან. უნგრეთის მთავრობის თქმით, მსგავსი ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირების აღკვეთას მოითხოვს სახელმწიფო უსაფრთხოება და ინტერესები. კონკრეტულად ამას უნგრეთის მთავრობა ცდილობს უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე 25%-იანი გადასახადის დაწესებით, რომელიც უშუალოდ უცხოეთიდან შემოსულ შემოწირულობებს შეეხება. როგორც კრიტიკოსები ირწმუნებიან, ეს ყველაფერი დააზარალებს 55 000 – მდე არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის იმ ორგანიზაციების დიდ ნაწილსაც, რომლებსაც, შესაძლოა, საერთოდაც არ ჰქონდეთ კავშირი ჯორჯ სოროსსა და მიგრანტების საკითხთან. ამიტომ კრიტიკოსები ამას მოიაზრებენ ორბანის მიერ ზოგადად მესამე სექტორის წარმომადგენლებზე ზეწოლად. (NELSON, 2018)

ორბანი მედიათავისუფლების წინააღმდეგ

ლიბერალური პრინციპების ხელყოფის ორბანისეული გზა მედიათავისუფლების შეზღუდვაში სხვა მხრივაც გამოიხატება. კრიტიკოსები მას და მის სისტემას იმ მედიასაშუალებების შეზღუდვაში ადანაშაულებენ, რომლებიც უნგრეთის მმართველი ძალის შეხედულებებს არ იზიარებენ. ამის მაგალითია 2016 წელს 11 წლიანი ფუნქციონირების შემდეგ უნგრეთის მთავარი ოპოზიციური გაზეთის, „ნეპსზაბადსაგის“, გამოცემის მოულოდნელი შეწყვეტა. კრიტიკოსები ყოველივე ამას პოლიტიკურ გარემოებებს მიაწერენ და მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ გზით ებრძვის უნგრეთის ხელისუფლება მედიათავისუფლებას (Bienvenu, 2016).

გაზეთის დახურვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მისი მფლობელი კომპანია „მედიავორქსის“ წილი ლორინჩ მესზარომ, ორბანის ახლო მოკავშირემ იყიდა (Reuters, 2017).

უნგრეთის პოპულისტური მთავრობა – რუსეთის მთავარი დასაყრდენი ევროპაში

„ჩვენი ყველაზე ძლიერი მოწინააღმეგეები არ არიან უნგრული ოპოზიციური პარტიები… ისინი (მოწინააღმდეგეები) საზღვარგარეთიდან არიან. უნგრეთის მთავრობა – და უნგრეთი – შესაძლოა დაამარცხონ ვაშინგტონიდან, ბერლინიდან და ბრიუსელიდან“ (Péter Krekó, 2017)

იდეურად და ღირებულებების მხრივ რაც უფრო შორდება ვიქტორ ორბანის რეჟიმი ევროკავშირს, მით უფრო უახლოვდება იგი რუსეთს. რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულება გამოიხატება როგორც პრეზიდენტის მიერ ღიად გაკეთებულ განცხადებებში, ისე მასსა და მოსკოვს შორის გადადგმულ კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებშიც, რომლებზედაც ამ თავში დეტალურად იქნება საუბარი.

„შეხედეთ რუსეთს, რომელიც, გულახდილად რომ ვთქვათ, გადაურჩა დასავლეთის მცდელობებს, რომ იზოლირებაში მოექციათ და დაემხოთ მისი რეჟიმი, ნავთობზე ფასების ვარდნა, სანქციები და ვითომდა დამოუკიდებელი, უპარტიო და გარე ძალების ჩარევისგან თავისუფალი არასამთავრობო ორგანიზაციები, შიდა აქტიურობა  – რუსეთი გადაურჩა ამ ყველაფერს, სწორედ ამიტომ არ არის გონივრული, მით უმეტეს ეროპაში, რომ არ დააფასონ ის ძალა და შესაძლებლობა, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს“ – ეს ვიქტორ ორბანის ის სიტყვებია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუქმნის ნათელ წარმოდგენას, თუ რა დამოკიდებულება აქვს უნგრეთის პრეზიდენტს რუსეთის მიმართ. (Péter Krekó, 2017)

ენერგოდამოკიდებულება მოსკოვზე

ბუნებრივი აირი – გარდა 2014 წელს განხორციელებული შეთანხმებისა, რომელიც რუსეთის მხრიდან უნგრეთისთვის მიწოდებულ ბუნებრივ აირზე ერთჯერადად ფასების კლებას გულისხმობდა და რომელსაც ორბანის მიერ ელექტორატის ხმების მოზიდვა, ხოლო რუსეთის მიერ უნგრეთზე გავლენის ბერკეტების გაუმჯობესება მოჰყვა, ეს ორი ქვეყანა განსხვავებული მასშტაბებითაც განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას.

მაგალითად, უნგრეთის ხელისუფლება მხარს უჭერს თურქული მილსადენის გაყვანას, რომელსაც რუსული გაზი მიაქვს თურქეთში, მილსადენის გაფართოება იგეგმება ავსტრიაშიც. უნგრეთი კი განაგრძობს ბუნებრივ აირთან დაკავშირებული გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებას რუსეთთან მიუხედავად ექსპერტების გაფრთხილებისა.

Paks II – ატომური ელექტროსადგური – უნგრეთის ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ შემოიფარგლება მხოლოდ ბუნებრივი აირით, 2018 წლის იანვარში ქვეყანამ საბოლოოდ დაიწყო ატომური ელექტროსადგურის, Paks II-ის, რეაქტორების მშენებლობა. შეთანხმება დროებით შეფერხდა 2014 წელს უკრაინის რევოლუციის მიმდინარეობისას, თუმცა 2018 წლის იანვარში, როგორც აღინიშნა, მშენებლობა დაიწყო. უნგრეთის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში რუსულმა კომპანია „როსატომ“-მა გაიმარჯვა, რომელიც რეაქტორებს რუსეთისგან მიღებული 10 მილიარდიანი (ევრო) კრედიტით აშენებს. პროექტს აქამდე ძირითადად ევროკავშირის მიერ დაწესებული ბარიერები აფერხებდა. (Péter Krekó, 2017)

ორბანის მთავრობა და რუსიფიკაცია

აღსანიშნავია ორბანის მიერ უნგრეთის ბიუჯეტიდან  9 მილიონი დოლარის გამოყოფაც რუსული ეკლესიის რეაბილიტაციისთვის ქალაქ ჰევიცში. რუსულ ეკლესიას უნგრეთში მხოლოდ 2,365 მიმდევარი ჰყავს. კრიტიკოსები და პოლიტიკური ანალიტიკოსები ორბანის ამ ნაბიჯს მისი მხრიდან ვლადიმერ პუტინის გულის მოგების მცდელობად აფასებენ. (Tan, 2017)

რუსეთსა და უნგრეთს შორის კულტურული ურთიერთობის სპექტრში მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს უნგრეთში ადგილობრივი სასწავლო დაწესებულებების ჩართულობით რუსული ცენტრების გახსნა, რომელთა მიზანსაც უნგრელი ახალგაზრდებისთვის რუსული ისტორიის, ენისა და კულტურის გაცნობა წარმოადგენს. 2017 წლის აპრილში მესამე ასეთი ცენტრი გაიხსნა უნგრეთის ტერიტორიაზე. (Mir, 2017)

დასკვნა

ამგვარად, ოცდამეერთე საუკუნის მეორე ათწლეულში უნგრეთში აშკარაა პოპულისტური მთავრობის დომინირება, რომლისთვისაც იდეურ ფუნდამენტს წარმოადგენს ეროვნული ფასეულობები, წესჩვეულებები და კულტურა. აღნიშნულ ძალას ქვეყანაში მხარდამჭერები მრავლად ჰყავს, ვინაიდან აღნიშნულ იდეებს უნგრეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი იზიარებს. ვიქტორ ორბანის სისტემა სასტიკად ეწინააღმდეგება ძირითად ლიბერალურ პრინციპებს, რომლებიც, მისი აზრით, ნაციონალური სახელმწიფოსთვის უდიდესი საფრთხეა და სასტიკად ებრძვის ყველას, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, ვინც ამ ლიბერალურ პრინციპებს უჭერს მხარს. მის რეჟიმს პოპულარობის მოპოვებაში ეხმარება როგორც ეროვნულ ღირებულებებზე აპელირება, ისე ანტი-მიგრაციული მიდგომა, პრობლემებზე საუბრისას აქცენტის გაკეთება ევროკავშირზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ჯორჯ სოროსზე, აღსანიშნავია რუსეთის ენერგო-ბერკეტების არსებობაც უნგრელ ელექტორატზე. ლიბერალური პრინციპების რღვევა ორბანის შემთხვევაში გამოიხატება როგორც არალიბერალური კონსტიტუციის მიღებაში, ისე მესამე სექტორის წარმომადგენლებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაში. ყურადღებას იქცევს ორბანის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციაც, იმის ფონზე, რომ მისი ღირებულებები უპირისპირდება ევროკავშირს. ამავდროულად იგი უახლოვდება რუსეთს, რაც გამოიხატება ენერგოკავშირების განმტკიცებაში, კრემლის მხარდამჭერი ღია განცხადებების გაკეთებასა და ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში.

სარჩევი

პუბლიკაციაში შექმნილია ევროპულ-ქართული ინსტიტუტის სამოქალაქო ქმედების სკოლის ფარგლებში. პუბლიკაციაში გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები , აზრები და იდეები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს.ევროპულ-ქართული ინსტიტუტი უფლებას იტოვებს, პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები წაშალოს, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად იქნება შეფასებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.