საწყის გვერდზე დაბრუნება

გლეხთა განთავისუფლება

ამავე პერიოდს უკავშირდება საქართველოში გლეხთა განთავისუფლების პროცესი. „საქართველოს მოამბის“ ჯგუფის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელი იყო, სწორედ ამ ჟურნალში დაიბეჭდა ილიას „კაცია-ადამიანი?!“ და „გლახის ნაამბობის“ რამდენიმე თავი. თუმცა თავად ილია ჭავჭავაძე ჟურნალის მიღმაც იყო ჩართული გლეხთა გათავისუფლების პროცესში.  წარმოშობით იგი თავადი გახლდათ, შესაბამისად, მონაწილეობას იღებდა თავადაზნაურთა იმ კრებებში, რომლებიც განიხილავდნენ გლეხთა განთავისუფლების საკითხს. ქრისტეფორე მამაცაშვილის მოგონებაში ვხვდებით ორ ეპიზოდს, რომელიც ნათელს ჰფენს, რომ ილია ჭავჭავაძე საკმაოდ აქტიურად იცავდა იმ პოზიციას, რომ გლეხობა საკუთარი მიწითვე უნდა განთავისუფლებულიყო: „წამოდგა ახალგაზრდა პოეტი და პუბლიცისტი ილია ჭავჭავაძე და ხმამაღლა განაცხადა, რომ გლეხს მიწა უნდა მიეცესო… ერთმა თავადმა ხანჯალი იშიშვლა და ლანძღვა-გინებით ილიასკენ გაიწია და ყვიროდა : “გამიშვით, გამიშვით! ეხლავე უნდა მოვკლაო“. ინციდენტის გარეშე არც მეორე კრებას ჩაუვლია: „მეორე კრებაზე გლეხთა განთავისუფლების წინააღმდეგ ილაპარაკა გენ.ლეიტ. ივ. მუხრანსკიმ. მან განაცხადა, რომ უმიწოთ გლეხთა განთავისუფლებას მთელი თავად აზნაურობა მიემხრობაო, მიწიანად კი – მხოლოდ ორიოდე კაცუნაო. ილია ჭავჭავაძემ ორატორს ხელი სტაცა, მოაბრუნა თავისკენ და ჰკითხა : „ვინ არიან ეგ კაცუნებიო?“[1]. ეს ორი ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ილია ჭავჭავაძე საკუთარი ხედვების ცხოვრებაში განსახორციელებლად აქტიურად იყენებდა ყველანაირ საშუალებას, მათ შორის, იმ მცირე წარმომადგენლობით ორგანოს, რასაც თავადაზნაურთა კრება წარმოადგენდა.

ილიას ბრძოლა გლეხთა კეთილდღეობისთვის ამით არ დასრულებულა. ამ ბრძოლის პერიოდში იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ნაკლებად ავტორიტეტული პიროვნება იყო, განსაკუთრებით იმ თავადაზნაურთა შორის, რომლებიც გლეხთა განთავისუფლების საკითხს წყვეტდნენ. რადგანაც ფართო ასპარეზზე ილია ვერაფერს გახდა, გადაწყვიტა საკუთარ „თვითმოქმედების“ პრინციპს დაბრუნებოდა და თავისი გლეხების მიწიანად განთავისუფლება მაინც უზრუნველეყო. 1905 წელს დაწერილ პუბლიცისტურ წერილში „ნუთუ?!“, იგი მოიხსენიებს, რომ თავის გლეხებს კერძო საკუთრება და ვენახები უსასყიდლოდ დაუთმო.  ქართველმა მკვლევარმა გურამ შარაძემ კი მოიძია რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც ადასტურებს ილია ჭავჭავაძის ამ მტკიცებას.[2]

„საქართველოს მოამბის“ დახურვის შემდგომ, ილია სახელმწიფო სამსახურში შევიდა და გაემგზავრა ჯერ ქუთაისში, შემდგომ კი – დუშეთში, სადაც მომრიგებელ შუამავლად (მოგვიანებით მომრიგებელი მოსამართლე) განაწესეს. მისი მოვალეობა გლეხთა განთავისუფლების შედეგად მათსა და მებატონეებს შორის წარმოქმნილი დავების მოგვარება იყო. ამ პერიოდში ილია ჭავჭავაძე სამოქალაქო აქტივიზმს მეტწილად შორდება, თუმცა სახელმწიფო სამსახურშიც კი საკუთარი ხედვების გამტარებლად რჩება და გლეხების სამოქალაქო და სამართლებრივი ინტერესების სწორუპოვარ მცველად გვევლინება (შარაძე, ილია ჭავჭავაძე – ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება 1987).

შენიშვნები

[1] ლ.ნანიტაშვილი, “ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება“ (თბილისი, 1989) გვ. 66-68

[2] გურამ შარაძე, “ილია ჭავჭავაძე, ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება“ (თბილისი, 1987) გვ.216-217

სტატია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობა“ შექმნილია ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს – რატი კობახიძეს – და შეიძლება არ გამოხატავდეს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხედვებს. Creative Commons License
სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 Unported ლიცენზიით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.