თბილისის საადგილმამულო ბანკი და მისი მნიშვნელობა
დაარსება
9 წლის განმავლობაში ილია ჭავჭავაძე ძირითადად სახელმწიფო სამსახურით იყო დაკავებული. სწორედ ამ პერიოდში საქართველოში საფუძველი ეყრებოდა მეცხრამეტე საუკუნის, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი მნიშვნელობის პროექტს – სათავადაზნაურო ბანკს. ბანკის შექმნის იდეა ილია ჭავჭავაძეს არ ეკუთვნის. ამ პროექტის ავტორი არანაკლებ დიდი პიროვნება – დიმიტრი ყიფიანია. იგი ხვდებოდა, რომ ქართველი თავადაზნაურობა მარტივად ვერ გადაიტანდა გლეხთა განთავისუფლების პროცესს. შესაბამისად, მისთვის ბანკის უმთავრესი მიზანი თავადაზნაურთა ფენის ეკონომიკური კოლაფსისგან გადარჩენა იყო (ასათიანი 1994). ბანკის შექმნის იდეა 1864 წელსვე გაჩნდა, თუმცა ეს პროცესი გაიწელა. წესდების პირველ სარედაქციო კომიტეტში დიმიტრი ყიფიანი და ილია ჭავჭავაძე ერთად მუშაობდნენ.[1] წესდების მიღება და დამტკიცება მალევე ვერ მოხდა. ამ დროს ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ სახელმწიფო სამსახურში იყო და აქტიური ლიდერის როლს ვერ ითავსებდა. სიტუაცია შეიცვალა 1870 წლიდან, როდესაც დიმიტრი ყიფიანი თავადაზნაურთა მარშლის პოზიციიდან გადააყენეს და მის ნაცვლად რევაზ ანდრონიკაშვილი აირჩიეს[2]. ამ უკანასკნელმა ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა ბანკის დაარსების იდეას და სასესხო ამხანაგობის წესდების შედგენა დაიწყო (შარაძე, ილია ჭავჭავაძე – ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება 1987). ამის უარყოფით მხარეს ის წარმოადგენდა, რომ მსგავსი ორგანიზაცია გამორიცხავდა მისი რესურსის საზოგადოებრივი საქმისთვის გამოყენებას, რაც სრულიად ეწინააღმდეგებოდა იმას, რისთვისაც დიმიტრი ყიფიანი და სხვანი, მათ შორის, ილია ჭავჭავაძეც, იბრძოდნენ (ასათიანი 1994).
ქართველი ახალგაზრდობა დაირაზმა ამ ახალი პროგრამის წინააღმდეგ, თუმცა მათ ესაჭიროებოდათ ლიდერი. ნიკო ნიკოლაძე თავის წერილში „ჩემ პოლიტიკაზე“ იხსენებს: „რამდენჯერ დაგვჭირდა დუშეთს ასვლა 1871-1873 წწ., რამდენ ყმაწვილს, რამდენი მეცადინეობა დაგვჭირდა, რომ ილია ჭავჭავაძისთვის სახელმწიფო სამსახურზე ხელი აგვეღებინებინა, ბანკის დაარსება იერიშით აგვეღო, ბანკი განახლების ბანაკად გვექცია და შიგ ჭავჭავაძე ძალდატანებით ქართული საქმის სათავეში ჩაგვეყენებია.“[3]
ილია ჭავჭავაძემ მართლაც 1872 წლის თავადაზნაურთა კრებაში მონაწილეობა მიიღო, გამოვიდა სიტყვით, დაგმო რ. ანდრონიკაშვილის პროექტი. როგორც ჩანს, მის გამოსვლას დიდი გავლენა მოუხდენია შეკრებილ ხალხზე, რადგან უკვე შემდგომ კრებაზე ბანკის ტიპი საბოლოოდ გადაწყდა, ილია ჭავჭავაძემ და პროგრესულმა ახალგაზრდობამ თავისი გაიტანა – საქართველოში არსდებოდა პირველი ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ, საკმაოდ დიდ რესურსს საზოგადოებრივი საქმიანობისთვის გამოიყენებდა. ბანკი მალევე ვერ დაარსდა და იგი ფუნქციონირებას მხოლოდ 1875 წლიდან შეუდგა. ილია ჭავჭავაძე ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს და ამის შემდგომ, თითქმის სიცოცხლის ბოლომდე ბანკის მართვა-გამგეობაში აქტიურად მონაწილეობდა (შარაძე, ილია ჭავჭავაძე – ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება 1987).
საადგილმამულო ბანკის საქმიანობა
საადგილმამულო ბანკს საქართველოს პარლამენტსაც ეძახდნენ, რადგანაც სწორედ მის სხდომებსა და საერთო კრებებზე იკრიბებოდა ქართველთა ელიტა. ისინი წყვეტდნენ თუ როგორ დაეხარჯათ საბანკო საქმიანობისგან მიღებული ფული. როგორც თავიდანვე აღინიშნა, ბანკი საზოგადოებრივი დაწესებულება იყო და ილია ჭავჭავაძესთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვან დებულებას წარმოადგენდა. საკუთარი შეხედულება მან ნათლად საპროგრამო სიტყვაში ჩამოაყალიბა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბანკი არ შექმნილა ცალკეულ ადამიანთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ცალკე აღებული პირისთვის მისგან მიღებული ბენეფიტი მხოლოდ სესხი შესაძლოა ყოფილიყო: „ვინც მაინც და მაინც ბანკს შეჰხარის მარტო თავისი პირადი სარგებლობისთვის, ის ბანკისგან უნდა მოელოდეს მხოლოდ იმას, რომ ბანკი ფულს ასესხებს, იმასაც დიდი სიფრთხილით, რომ ბანკს ფული არ დაეკარგოს.“[4] ილიას მოსაზრებით, მხნე და გამრჯე ადამიანი სესხს სათავისოდ მოიხმარს, საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს, ვალსაც დააბრუნებს და უფრო ბედნიერადაც იცხოვრებს. ბანკის დაარსების მიზანი კი არა ცალკეულ პირთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, არამედ ისაა, რომ სასესხო კაპიტალი რაციონალურად დაიხარჯოს: „მაგ ფულს ერთი გროშიც არ დაეკარგოს, სესხმა ფული ასარგებლოს, ფულმა ფული მოიგოს,“[5] ხოლო ბანკის მიერ მოგებული ფული, ილიას წარმოდგენით, ორ რამეში უნდა დაიხარჯოს: ქვეყნის საერთო საჭიროებები და იმათი დახმარება, ვინც უბედურების და არა სიზარმაცის გამო სიღარიბეში ჩავარდნილა. ბანკის საქმიანობა ადასტურებს იმას, რომ ილია ჭავჭავაძეს არ გადაუხვევია თავისი საპროგრამო სიტყვიდან. ილიას თაოსნობითა და ლობირებით ბანკმა 15000 მანეთი გაიღო კახეთში რკინიგზის მშენებლობისთვის[6], 1879-1909 წლებში თბილისის ქართული გიმნაზიის საჭიროებისთვის გაიცა 1304883 მანეთი[7], ის აფინანსებდა ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსებულ სამეურნეო სკოლას[8], განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქალთა განათლების საკითხს და აძლევდა ფულად რესურსებს გორის, თბილისისა და თელავის ქალთა სასწავლებლებს[9]. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც“ სახსრებს სწორედ ბანკისგან იღებდა[10], საადგილმამულო ბანკისავე დახმარებით აღდგა ქართული თეატრი[11]. ილია ჭავჭავაძის აქტიური მონაწილეობით ბანკმა გაიღო სახსრები ქოლერის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე შიმშილიანობის დროს ხალხის დასახმარებლად[12]. აღსანიშნია ის ფაქტორი, რომ ილიას ხშირად უწევდა წინააღმდეგობის დაძლევა ამ პროექტების განხორციელებისას. მოწინააღმდეგეთა არგუმენტს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ფული იხარჯებოდა არა თავადაზნაურებისთვის, არამედ სხვა ფენების წარმომადგენლებისთვისაც, მაშინ როცა ბანკი თავადაზნაურთა ფულით დაარსდა. ილიასთვის მსგავსი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელი იყო. მას მომავალი თაობის წარმომადგენელი – ნოე ჟორდანიაც დააბრალებს, რომ ბანკი წოდებრივი ორგანო იყოო, თუმცა შევხედავთ რა მის საქმიანობას, ადვილად შევამჩნევთ, რომ რესურსები არა მხოლოდ ერთი კონკრეტული წოდებისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის საჭირო პროექტებს ხმარდებოდა. ილია ჭავჭავაძისთვის საადგილმამულო ბანკი მისი „თვითმოქმედების“ პრინციპის ცხოვრებაში განხორციელება იყო და ამას პირდაპირაც წერს: „ერთი ამისთანა ნაყოფი თვითმოქმედებისა ტფილისის და ქუთაისის ბანკებია და მათის შემწეობით დაარსებული სათავად-აზნაურო სკოლები.“[13]
გარდა იმისა, რომ ბანკმა არაერთი საზოგადოებრივი პროექტი განახორციელა, ის ასევე საჯარო სფეროს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. მის გარშემო მიმდინარე დებატების განმავლობაში ქართული ეროვნული მოძრაობის ინტელექტუალური სიღრმე კიდევ უფრო გაიზარდა, ქართული გაზეთების მკითხველები ეცნობოდნენ და უფიქრდებოდნენ სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებს, ხოლო ბანკის სხდომები გახდა მუდმივი დებატებისა და განხილვების ადგილი.
ამ დებატებმა დაკარგა თაობათაშორისი ხასიათი, იგი ძირითადად უშუალოდ თერგდალეულთა ან მათ თანამოაზრეთა შორის მიდიოდა. ბანკის გარშემო ილია ჭავჭავაძეს სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა ასპექტებზე დაუპირისპირდნენ აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი ყიფიანი და ბოლოს ივანე მაჩაბელი.
დებატები ბანკის გარშემო
აკაკი წერეთლის მოსაზრებით, ბანკი თუმცა ზოგადად კარგ რამეს წარმოადგენდა, მაგრამ ქართული საზოგადოება მისთვის მზად არ აღმოჩნდა – ქართველებმა ფულის შოვნის მარტივი გზა იპოვეს, შემდგომ ეს თანხა ვალად დაედოთ და გადახდა ვეღარ მოახერხესო – ამბობდა იგი (ჭავჭავაძე, ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკი(პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან და აკაკი წერეთელთან) 1956). ილიას პასუხი პირდაპირი და მარტივია: „ნუთუ აქედან ის გამოდის, რომ რკინისგზა ჩვენთვის მავნებელია? არა გვგონია. როგორც რკინისგზა არ არის მავნებელი იმით, რომ ადვილად სასიარულო სახსარი მოგვცა, ისეც ბანკი, რომ ძნელად საშოვარი ფული ადვილად საშოვარი გაგვიხადა“[14] . მისი მოსაზრებით, ფულთან წვდომის გამარტივება თავისთავადად კარგი რამაა, ხოლო თუკი ამ რესურსს ადამიანი სათავისოდ ვერ გამოიყენებს, ეს მისი პრობლემაა და არა ბანკის: „ბანკი არაფერს შუაშია, თუ ვინმე ფულს გაიტანს იმისათვის, რომ წყალში გადაჰყაროს, ან ტყუილუბრალოდ, უხეიროდ გაჰფლანგოს.“[15]
დიმიტრი ყიფიანის წუხილი არა უშუალოდ ბანკის არსებობას შეეხებოდა (როგორც მოვიხსენიეთ, იგი თავად იყო იდეის ავტორი), არამედ იმას, რომ საპროცენტო განაკვეთი ბანკში ზედმეტად მაღალი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ დიმიტრი ყიფიანი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბანკის შექმნის პროექტს ხელმძღვანელობდა, მუდმივად აპელირებდა იმაზე, რომ კრედიტი იაფი უნდა ყოფილიყო. მისი მთავარო ამოცანა თავადაზნაურთა გადარჩენა და მათი ეკონომიკური გაჯანსაღება იყო (ასათიანი 1994). ილია ჭავჭავაძე ამ მოსაზრებას არ იზიარებდა – მისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბანკს ეარსება, რათა შესძლებოდა ქვეყანაში კულტურული და საზოგადოებრივი საქმიანობის დაფინანსება. თავადაზნაურთა კლასის გადარჩენა, განსაკუთრებით მათი, რომლებიც შრომითა და გარჯით თავს არ იწუხებდნენ, ილია ჭავჭავაძის ბანკის თვითმიზანი არც არასდროს ყოფილა. კრედიტის ფასი, ილიას მოსაზრებით, ობიექტურ გარემოებათა შედეგად მიღებული რიცხვია და არა ვინმეს ნება-სურვილზე დამყარებული რამ. დიმიტრი ყიფიანისადმი დაწერილ პუბლიცისტურ წერილთა სერიაში ილია მათემატიკურად უმტკიცებს მას თავის სიმართლეს. (ჭავჭავაძე, ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკი(პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან და აკაკი წერეთელთან) 1956)
ნიკო ნიკოლაძის ძირითადი მოთხოვნა ის იყო, რომ როგორმე მიწა ქართველთა ხელში დაეტოვებინათ. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ნიკო ნიკოლაძე ეკონომიკურ საკითხებში საკმაოდ განათლებული პიროვნება იყო და კარგად ესმოდა ბანკის მუშაობის სპეციფიკა. მისი მცდელობა იმას ემსახურებოდა, რომ ეკონომიკური რესურსი ქართველთა ხელშივე დარჩენილიყო და არ აღმოჩენილიყო უცხოელი ბურჟუას საკუთრებაში. ნიკო ნიკოლაძის ოცნებას ქართული საშუალო ფენის და ბურჟუაზიის შექმნა წარმოადგენდა. მისი შემოთავაზებული გზა გულისხმობდა, რომ ბანკს პირველ რიგში მიწის მიყიდვა ამ მიწის მეზობლად მცხოვრები მესაკუთრეებისთვის უნდა ეცადა (ასათიანი 1994). ილია ჭავჭავაძისთვის კვლავ უმნიშვნელოვანესი ბანკის არსებობა იყო, შესამისად, მისი აზრით, სწორი ის იქნებოდა მიწა იმისთვის მიეყიდათ, ვინც უფრო მეტს გადაიხდიდა, ხოლო ამ პოზიციისგან რაიმე გადახვევა თავისუფალი ეკონომიკის პრინციპების ღალატი იქნებოდა (ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე და მისი შეხედულება ბანკზე 1956). აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მალევე ნიკო ნიკოლაძემ პოზიცია შეცვალა და ბანკის ილიასეული პოლიტიკის დამცველი გახდა[16].
ილიასა და ივანე მაჩაბლის დაპირისპირება თავისი მასშტაბურობით ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ამას „ბანკობიადასაც“ ეძახდნენ. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი იგონებს, ამ პროცესამდე გავრცელებული იყო აზრი, რომ ილია ჭავჭავაძის მემკვიდრე ივანე მაჩაბელი უნდა ყოფილიყო (თაყაიშვილი 1987). მათ იქამდე ერთად თარგმნეს „მეფე ლირი“ და დიდი ხნის განმავლობაში გვერდიგვერდ იბრძოდნენ საერთო საქმისთვის. 1881 წლიდან მოყოლებელული ბანკის მმართველობაში მონაწილეობას მსესხებლებიც იღებდნენ, რამაც დამფუძნებელი თავადაზნაურობის გაწბილება და დარაზმვა გამოიწვია (ასათიანი 1994). მალევე თავადაზნაურთა ამ დაჯგუფებას ივანე მაჩაბელიც შეუერთდა – იგი ბანკის ერთ-ერთი დირექტორი იყო. იგი ამ დაჯგუფების ლიდერად იქცა და „ბანკობიადაც“ დაიწყო. გრიგოლ ყიფშიძე მიიჩნევს, რომ დავა ილიასა და ივანეს შორის მწერლობის ნიადაგზე გაჩნდა, უფრო სწორად კი მაშინ, როდესაც ჯერ ილიამ ივანეს ყოველთვიურ ჟურნალს დახმარება არ გაუწია, შემდგომ კი „დროების“ რედაქტორად არა მაჩაბელი, არამედ სხვა ადამიანი – ნ. ქანანოვი დაასახელა (ყიფშიძე 1987). ამის მერე მაჩაბელს მალევე მიუტოვებია „ივერიის“ მეორე რედაქტორის თანამდებობა და მაინც მოუხერხებია „დროების“ ხელში ჩაგდება. თავდაპირველად ბანკში ისინი მაინც კარგად თანამშრომლობდნენ. აქტიური დაპირისპირება 1889 წლიდან დაიწყო, როდესაც ბანკის მესამე დირექტორად ისეთი პიროვნება (გ.თარხნიშვილი) აირჩიეს, რომელიც თავიდან ივანეს უჭერდა მხარს, არჩევის შემდგომ კი ილიას პოზიციის დამცველი გახდა[17]. მოგონებებში უფრო მეტად ვხვდებით მოსაზრებას, რომ დაპირისპირება ილიასა და ივანეს შორის პიროვნულ ნიადაგზე დაიწყო, თუმცა მკვლევარი იოველ ასათიანი ამ მოსაზრებას არ იზიარებს და ამ ორი ადამიანის დაპირისპირებას იდეოლოგიურ ელფერს ანიჭებს, რაც სხვადასხვა გარემოებებით დასტურდება (ასათიანი 1994). დაპირისპირება გამწვავდა 1890 და 1891 წლის კრებებზე, რომლის შემდეგაც ნათელი გახდა, რომ ივანე მაჩაბელი დიმიტრი ყიფიანის პოლიტიკის დამცველი და გამგრძელები გახდა[18]. იგი ამტკიცებდა, რომ ბანკმა მამულები არ უნდა გაყიდოსო და უფრო მეტი გულისხმიერება უნდა გამოიჩინოსო[19] – რადგანაც მამულებს ბანკში თავადაზნაურობა დებდა, ეს დამოკიდებულება სწორედ ამ ფენის პოზიციას გამოხატავს. ილიასთვის, როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანი არა თავადაზნაურობის გადარჩენა, არამედ საზოგადოებრივი საქმიანობის წარმოება იყო. მაჩაბლის საპასუხო სიტყვაში მან თქვა: „ერთი მსესხებელი მოვიდა ვადაზედ და დაგვიწყო მუდარა, რომ სამოცდაათი თუმნის მაგიერ, რომელიც შემოსატანი მაქვს, თხუთმეტი აიღეთ და დანარჩენი მადროვეთო. მე უარი ვუთხარი, არ შეიძლება მეთქი, მამულს გამიყიდითო? რასაკვირველია, გაგიყიდით მეთქი, ოც თუმანს მოგცემთო. არ შეიძლება, ორმოცდაათს, აპა სამოცს. არ შეიძლება, რომ ვერას გახდა, აიღო და სულ შემოიტანა. როცა ვკითხე კაცო, თუ ფული გქონდა, რაღას გვალაპარაკებდი, ის გვიპასუხებს, რომ ცოტა მინდოდა გადამენარჩუნებინა, პატარა, ქალაქში გამევლო-გამომეარნაო. ი.მაჩაბლის გულჩვილობა რომ გამომეჩინა, ვადას მივცემდი, იმ ფულებს მიაფშვნეტდა და მეორე ვადაზედ მამული გაეყიდებოდა, განა ცუდი ვქენი, რომ შეღავათი არ მივეცი.“[20] მას ესმოდა, რომ ამგვარ დამოკიდებულებას გულქვაობად ჩაუთვლიდნენ, თუმცა მისი მოსაზრებით სხვანაირად ბანკის მართვა შეუძლებელი იქნებოდა. დაპირისპირებამ კრებებიდან გაზეთის ფურცლებზეც გადაინაცვლა. „ბანკობიადა“ მხოლოდ 1896 წელს დასრულდა. გამარჯვებას ილია ჭავჭავაძემ და მისმა პრინციპულმა პოლიტიკამ მიაღწია. ექვთიმე თაყაიშვილის შეფასებით: „ამ ბრძოლამ ილია, ბოლოს და ბოლოს გამოაცოცხლა. თუ ერთ დროს ის მართლაც მიძინებულ ლომს წარმოადგენდა, ახლა ლომმა გაიღვიძა, გაშალა ბრჭყალები და მიფანტ-მოფანტა წინააღმდეგნი. ნერვიულმა ვანო მაჩაბელმა კი ეს ბრძოლა ფიზიკურად ვერ გადაიტანა.“[21] გრიგოლ ყიფშიძე კი მიიჩნევს, რომ ამ ბრძოლამ თავისი დაღი ილია ჭავჭავაძესაც დაასვა: „ხოლო ილია, რომელიც, როგორც რომაელი სტოიკოსი, ისე ითმენდა თავის მოწინააღმდეგეთა დასევას, გარეგნობით იყო სრულიად დამშვიდებული, გულში კი ჯოჯოხეთს ცეცხლი უტრიალებდა, ისე დაძაბუნდა, ისე გატყდა, რომ თითქმის არც გული, არც ღვიძლი და ფილტვები მრთელი და საღი აღარა ჰქონია“[22].
ილია ჭავჭავაძე ბანკში 1905 წლამდე მოღვაწეობდა. ამ პერიოდში ბანკი არათუ არ გაკოტრებულა, არამედ თავისი ქონება გაზარდა კიდეც და როგორც ზემოთ აღინიშნა, უზარმაზარი რესურსი დახარჯა სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი პროექტებისთვის. ჯამში, 1875 წლიდან 1909 წლამდე, თბილისის საადგილმამულო ბანკს საზოგადო საჭიროებებისთვის გაუღია 1944136 მან და 38 კაპ (ასათიანი 1994).
რომ შევაჯამოთ, ბანკი ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი საქმიანობის ფუნდამენტური ნაწილია. მან, თავისი მკაცრი, თუმცა პრინციპული პოლიტიკით, არა მხოლოდ შექმნა, არამედ შეინარჩუნა კიდეც იგი და მოახმარა ეს რესურსი საერთო საჭიროებებს, რომელთაგან ფუნდამნეტური მნიშვნელობის იყო საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები. ამასთან ერთად, ბანკმა ქართულ საზოგადოებაში ახალი სადისკუსიო თემა – ეკონომიკური საკითხები გააჩინა. ბანკის სხდომები გახდა მნიშვნელოვანი საჯარო ტრიბუნა, შესაძლოა ითქვას, რომ ბანკის შექმნით, ილიამ ასევე შექმნა ის პირველი ინსტიტუცია, რომელშიც პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების შესაძლებლობა გააჩნდა.
შენიშვნები
[1] იქვე, გვ.241
[2] იოველ ასათიანი “ილია ჭავჭავაძე და თბილისის ქართული საადგილმამულო ბანკი“ (თბილისი,1994) გვ. 101
[3] ნიკო ნიკოლაძე, “ჩემ პოლიტიკაზედ“ (თბილისი, ნაკადული, 1997) გვ. 286
[4] ასათიანი, “ილია ჭავჭავაძე და საადგილმამულო ბანკი“ გვ. 130
[5] იქვე, გვ 131
[6] იქვე, გვ 229
[7] იქვე, გვ. 235
[8] იქვე, გვ. 240
[9] იქვე, გვ.240-241
[10] იქვე, გვ 241-248
[11] იქვე, გვ 259
[12] იქვე,გვ261-263
[13] ილია ჭავჭავაძე, “ტფილისის ქართლი საადგილმამულო ბანკის მორიგი კრების გამო“(თბილისი, 1956) გვ. 345
[14] ილია ჭავჭავაზე, “ ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკი(პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან და აკაკი წერეთელთან)“ (თბილისი, 1956) გვ. 377
[15] იქვე, გვ.377
[16] ასათიანი, “ილია ჭავჭავაძე და საადგილმამულო ბანკი“ გვ.278
[17] გრიგოლ ყიფშიძე, “ილია ჭავჭავაძე(ბიოგრაფია)“ (თბილისი, მერანი, 1987) გვ. 94
[18] ასათიანი, “ილია ჭავჭავაძე და საადგილმამულო ბანკი“ გვ.305
[19] იქვე, გვ 300
[20] იქვე, გვ 301-302
[21] ექვთიმე თაყაიშვილი, “რჩეული ნაშრომები“ (თბილისი, მერანი, 1987) გვ.273
[22] გრიგოლ ყიშიძე, “ილია ჭავჭავაძე(ბიოგრაფია)“ გვ. 95-95
-
სარჩევი
- 1.) ილია ჭავჭავაძე და „თვითმოქმედების“ პრინციპი
- 2.) პირველი ნაბიჯები სამოქალაქო ცხოვრებაში
- 3.) გლეხთა განთავისუფლება
- 4.) თბილისის საადგილმამულო ბანკი და მისი მნიშვნელობა
- დაარსება
- საადგილმამულო ბანკის საქმიანობა
- დებატები ბანკის გარშემო
- 5.) პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში – „წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“
- 6.) გაზეთი „ივერია“
- ილია ჭავჭავაძე, „ივერია“ და აჭარა
- ილია ჭავჭავაძის სოციალური შეხედულებანი
- „ივერია“ და ახალი თაობა
- „ივერიას“ როლი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში
- 7.) ილია ჭავჭავაძე და ქართველთა პირველი მანიფესტაციები
- დიმიტრი ყიფიანის დასაფლავება
- კრწანისის ბრძოლის 100 წლისთავი
- რაფიელ ერისთავი იუბილე
- 8.) ილია ჭავჭავაძე პოლიტიკაში
- 9.) „არც მანამდის, არც შემდეგ, ალბათ ტფილისს არ უნახავს ასეთი დასაფლავება“
- ბიბლიოგრაფია