პოპულისტური ძალების გააქტიურება პოსტ-სოციალისტური სივრცის ქვეყნებში
(უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინა)
ნაწილი IV -სომხეთი
სომხეთი
სომხეთში ისე მწვავე და აქტუალური არაა პოპულიზმის საკითხი, როგორც დანარჩენ შემთხვევებში. დოკუმენტის ეს ნაწილიც, მსგავსად სხვა ქვეყნების შემთხვევებისა, ქვეყნის პოლიტიკური რეალობის აღწერით იწყება და ეხება იმ რევოლუციას, რომელიც 2018 წლის გაზაფხულზე მოხდა. საუბარია იმაზე, თუ რა გზებით მოახერხა ახალმა ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ხალხის მხარდაჭერის მოპოვება და სერჟ სარგისიანის 10 წლიანი მმართველობის დასრულება, რა მეთოდებით განაგრძობს იგი მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვებას.
ნაშრომის სხვა თავებისგან განსხვავებით სომხეთის შემთხვევაში არ არის საუბარი ფაშინიანის პოპულიზმზე ლიბერალური მსოფლიო წესრიგის სპექტრში, სომხური პოპულიზმის სიმწვავის და აქტუალურობის ნაკლებობა სწორედ იმითაც გამოიხატება, რომ აღნიშნული ძალა აქ სულაც არ აპელირებს იმ პოპულისტურ იდეებსა და ანტი-ლიბერალურ პრინციპებზე, რომლებიც ევროპელი პოპულისტების მთავარი სალაპარაკო თემაა. ეს განპირობებულია ქვეყნის პოლიტიკური რეალობით და იმ გამოწვევებით, რომელთა წინაშეც დღეს სომხეთი დგას. სომეხი პოპულისტების რეტორიკა ძირითადად მოსახლეობის სიდუხჭირიდან ამოყვანითა და მუდმივად საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის საგარეო ურთიერთობების დალაგების იდეით შემოიფარგლება. თემის განხილვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის აღწერით სრულდება, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოდგენას ქმნის სომხეთის მცდელობაზე, ჰქონდეს დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, მეორე მხრივ კი, ადასტურებს, რომ სომხეთი 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციისა“ და სერიოზული პოლიტიკური ძვრების შემდეგ მაინც რუსეთის ორბიტაზე რჩება.
ახალი პოლიტიკური რეალობა – 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუცია
2018 წლის აპრილამდე სომხეთს 10 წლის განმავლობაში მართავდა სერჟ სარგისიანი, რომელსაც პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. სარგისიანი იყო სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ლიდერი. თუმცა 2018 წლის აპრილში დაიწყო მასობრივი გამოსვლები ქვეყნის ლიდერის წინააღმდეგ, ხალხი ითხოვდა მის გადადგომას, მასობრივი მანიფესტაციების საბაბს კი წარმოადგენდა ის, რომ სომხეთის საპრეზიდენტო წყობიდან საპარლამენტოზე გადასვლის კვალდაკვალ სარგისიანმა საკუთარი მმართველობის განმტკიცება და ამჯერად პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება განიზრახა, რასაც სომხეთის მოსახლეობა არ შეეგუა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სარგისიანი მანამდე იძლეოდა დაპირებებს სახელმწიფო წყობის შეცვლის შედეგად მის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის არ-დაკავების თაობაზე (Bohdan, 2018).
სომხეთის ხავერდოვანი რევოლუციისას ასპარეზზე გამოვიდა და მასებს სათავეში ჩაუდგა ნიკოლ ფაშინიანი, ოპოზიციურ ბლოკ „ელკი“-ს ლიდერი. აქამდე ამ ბლოკს პარლამენტში 8%-იანი წარმომადგენლობა ჰყავდა. საპროტესტო გამოსვლები 31 მარტს დაიწყო ფაშინიანის ორკვირიანი მსვლელობით გიუმრიდან ლოზუნგით „ჩემი ნაბიჯი“. მანიფესტაციები უშედეგო არ აღმოჩნდა, სარგისიანი გადადგა. 8 მაისს ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის შედეგად 59 ხმით 42-ის წინააღმდეგ ფაშინიანი აირჩა პრემიერ-მინისტრად (BBC, 2018).
აღსანიშნავია, რომ მანიფესტაციებში, რომლებიც მარტის ბოლოს დაიწყო და მთელი აპრილის განმავლობაში მიმდინარეობდა, სომხეთის მოსახლეობის დაახლოებით 20% იყო ჩართული. (Carroll, 2018)
გზები ხალხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად
უბრალო კაცის სახე
ნიკოლ ფაშანიანის პოპულისტური სახის გამოხატულება იყო მისი მცდელობა და სურვილი, ყოფილიყო ხალხთან მისგან არაფრით გამორჩეული. მან დაგეგმა 2 კვირიანი მსვლელობა გიუმრიდან ერევნამდე და მთელი ამ დროის განმავლობაში ის ცდილობდა, წარმოჩენილიყო, როგორც ერთი უბრალო კაცი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული. ღია ცის ქვეშ ძილი, უბრალო ჩაცმულობა, გაუპარსავი წვერი, სწორედ ასეთი ვიზუალური ელემენტებით ცდილობდა ფაშინიანი, ყოფილიყო არაფრით განსხვავებული დანარჩენებისგან, რითაც მან დაიმსახურა უბრალო ხალხის სიმპათია. როგორც ფაშინიანის ერთ-ერთი ახალგაზრდა მრჩეველი ამბობდა: „თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ ის ისეთ ისტორიულ ფიგურებს, როგორებიც იყვნენ ნელსონ მანდელა და მაჰათმა განდი“. (ედუარდ აგაჯანიანი) (Guardian, 2018)
გამჭვირვალობა
პოპულისტური ხერხების გამოყენება ფაშინიანს არც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეუწყვეტია. მან შექმნა Facebook გვერდი, რომლითაც ფაქტობრივად ყოველდღიურად მიმართავს ხალხს და „ანგარიშს აბარებს“ მათ იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა კონკრეტულ დღეს იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წასულიყო. ამავეს ავალდებულებს იგი საკუთარ მინისტრებსაც. ფაშინიანის მხრიდან პიარზე გათვლილი სწორედ ამ ტიპის ქმედებები შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს პოპულისტურად, ამ გზით იგი ცდილობს უბრალო ხალხის, რიგითი მოქალაქეების, სიმპათიების მოპოვებას. (maxim_nm, 2018)
კორუფცია, ემიგრაცია, სასამართლო სისტემა
სხვადასხვა კვლევასა და გამოკითხვაზე დაყრდნობით სომხეთში ქვეყნის მთავარ პრობლემად ძირითადად მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს კორუფციის მაღალ დონეს, ოლიგარქ დეპუტატებს, რომლებისგანაც, მათი აზრით, უნდა გათავისუფლდეს პარლამენტი, პრობლემების ნუსხას ემატება სასამართლო სისტემის გაუმართაობა და ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი. გაეროს 2017 წლის მონაცემებით 900 ათასი სომეხი, რომელიც სომხეთში დაიბადა, ახლა ცხოვრობს საზღვარგარეთ და ეს იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთში სულ დაახლოებით სამი მილიონი ადამიანია დარჩენილი, მაშინ, როცა ქვეყანას დაახლოებით 8 მილიონიანი დიასპორა ჰყავს. (Bershidsky, 2018)
ეკონომიკური საკითხები და პიროვნული თავისუფლება
მონოპოლიების გაუქმება, ბიზნესისთვის თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, ტარიფების გადახედვა და ინდივიდუალური უფლებების დაცვა ის საკითხებია, რომლებზე რეაგირებასაც სომხური საზოგადოება ახალი მთავრობისგან ელის. (პეტროსიანი, 2017) სწორედ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ფაშინიანმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები. როგორც კი ჩამოაყალიბა ახალი პარლამენტი, კორუფციაში მხილებული ჩინოვნიკების დიდი ნაწილი, რომლებიც კომუნისტების დროიდან მოყოლებული მაღალ თანამდებობებზე იყვნენ, ფაშინიანმა გაანთავისუფლა და მათ ადგილას დასვა ახალი თაობის წარმომადგენლები. ის ადამიანები, რომლებიც, მისი აზრით, არ იმუშავებენ ძველი კორუმპირებული სქემებით და აქცენტს ქვეყნის კეთილდღეობასა და წინსვლაზე გააკეთებენ.
ახალი მთავრობა გეგმავს დიზელზე მონოპოლიის წინააღმდეგ ბრძოლასაც, მათი თქმით კონკრეტული სექტორები უნდა იყოს ლიბერალიზებული და ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს ბიზნესის წარმართვის საშუალება (Lragir, 2018).
რეფორმები ჯარში
ფაშინიანის ხელისუფლება ყურადღებას იჩენს სამხედროების მიმართაც. ისინი მიიჩნევენ, რომ ჯარისკაცებმა არაფერი არ უნდა იყიდონ თვითონ და მათი მომარაგება საჭმლით, ტკბილეულობითა და ჰიგიენური საშუალებებით უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვინმე უარს იტყვის ამ პრივილეგიით სარგებლობაზე, ფაშინიანმა ბრძანა, რომ პირადად დაუკავშირდნენ მას. ამ მიმართვის შემდეგ მეორე დღესვე ფაშინიანს მიუვიდა წერილები ჯარისკაცებისგან, რომ ჯარში პირველად აძლევდნენ ტკბილეულს, ხილს და, ზოგადად, მსგავსი ტიპი საკვებს. ამგვარად, მმართველობის დასაწყისშივე სომხეთის ახალმა მთავრობამ მოახერხა ჯარის კეთილგანწყობის ნაწილობრივ მოპოვებაც. (maxim_nm, 2018)
საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია – ისევ რუსეთის ორბიტაზე
მმართველობის დასაწყისში ფაშინიანს უკვე ჰქონდა გამოსვლა და საუბარი ყარაბაღის პრობლემასა და თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობაზე. მან მზადყოფნა გამოთქვა აზერბაიჯანთან დიალოგის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებებში მომაწილეობას მიიღებს ასევე ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის წარმომადგენლობაც, რასაც, ლოგიკურია, აზერბაიჯანი არ დათანმხდება, ვინაიდან მათი მხრიდან ამ საკითხზე თანხმობა ფაქტობრივად ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარების ტოლფასი იქნება. ყარაბაღის რესპუბლიკის საყოველთაო აღიარების მოპოვების შემთხვევაში კი დიდია ალბათობა, რომ ეს ერთეული სომხეთს შეუერთდეს, რაც აზერბაიჯანში წარმოუდგენლად მიაჩნიათ. (Ф.Багирова, 2018)
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ფაშინიანმა განაცხადა, რომ მას სურს, სომხეთს ჰქონდეს ყველასთან კარგი ურთიერთობა და ერთ ძალასთან მეგობრობა არ უნდა იქნეს მიღწეული მეორესთან მტრობის ხარჯზე. პარტნიორებზე საუბრისას მან ახსენა რუსეთი, საქართველო, ირანი, ევროკავშირი და განაცხადა, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანთანაც უნდა მოხერხდეს ურთიერთობების მაქსიმალურად უმტკივნეულოდ დალაგება. (Carroll, 2018)
ასევე აღნიშნა, რომ შეინარჩუნებს კარგ ურთიერთობებს და ყველა ხელშეკრულებას დასავლეთთანაც და რუსეთთანაც და დარჩება ევრაზიულ კავშირშიც. სომხეთის ახალი მთავრობა, ერთი მხრივ, ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობას განიხილავს სტრატეგიულ ობიექტად, პუტინთან სოჭში შეხვედრის შემდეგ ის ელოდება პოზიტიურ შედეგებს ევრაზიული კავშირისგან, რომელიც სომხეთის ეკონომიკის გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ გზად მოიაზრება ქვეყანაში. მეორე მხრივ, ევროკავშირთანაც ელის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და მისი დახმარებით საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც, მაგალითად, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) მიმართებით შეიძლება გამოიხატოს, თუმცა რამდენად ეფექტიანი იქნება ამ ორ ფაქტობრივად ურთიერთგამომრიცხავ გზაზე სიარული ერთდროულად, ეს უკვე დროის საკითხია. (Carroll, 2018)
მიუხედავად ამ ყველაფრისა, სომხეთი ახალი მთავრობის პირობებშიც მაინც რჩება რუსულ ორბიტაზე. ამას მოწმობს ფაშანიანის განცხადება, რომელშიც მან აღნიშნა, რომ რუსეთთან სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობა სომხეთის უსაფრთხოების გარანტია. (Guardian, 2018)
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება (Reuters, 2018).
დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში პოპულისტური ძალები არ გამოირჩევიან ისეთი მწვავე იდეებითა და ქმედებებით, როგორიც ევროპელებს ახასიათებთ, ამ რაკურსით აღნიშნული ქვეყნის განხილვა მაინც ყურადღების ღირსია. 2018 წლის გაზაფხულზე ჯერ რევოლუციის, შემდეგ კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსული ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც, მართალია, არაა ისეთი რადიკალური იდეების მატარებელი, როგორსაც სხვა პოპულისტები გამოხატავენ, მაინც შესაძლოა, პოპულისტად ჩაითვალოს. ხალხის გულის მოგება მან რევოლუციისას საკუთარი ქარიზმატულობითა და უბრალო კაცის სახის მორგებით შეძლო, მას შემდეგ რაც მთავრობაში მოვიდა, იგი მოსახლეობის მხარდაჭერის შენარჩუნებასა და უფრო მეტად მოპოვებას სოციალური დაპირებებით, კორუფციასთან ბრძოლით, გამჭვირვალობის პიარ-კამპანიითა და ინდივიდებისადმი მეტი ყურადღების გამოჩენით ცდილობს, მის დაპირებებში შედის საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებაც, მათ შორის აზერბაიჯანსა და თურქეთთან. ამასთანავე, მის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე საუბრისას აღსანიშნავია ფაქტი, რომ ის თითქოს ცდილობს ბალანსის დაცვას დასავლეთსა და რუსეთს შორის და მათ მიერ აღმოჩენილი შესაძლო დახმარების სომხეთის სასიკეთოდ გამოყენებას. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, სომხეთი მაინც რუსეთის სატელიტ ქვეყნად რჩება, რასაც მოწმობს თავად ფაშინიანის განცხადებაც, რომელშიც იგი საუბრობს რუსეთზე, როგორც სამხედრო კუთხით თავისი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორზე