პოპულისტური ძალების გააქტიურება პოსტ-სოციალისტური სივრცის ქვეყნებში

(უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინა)

ნაწილი III – ჩეხეთი

ჩეხეთი

ჩეხური პოპულიზმი ისეთი მწვავე გამოწვევა არაა, როგორიც მისი უნგრული და პოლონური ანალოგები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პოპულისტური იდეების მქონე ძალები აქაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ნაშრომის ამ ნაწილში ასახულია, თუ რა ძალას წარმოადგენენ ჩეხი პოპულისტები, ვინ არის მათი ძირითადი მხარდამჭერი, რა იდეები აქვთ მათ საერთო და რით განსხვავდებიან აღნიშნული ტერმინის ქვეშ გაერთიანებული სხვა ევროპული ანალოგებისგან, რატომ არ წარმოადგენენ ისინი საფრთხეს ლიბერალური დემოკრატიისთვის და როგორია მათი საგარეო ორიენტაცია.

 

ზოგადი პოლიტიკური ფონი

მიუხედავად იმისა, რომ პოპულიზმი ჩეხეთში ბოლო ათწლეულში წარმოჩინდა განსაკუთრებული სიმძაფრით, იგი არც 90-იანი წლების ჩეხეთისთვის იყო უცხო. ამის დასტურია პოპულისტური „ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის“ პარტია (SPR-RSČ), რომელმაც პოპულარობის პიკს 1990-იანი წლების შუა პერიოდში მიაღწია. ის პირდაპირი მემკვიდრე იყო 1989 წლის მმართველი კომუნისტური პარტიისა (KSÈM). მას მხარს ძირითადად ის ადამიანები უჭერდნენ, რომლებიც ირიცხებოდნენ მმართველი კომუნისტური პარტიაში და აქტიურად ლობირებდნენ კომუნისტურ იდეოლოგიას. ნაწილობრივ 90-იანების კომუნისტურ ნიადაგზე დამყარებული პოპულიზმის გავლენა შეიმჩნევა დღესდღეისობით ჩეხურ პოპულიზმზეც. (Havlík, 2015)

თავად ტერმინი „პოპულიზმი“  2010 წლამდე საზოგადოებაში აქტიურად არ გამოიყენებოდა. 2010 წლისათვის კი გამოჩნდა ახლად ჩამოყალიბებული პარტია „საზოგადოებასთან ურთიერთობა“ (VV), რომელმაც პირველად წარმატებას მიაღწია პოპულისტური სტრატეგიის განხორციელებით, ის გამოირჩეოდა ანტი-კორუფციული რიტორიკით.

დღესდღეისობით მთავარი პოპულისტური ძალა, რომლის ლიდერიცაა პრემიერი ანდრეი ბაბიში, არის პარტია ANO 2011. ის კოალიცია, რომელშიც იმყოფებოდა ეს პარტია, 2013 წლის არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში შევიდა ხმათა 19%-ით, 2017 წელს ისინი ხმათა 30%-ით მთავრობაში მოვიდნენ. ამჟამად იგი ყველაზე პოპულარული პარტიაა ჩეხეთში.  გარდა ამისა, უფრო რადიკალური ცვლილებებისა და გარდაქმნების მომხრეა კიდევ ერთი პოპულისტური ძალა, „ბოჰემიისა და მორავიის კომუნისტური პარტია“, რომელმაც 2013 წლის არჩევნებში ხმათა 15% მიიღო, თუმცა 2017 წელს მათი მხარდაჭერა 8%-მდე დაეცა. (Ondřej Cisař, 2016)

ბაბიშის გარდა ჩეხეთის რესპუბლიკა კარგად იცნობს ტომიო ოკამურას, რომელიც არის მწერალი და ამავდროულად აქტიური პოლიტიკური აქტივობით გამოირჩევა. ის ბაბიშის იდეოლოგიასა და პირდაპირ დემოკრატიას უჭერს მხარს.

თავდაპირველად საზოგადოებრივ დისკურსში ოკამურა იყო მამოძრავებელი ძალა, თუმცა ეს მხოლოდ იქამდე, სანამ იგი საკუთარ პარტიას დააარსებდა. მან გამოაქვეყნა წიგნები მმართველობის შესახებ და ხელი შეუწყო პირდაპირ დემოკრატიას „კორუმპირებულ რეჟიმთან“ ბრძოლაში. (Císař, 2017)

პოპულიზმის მოძლიერების კიდევ ერთი გამოვლინებაა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მილოს ზემანის გამარჯვება, რომელიც გამოირჩევა მუსლიმი მიგრანტებისადმი ნეგატიური დამოკიდებულებით, იგი ასევე საუბრობს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობაზე. ზემანმა არჩევნებში ხმათა 51.4%-ით იმარჯვა (დაახლ. 2.7 მილ ხმა). (Santora, 2018)

 

პოპულისტთა ძირითადი მხარდამჭერები ჩეხეთში

კვლევა, რომელიც 2013 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდა, ამომრჩეველთა დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით ასახავდა, თუ ვინ რომელ პარტიას დაუჭირა მხარი. აღნიშნულ კვლევაში ჩანს, რომ იმგვარი ტიპის პოპულისტური პარტიის შემთხვევაში, როგორიცაა ANO 2011, ამომრჩეველთა შორის არ არის აშკარა რაიმე სახის დემოგრაფიული განსხვავება. ამავე კვლევის ანგარიშში წერია, რომ მათი ამომრჩეველი რადიკალურად არ განსხვავდებოდა სტანდარტული ამომრჩეველისგან, თუმცა, კვლევა ასახავს, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები შედარებით მცირე ასაკის ადამიანები არიან. აშკარაა, რომ პარტიას ემხრობა მოსახლეობის ფაქტობრივად ყველა ფენა.

კვლევების მიხედვით, ANO 2011 არ წარმოადგენდა განსაზღვრული იდეოლოგიის მქონე პარტიას 2013 წლის საარჩევნო კამპანიაში, ვინაიდან მათი მიზანი იყო როგორც მემარჯვნე, ისე მემარცხენე იდეების მქონე ამომრჩევლის გადაბირება. მოხსენების თანახმად, არჩევნებზე მათ მოიპოვეს იმ ადამიანთა დიდი ნაწილის მხარდაჭერა, რომლებმაც წინა არჩევნებზე ხმა მისცეს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. (Mazák, 2015)

 

პოპულისტთა ძირითადი იდეები და მათ მიერ მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვების გზები

სოციალური საკითხები, ანტი-ელიტიზმი

ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედი მთავარი პოპულისტური ძალის, ანდრეი ბაბიშის პარტია ANO 2011-ის შეხედულებები არის ცენტრისტული და ანტი-ელიტური. ბაბიში არის ჩეხეთის უმდიდრესი მეწარმე  და ქვეყნის უმსხვილესი აგრარული მეურნეობის მფლობელი,  სხვადასხვა ბიზნეს სექტორის მმართველი, მათ შორის საინფორმაციო საშუალებების. მისი პარტია სხვა დასავლური ქვეყნების პარტიების ანალოგია, ყველაზე ახლოს კი სილვიო ბერლუსკონის პარტიის შეხედულებებთანაა. ბაბიშის ხედვა მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს:

 

არაეფექტურ და კორუმპირებულ პოლიტიკური ელიტის განადგურება

რწმენა იმისა, რომ კომპეტენტური ლიდერი (ანდრეი ბაბიში) და პარტიის პოპულარული წევრები გაუძღვებიან და აღასრულებენ „შრომისმოყვარე ხალხის“ ნებას.

პარტია, როგორც თავად ამტკიცებს, შეიქმნა, რათა ებრძოლოს ჩეხეთში „გაბატონებულ” პოლიტიკურ ელიტას, რომელიც ხელს უშლის მშრომელ მუშებსა და გლეხებს კაპიტალის მოპოვებაში. ეს იდეა აისახა მათ პირველ სლოგანშიც: „ჩვენ არ ვგავართ პოლიტიკოსებს, ჩვენ ვმუშაობთ მუხლჩაუხრელად.“ 2014 წლის სლოგანი იყო “პრობლემებია?!”, რაც მოიაზრებდა მუშათა კლასში არსებულ პრობლემებს. ბაბიშიმ საზოგადოება იმდენად მოხიბლა საკუთარი პოპულისტური სლოგანებით, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში იგი იკავებდა ფინანსთა მინისტრის, შემდეგ კი პრემიერ მინისტრის პოსტს. იგი მუდმივად ცდილობს საზოგადებაში გამოამჟღავნოს საკუთარი პროფესიონალიზმი და თავი წარმოაჩინოს, როგორც ერთადერთი მაშველი ძალა, ის, ვინც მუდმივად „მუშათა კლასის“ გვერდით იდგება. ბაბიში მუდამ ხაზს უსვამს, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი. პოლიტიკა, კონსესუსი და დათმობები მისთვის მიუღებელია. (Císař, 2017)

ანტიმიგრანტული განწყობა

ქვეყნის პრეზიდენტზე, მილოს ზემანზე საუბრისას, უკვე აღინიშნა, რომ ჩეხი პოპულისტები ლოიალური დამოკიდებულებით არც მიგრანტებისადმი გამოირჩევიან. ამაზე მეტყველებს ჩეხეთის უარი იტალიის მოთხოვნაზე, გადაენაწილებინათ 450 თავშესაფრის მაძიებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე. პრემიერი ბაბიშის თქმით, იტალიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის აღნიშნულ მომენტამდე ჩატარებული  ბოლო სამიტის შეთანხმებას, პრემიერმა განაცხადა, რომ ევროპის კარი დაკეტილია თავშესაფრის მაძიებლებისთვის. (Lazarová, 2018)

 

ჩეხური პოპულიზმი და ლიბერალური დემოკრატია

მიუხედავად იმისა, რომ პოპულიზმი ჩეხეთშიც გააქტიურდა, ამ ქვეყანაში ეს ტენდენცია რეალურ საფრთხეს ისე ვერ უქმნის ლიბერალურ დემოკრატიას, როგორც თუნდაც პოლონეთსა და უნგრეთში. ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პლურალიზმი, საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონულ წარმომადგენლობას, ძლიერი ოპოზიცია პარლამენტსა და სენატში, იქ, სადაც მმართველი პარტია სუსტია, ქვეყნის დეპოლიტიზაცია, უფლებრივი ემანსიპაცია და კანონის უზენაესობა, ასევე ძლიერი, ჯანსაღი მედია და ბიზნეს კონკურენცია ლიბერალური დემოკრატიის მდგრადობაზე მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ არც პრეზიდენტ ზემანისადმი მხარდაჭერაა თვალშისაცემი და ძალიან დიდი, ვინაიდან მან მთავარ კონკურენტს არჩევნებში მხოლოდ 2%-ით სძლია. (BALÁZS JARÁBIK, 2018)

 

 

პოპულისტების საგარეო პოლიტიკური ხედვები ჩეხეთში

მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ზემანი ხშირად გამოხატავს მხარდაჭერას ევროკავშირისა და ნატოსადმი, მან გამარჯვების შემდეგ, მიმართვის დროს, განაცხადა, რომ მხარს უჭერს ხალხის ნებას, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი, რაც გულისხმობს ბლოკის წევრობასთან დაკავშირებულ რეფერენდუმსაც. (Santora, 2018)

როგორც აღინიშნა, ჩეხი პოპულისტები, ზემანისა და ბაბიშის ჩათვლით, ხშირად გამოხატავენ პრო-რუსულ იდეებს, ბაბიშის ერთ-ერთმა მომხსენებელმა ევროკავშირი მესამე რაიხსაც კი შეადარა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის პოპულისტი ლიდერები მაინც არ არიან ისე რადიკალურად ევროსკეპტიკურნი, როგორიც მაგალითად იაროსლავ კაჩინსკის მმართველი პარტიაა პოლონეთში და ისინი არც ისე მიელტვიან რუსეთთან დაახლოებას, როგორც ამას რეალურად აკეთებს უნგრეთში ვიქტორ ორბანი. (BALÁZS JARÁBIK, 2018)

 

დასკვნა

ამგვარად, ჩეხეთში პოპულისტური ძალების გააქტიურება აშკარაა და მათ აქვთ დიდი პოლიტიკური ძალაუფლება, პოპულისტად მოიაზრებიან ქვეყნის ლიდერები, პრეზიდენტი მილას ზემანი და პრემიერი ანდრეი ბაბიში. მხარდამჭერები მოსახლეობის ყველა ფენაში ჰყავთ, რომელთა გულსაც ისინი ანტი-მიგრანტული, ანტი-კორუფციული, ანტი-ელიტური და ნაწილობრივ სოციალისტური სენტიმენტების გაღვივებით იგებენ. თუმცა, მიუხედავად პოპულისტური ნიშნებისა, ქვეყანაში არსებული ლიბერალური განწყობა და ჩეხი პოპულისტების მისდამი არცთუ ისე მტრული დამოკიდებულების გამო ჩეხური პოპულიზმი, განსხვავებით პოლონური და უნგრული მაგალითებისგან, ლიბერალური მსოფლიო წესრიგისთვის აშკარა საფრთხეს არ წარმოადგენს. საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მხრივ, ჩეხეთის პოპულისტები არ გამოირჩევიან რადიკალური ევროსკეპტიციზმით, ისინი ფორმალურად მხარს უჭერენ ევროკავშირსა და ნატოს, თუმცა არ ეწინააღმდდეგებიან ბლოკის დატოვებას, რადგან, მათივე თქმით, მნიშვნელოვანია ჩეხი ხალხის ნება. ამასთანავე ისინი გამოხატავენ რუსეთთან დაახლოების სურვილსაც.

სარჩევი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.