პოპულისტური ძალების გააქტიურება პოსტ-სოციალისტური სივრცის ქვეყნებში

(უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინა)

ნაწილი II  – პოლონეთი

გურამი ჯაჯანიძე

აბსტრაქტი

ნაშრომის თემად პოპულიზმის აღება განპირობებულია მისი გლობალური აქტუალურობით. რაც შეეხება თემის გეოგრაფიულ ჩარჩოებში მოქცევას, იგი ეხება უშუალოდ პოსტ-სოციალისტურ სივრცეს (კონკრეტულად 8 ქვეყანას – უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინა),  ეს განპირობებულია შემდეგი გარემოებით – ვინაიდან ნაშრომის ძირითად სამიზნე ჯგუფს სწორედ საქართველოს მოსახლეობა წარმოადგენს, სასურველია აღნიშნული თემის ირგვლივ განხილული იყოს ის გეოგრაფიული სივრცე, რომელიც მჭიდრო კავშირშია და ყველაზე მეტადაა დაკავშირებული საქართველოსთან ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა უახლესი წარსული, ძირითადი გამოწვევები და ა.შ. ნაშრომი ასახავს, თუ რამდენადაა გაძლიერებული პოპულიზმი, მოსახლოების რა ფენები უჭერენ მხარს შესაბამის ძალებს, რა იდეებსა და ღირებულებებს იზიარებენ ეს უკანასკნელნი, როგორია მათი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, რატომ და რა გზებით არიან დაპირისპირებულნი ისინი ლიბერალურ მსოფლიო წესრიგთან და რატომაა სასურველი მათი აქტიურობა რუსეთის ხელისუფლებისთვის. ნაშრომში იდეოლოგიურ კონტექსტში არ არის შეფასებული, თუ ვისი ღირებულებებია მორალური, სწორი და მისაღები, მოსახლეობის იმ ნაწილის, რომელიც პოპულისტურ ძალებს უჭერს მხარს თუ მათი იდეური მოწინააღმდეგეების. ნაშრომი ეყრდნობა მეტწილად სხვადასხვა გავლენიანი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მასალებს, თუმცა ინფორმაციის ნაწილი აღებულია ადგილობრივი მედია-საშუალებებიდანაც, ამასთანავე გამოყენებულია კვლევითი ნაშრომები, აკადემიური სტატიები და სახელმძღვანელოები, საერთაშორისო და ადგილობრივი ცენტრების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები და სტატისტიკები. ინდივიდუალურად ქვეყნები წარმოჩენილია იდენტური სტრუქტურით იმ ფაქტობრივი ინფორმაციის სახით, რომელიც აღნიშნული წყაროებიდან იქნა მოპოვებული, ამასთანავე მოცემულია ამ ქვეყნების შედარებაც, რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ანალიტიკურ განხილვას, ერთი მხრივ, პოპულიზმისა და ლიბერალური მსოფლიო წესრიგის ურთიერთწინააღმდეგობრიობის, მეორე მხრივ – პოპულისტური ძალების გააქტიურებისა და რუსეთის ინტერესების ურთიერთკავშირის შესახებ, ის ასევე ეყრდნობა იმ ფაქტობრივ მასალას, რომელიც ასახულია კონკრეტული ქვეყნების განხილვის შემთხვევაში. შესაბამისად, ნაშრომის ბოლოს წარმოდგენილი რეკომენდაციებიც, რომლებიც ხელისუფლების, მედიისა და არასამთავრობო სექტორისათვისაა განკუთვნილი, ითვალისწინებს იმ ფაქტობრივ ინფორმაციას, გარემოებებსა და საფრთხეებს, რომლებიც ნაშრომშია ასახული.

პოლონეთი

შესავალი

პოსტ-სოციალისტურ სივრცეში პოპულიზმის გააქტიურებაზე საუბრისას არანაკლებ ყურადღებას იქცევს პოლონეთიც, უნგრეთის მსგავსად ეს ქვეყანა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ისიც არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. სწორედ ამიტომ, პოპულისტური ძალების გააქტიურება მით უფრო საშიშია პოლონეთისა და უნგრეთის შემთხვევაში ლიბერალური პრინციპების გადმოსახედიდან, ვინაიდან ეს ქვეყნები იმ ინსტიტუციის ნაწილს წარმოადგენენ (ევროკავშირი), რომლის ფუნდამენტსაც სწორედ ლიბერალური პრინციპები წარმოადგენს. მსგავსად უნგრეთისა, პოლონეთშიც არსებობს გამოკვეთილი პოპულისტი ლიდერი იაროსლავ კაჩინსკის სახით, რომელიც ქვეყნის მთავარ პოპულისტურ ძალას, „კანონისა და სამართლიანობის პარტიას“ (PiS) უდგას სათავეში. თუმცა ორბანისგან განსხვავებით იგი პოლონეთის არც პრემიერ მინისტრია და არც პრეზიდენტი, ერთი შეხედვით, იაროსლავ კაჩინსკი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ძმა, ზემოაღნიშნული პარტიისა და პარლამენტის რიგითი წევრია. მისი გავლენა და ძალაუფლება პოლონეთში იმდენად დიდია, რომ მას პოლონეთის დე-ფაქტო ლიდერადაც კი მოიხსენიებენ.

ისევე როგორც უნგრეთის შემთხვევაში, ამ თავშიც საუბარი იქნება პოლონეთის ზოგად პოლიტიკურ ფონზე პოპულისტური ძალების კუთხით, თუ რა პოზიცია უჭირავთ ქვეყანაში ძირითად პოპულისტურ ძალებს, რა გზა განვლეს მათ აქამდე, ამასთანავე საუბარია იმაზე, თუ ვინ უჭერს მხარს მათ. როგორ, რა გზებითა და იდეებით ახერხებენ ისინი ამ მხარდაჭერის მოპოვებას, რა საფრთხეს წარმოადგენენ პოლონეთის პოპულისტური ძალები ლიბერალური დემოკრატიისთვის და როგორია მათი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, რა წარმოდგენა აქვთ ნატოსა და ევროკავშირზე და როგორია მათი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ.

ზოგადი პოლიტიკური ფონი – იაროსლავ კაჩინსკი, პოლონეთის დე–ფაქტო ლიდერი

განსხვავებით უნგრეთისგან, სადაც პოპულისტი ლიდერი 2010 წლიდან მოყოლებული ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას, პოლონეთში პოპულისტური ძალების აღზევება და მთავრობაში მოსვლა უფრო ახალი მოვლენაა. მათი დომინირება აქ 2015 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა “კანონისა და სამართლიანობის პარტიამ” (PiS), რომელმაც ჩაანაცვლა „სამოქალაქო პლატფორმისა“ PO (ცენტრისტი-ლიბერალებისა) და „პოლონეთის სახალხო პარტიის“ (PSL)  მიერ შექმნილი კოალიციური მთავრობა.

-საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ანდრეი დუდამ, რომელიც ამავე პარტიის (Pis) წარმომადგენელია. (Sadurski, 2018)

უნგრეთისგან განსხვავებით პოლონეთში ოპოზიციაში „სამოქალაქო პლატფორმის“ პარტიის სახით არსებობს რეალური ძალა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს მმართველ პოპულისტურ პარტიას და ერთგვარ დამცველად მოევლინება იმ ლიბერალურ ღირებულებებს, რომელთაც ქვეყანა ათობით წლის განმავლობაში აშენებდა.

2015 წლის არჩევნებში „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიამ ხმათა 37.6% მიიღო და დღეს პარლამენტის ზედა პალატაში – სენატში 64, ხოლო ქვედა პალატაში – სეიმში – 234 ადგილით არის წარმოდგენილი, ხოლო ამ ეტაპზე ოპოზიციაში მყოფმა „სამოქალაქო პლატფორმამ“ აღნიშნულ არჩევნებზე ხმათა 24.1% დააგროვა და სენატში დღეისათვის 33, სეიმში კი 133 ადგილი უჭირავს. სენატში სხვა პარტიები არ არიან წარმოდგენილი, სეიმში კი კიდევ 93 წარმომადგენელია სხვადასხვა პარტიიდან. (BBC, 2015)

პოპულისტების ძირითადი მხარდამჭერები პოლონეთში

2015 წლის არჩევნებზე აქტივობამ 50.9% შეადგინა (Schuman, 2015) და შედეგებზე დაყრდნობით პოლონეთის მმართველი პოპულისტური პარტიის ელექტორატი დაახლოებით 7.5 მილიონი ადამიანია, რაც საერთო ელექტორატის 21%-ია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პარტიას მხარდამჭერები ძირითადად  ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში ჰყავს, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში კი ხმების რაოდენობის მიხედვით „სამოქალაქო პლატფორმა ლიდერობს“. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ „კანონისა და სამართლიანობის პარტიას“ მტკიცე მხარდაჭერა უფრო მეტად ქვეყნის რურალურ, შედარებით ღარიბ რეგიონებში აქვს. (BBC, 2015)

პოლონეთის შემთხვევაში პოპულისტური ძალების მხარდამჭერებზე საუბრისას ყურადსაღებია ქვეყნის რელიგიურობის დონეც, ვინაიდან მემარჯვენე პოპულისტური ძალები, ისევე როგორც ზოგადად, პოლონეთშიც ეროვნულობისა და რელიგიურობის იდეაზე აქცენტის გაკეთებით გამოირჩევიან და მათ მომხრეთა უმრავლესობას სწორედ მოსახლეობის კონსერვატული, შედარებით უფრო მორწმუნე ნაწილი წარმოადგენს.

„ბაჰაის ინიციატივის“ კვლევის მიხედვით, რომელიც 2008, 2009 და 2015 წლებში ჩატარებული საერთაშორისო გამოკითხვების შედეგებს ეყრდნობა, პოლონეთი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური ქვეყანაა, აქ მოსახლეობის 86% თავს რელიგიურად აცხადებს. (Smith, 2018)

ეს ყველაფერი გამოიხატება მმართველი პარტიის მიდგომებშიც. მაგალითად, „კანონისა და სამართლიანობის“ პარტია აცხადებს, რომ მათი ამოცანა პოლონეთის ლიბერალური, ხშირად კორუმპირებულ ელიტებისგან გაწმენდაა, რომლებიც უხეშად ეხებიან ქვეყნის ქრისტიანულ და პატრიოტულ ღირებულებებს“ (POLITICO, 2016)

გარდა ამისა, პოლონეთის მთავრობის კონსერვატული მიდგომები სასწავლო პროგრამასაც შეეხო, ქვეყნის ახალ კურიკულუმში ისეთი საკითხი, როგორიც ევოლუციური თეორიაა, მარგინალიზებულია. ახალ სასწავლო პროგრამა უფრო მეტ ყურადღებას უთმობს პოლონეთის ისტორიას. (Faiola, 2016)

„რელიგიურობის გლობალური ინდექსის“ 2012 წლის შედეგების მიხედვით, პოლონეთი რელიგიურობის მხრივ ასევე ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა და მას ევროპული სახელმწიფოებიდან მხოლოდ მოლდოვა, საქართველო, რუმინეთი, მაკედონია და სომხეთი უსწრებენ. პოლონეთის რელიგიურობის მაჩვენებელი ამ შემთხვევაში 81-ეა (100-დან) (International, 2012)

პოპულისტური ძალების მხარდაჭერის მაღალი დონე ნაწილობრივ ზემოაღნიშნული იმ რიცხვებითაცაა განპირობებული, რომლებიც ზოგად რელიგიურ სურათზე ქმნის წარმოდგენას, ვინაიდან პოპულისტები სწორედ ისეთ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას, როგორიც რელიგია და ტრადიციებია, მათ მხარდამჭერებს კი მეტწილად ამ ღირებულებების ერთგული მოსახლეობა წარმოადგენს.

პოლონეთის პოპულისტური ძალების ძირითადი იდეები და მათ მიერ ხალხის მხარდაჭერის მოპოვების გზები

პოლონელი პოპულისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტობის იდეა, რომელიც, მათი აზრით, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს, ისინი ყურადღებას ამახვილებენ ცენტრალური ევროპის იერსახეზე, რომლის ქვაკუთხედიც საერთო ტრადიციები და ისტორიული მემკვიდრეობაა. (CEEIDentity, n.d.)

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლონეთის მთავრობამ 2018 წლის დასაწყისში გაამკაცრა კანონი აბორტთან მიმართებითაც. დღეს პოლონეთში აბორტი ნებადართული მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ დედის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. (Guardian, 2018)

დემოგრაფიული პოლიტიკა

პოლონეთის მმართველი პარტია ხორციელებს “კეთილდღეობის პროგრამებსაც“. მაგალითად, პროგრამას სახელად “500+”, ერთზე მეტი ბავშვის ყოლის შემთხვევაში ოჯახისთვის ფულად დახმარებას ითვალისწინებს ყოველთვიურად 500 ზლოტის ოდენობით (დაახლ. 150 დოლარი) (Economist, 2018)

პროპაგანდა

იაროსლავ კაჩინსკი და „კანონისა და სამართლიანობის პარტია“ იყენებენ მედია საშუალებებს საზოგადოებრივი პროპაგანდის საწარმოებლად და ოპოზიციურ ძალებზე ლაპარაკობენ ზიზღის ენით. (Sadurski, 2018)

მიგრანტები

მიგრანტების საკითხი უცხო არაა პოლონეთისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთს ისე მძაფრად არ აწუხებს ეს პრობლემა, როგორც უნგრეთს, მოსახლეობის კონსერვატული განწყობა, აზიიდან და აფრიკიდან წამოსული მიგრანტებისადმი შიში, რომლებიც პოლონეთის მოსახლეობის კონსერვატულ ნაწილს წარმოუდგენია იმ ძალად, რომელსაც შეუძლია მათი იდენტობისა და უსაფრთხოების ხელყოფა, გარკვეულწილად ეხმარება იაროსლავ კაჩინსკის მხარდაჭერთა გულების მოგებაში, ვინაიდან ულტრა-მემარჯვენე ლიდერი ანალოგიურ პოზიციას იზიარებს.

კაჩინსკის მთავრობა ლიბერალური პრინციპების წინააღმდეგ

ნაშრომის ამ ნაწილში უკვე გამოჩნდა, რომ იდეურად იაროსლავ კაჩინსკი და პოლონეთის პოპულისტური მთავრობა არ იზიარებენ ლიბერალურ ღირებულებებს, თუმცა, გარდა ამისა, ისინი მიმართავენ კონკრეტულ ხერხებსაც, რომლებითაც ხელყოფენ ლიბერალური იდეოლოგიისთვის დამახასიათებელ ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა პრესის თავისუფლება, ხელისუფლების შტოების დაბალანსებული ურთიერთქმედება და კანონმდებლობის უზენაესობა.

ისინი ღიად ეწინააღმდეგებიან ლიბერალური დემოკრატიას, კონსტიტუციონალიზმს და ძირითადად ემსახურებიან ორ იდეას:

1) უმრავლესობის დემოკრატია; 2) სუვერენის მმართველობა (Sadurski, 2018)

მთავრობის გავლენის ზრდა სასამართლო ხელისუფლებაზე

ლიბერალური დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტი ხელისუფლების შტოების ერთმანეთისგან დამოუკიდებლობაა, რაც გულისხმობს, რომ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებები სრულიად თავისუფალია და არ ზემოქმედებენ ერთმანეთზე, რითაც ხელისუფლების ეს შტოები ბალანსდება. იაროსლავ კაჩინსკის რეჟიმი ამ პრინციპს თავისი ქმედებებით ეწინააღმდეგება და სასამართლო ხელისუფლებას უქვემდებარებს მმართველ ძალას, რომელიც წარმოადგენს საკანონმდებლო ხელისუფლების უმრავლესობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას – მთავრობასაც.

პოლონეთის პოპულისტური მთავრობა იმორჩილებს და აკნინებს კონსტიტუციური და რეგულარული სასამართლოების როლს, ახდენს მათზე აშკარა ზეგავლენას, ეროვნული სასამართლო საბჭოს წევრებს ირჩევენ პოლიტიკური ნიშნით, მოკლედ, ირღვევა ე.წ „Power-Checks-Power“ პრინციპი და სასამართლო ხელისუფლება ექცევა მმართველი გუნდის აშკარა ზეგავლენის ქვეშ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალიზმს.

დღეისთვის პოლონეთის მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით კანონმდებლებს (რომელთა უმეტესობა ამ პარტიას წარმოადგენს) და მინისტრებს აქვთ გაზრდილი უფლებამოსილება მოსამართლეების დანიშვნის საკითხში, რაც მათ გავლენას ზრდის ამ მოსამართლეებზე და საფრთხეს უქმნის მათს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. (Economist, 2018).

არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ

მსგავსად ვიქტორ ორბანის ხელისუფლებისა, პოლონეთის პოპულისტური მთავრობა და იაროსლავ კაჩინსკიც ზღუდავენ მესამე სექტორის წარმომადგენლების თავისუფლებას.

მათი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გადანაწილება უნდა კონტროლდებოდეს პრეზიდენტისა და სენატის (პოლონეთის ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატის) მიერ. (DW, 2017)

მედიათავისუფლების ხელყოფა

პოლონეთის მთავრობა მეზობელი ქვეყნის (უნგრეთის) მთავრობის მსგავსად მედიათავისუფლებასაც ზღუდავს. ახალი მედია კანონმდებლობით სახელმწიფო მედიამაუწყებლების უმაღლესი მოხელეების დანიშვნა და ჩანაცვლება პოლონეთის მთავრობის პრეროგატივაა. (Cienski, 2015)

ეკონომიკაზე სახელმწიფოს კონტროლი

„კანონისა და სამართლიანობის პარტია“ არც კაპიტალიზმისდმი სიმპათიებით გამოირჩევა. ისინი ბიზნესმენთა ნაწილს „სპეკულატორებად“ მიიჩნევენ და სწამთ, რომ სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს ყველა სფეროს. ეს შეეხება საკუთრების უფლებებსაც. მმართველი პარტია გამოდის ბანკების წინააღმდეგაც. ამასთანავე, ის მხარს უჭერს საპენსიო ასაკის ზღვრის დაწევას. მათ მიერ მემარცხენე ეკონომიკური მიდგომების გამოხატულება არის ის დემოგრაფიული პოლიტიკაც, რომელზედაც ზემოთ იყო საუბარი.

ახალი კანონმდებლობა პოლიციას ანიჭებს უფლებას, ინტერნეტიდან შეაგროვოს პირადი ინფორმაცია სასამართლო ხელისუფლების კონტროლის გარეშე. (POLITICO, 2016)

პოლონეთის მმართველი ძალა არც სხვადასხვა უმცირესობისადმი სოლიდარობით გამოირჩევა. მაგალითად, პოლონური სასტუმროების ადმინისტრაციები არ არიან ვალდებულნი, რომ სერვისი შესთავაზონ შავკანიან ან ჰომოსექსუალ მომხმარებლებს. ასევე პოლონეთის პოპულისტური ძალების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა უარყო საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული, ვინაიდან, მისი აზრით, ეს დოკუმენტი ეწინააღმეგება ტრადიციულ გენდერულ როლებს. (Faiola, 2016)

პოლონეთის პოპულისტური მთავრობის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია

უნგრეთის მსგავსად, ევროსკეპტიციზმი პოლონეთისთვისაც დამახასიათებელია. მმართველი პარტიისთვის მიუღებელია ევროკავშირში უფრო ღრმა ინტეგრაცია. „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მკაცრად ეწინააღმდეგებიან პოლონეთის დამოკიდებულების ზრდას იმ რეგულაციებზე, რომელთაც ევროკავშირი იღებს იმ მიმართულებებით, რომლებსაც აქამდე ეს რეგულაციები არ შეხებია. ევრო ზონის წევრობა და სფერო, რომელიც კულტურასა და წესჩვეულებებს ეხება, პოლონეთის მთავრობის აზრით, უნდა განიხილებოდეს ნაციონალურ დონეზე და არა ცენტრალიზებულად უშუალოდ ევროკავშირის მიერ. (CEEIDentity, n.d.)

თუმცა განსხვავებით უნგრეთისგან პოლონეთის შემთხვევაში გაღვივებული ევროსკეპტიციზი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქვეყანა რუსეთისადმი ლოიალობითაც გამოირჩევა. პოლონეთის ხელისუფლება რუსეთს ვიქტორ ორბანის მთავრობისგან განსხვავებით მტრულ ძალად და მთავარ საგარეო გამოწვევად მიიჩნევს. პოლონეთის პოპულისტურ მთავრობას დადებითი დამოკიდებულება გააჩნია ნატოსადმი. ისინი კიდევ უფრო დიდი იმედით უყურებენ ამერიკის შეიარაღებული ძალების მეტი რაოდენობით განთავსებას ევროპაში. პოლონეთის მთავრობა მხარს უჭერს ამ ძალის გააქტიურებას, რისი გამოხატულებაც იყო მათი შეთავაზება ა.შ.შ.-ს, თავად პოლონეთს დაეფინანსებინა 2 მილიარდიანი პროექტი, რომელიც მის ტერიტორიაზე ამერიკული ბაზის განთავსებას ითვალისწინებდა. პოლონელებს ეს რუსეთის საფრთხისგან თავის დაცვის ერთგვარ გარანტად მიაჩნიათ. თუმცა ამ იდეამ თავად ევროპაშივე გახდა დიდი კრიტიკის საგანი, ვინაიდან ევროპელთა ნაწილს ამ ქმედების განხორციელება დიდ საფრთხედ მიაჩნია, რადგან, მათი აზრით, ყოველივე ამას მოჰყვება რუსეთის გაღიზიანება და გააქტიურება რეგიონში. (TURECKI, 2018)

ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთსა და ევროკავშირს შორის იდეოლოგიური შეუთავსებლობა და კონფლიქტი აღნიშნული სუპრანაციონალური ინსტიტუციის შიგნით დესტაბილიზაციას იწვევს, რაც რუსეთის ინტერესებში შედის. ყოველივე ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსად უნგრეთისა, პოლონეთიც პრო-რუსულ პოლიტიკას ატარებს. სწორედ ეს განასხვავებს უნგრეთისა და პოლონეთის მიდგომებს ერთმანეთისგან. იმ შემთხვევაში, თუკი პოლონეთი გააგრძელებს მსგავს პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, იგი შესაძლოა ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს რეგიონში რუსეთის ინტერესებისთვის.

დასკვნა

ისევე როგორც უნგრეთში, პოლონეთშიც სათავეშია პოპულისტური ძალა, რომლისთვისაც მთავარ ღირებულებებს ეროვნულობა, კულტურა, წეს-ჩვეულებები და რელიგიური ფასეულობები წარმოადგენს. ადგილობრივი მოსახლეობა გამოირჩევა აღნიშნული ღირებულებებისადმი სენტიმენტებით, პოლონეთის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით რელიგიას ეხება. „კანონისა და სამართლიანობის“ პარტია გარდა ამ ღირებულებებზე აქცენტის გაკეთებისა, მოსახლეობის გულს სოციალური დაპირებებით, დემოგრაფიული პოლიტიკითა და აქტიური პროპაგანდით იგებს. სხვა პოპულისტური ძალების უმეტესობის მსგავსად ეს უკანასკნელიც ცდილობს ლიბერალური პრინციპების ხელყოფას, რაც სასამართლო ხელისუფლებაზე მთავრობის გავლენის ზრდაში, რადიკალურ მემარცხენე ეკონომიკურ იდეებში, მედია და არასამთავრობო სექტორისა და ინდივიდუალური უფლებების შეზღუდვაში გამოიხატება. მიუხედავად ევროსკეპტიციზმისა, უნგრეთისგან განსხვავებით რუსეთს მთავარ მტრად მიიჩნევს, რითაც აიხსნება პოლონელების მხარდაჭერა ნატოსა და რეგიონში ა.შ.შ.-ს სამხედრო პოტენციალის გაზრდის მიმართ.

სარჩევი

პუბლიკაციაში შექმნილია ევროპულ-ქართული ინსტიტუტის სამოქალაქო ქმედების სკოლის ფარგლებში. პუბლიკაციაში გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები , აზრები და იდეები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს.ევროპულ-ქართული ინსტიტუტი უფლებას იტოვებს, პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები წაშალოს, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად იქნება შეფასებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.