პოპულისტური ძალების გააქტიურება პოსტ-სოციალისტური სივრცის ქვეყნებში
(უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინა)
ნაწილი VI – მოლდოვა
მოლდოვა
პოპულისტური ძალების გადმოსახედით არანაკლებ ყურადღებას იქცევს მოლდოვა, მით უმეტეს ამ მიმართულებით ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა, მოლდოვის შემთხვევა განსაკუთრებული იმითაა, რომ აქ ქვეყნის პრეზიდენტი, იგორ დოდონი, შეიძლება ითქვას, მთავარი პოპულისტია, თუმცა იგი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია. ნაშრომის ეს ნაწილი სწორედ მოლდოვის კომპლექსური ზოგადი პოლიტიკური ფონის განხილვით იწყება, საუბარია იმ სკანდალზეც, რომელმაც, შესაძლოა, დიდი გავლენა იქონია პოპულისტური ძალებისადმი ხალხის მხარდაჭერის ზრდაზე. განხილულია ის ასპექტები, იდეები, რომელთა მეშვეობითაც ადგილობრივი პოპულისტური ძალები იგებენ ხალხის გულს და რომლებიც ძირითადად რელიგიურ სოლიდარიზმთან, აქცენტის გარე ძალებზე გადატანასა და სოციალურ პრობლემებთან არის დაკავშირებული. მოკლედ არის საუბარი იმაზეც, თუ რამდენად და რატომაა მოლდოვური პოპულიზმი საშიში ლიბერალური პრინციპებისთვის. ბოლოს კი განხილულია მოლდოველი პოპულისტების საგარეო პოლიტიკური ხედვები, მათი იდეა „დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მოლდოვის სახით ხიდის“ შესახებ და მცდელობები, შეძლონ დასავლეთთანაც და რუსეთთანაც სასურველი ურთიერთობის წარმართვა. ამ კუთხით პარალელის გავლება სომხეთის მთავრობასთანაც არის შესაძლებელი.
პოლიტიკური ფონი
პოპულისტური იდეები ძალზედ გავრცელებულია ძირითადად პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. ამ მხრივ მოლდოვა წარმოადგენს საუკეთესო მაგალითს, თუ როგორ ზემოქმდებს პოპულიზმი ამომრჩეველზე.
2014 წლამდე ქვეყანა დღევანდელობასთან შედარებით უფრო პრო-ევროპული მიმართულებით მოძრაობდა. ამას მოწმობდა 2010 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც პრო-დასავლურმა პარტიებმა ჯამში პარლამენტში მოიპოვეს 59 ადგილი, ხოლო პირველ ადგილზე გასულმა მოლდოვის კომუნისტურმა პარტიამ დაიკავა 42 ადგილი. 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი პრო-რუსულმა ძალებმა მოიპოვეს ჯამში შედარებით მეტი მხარდაჭერა, თუმცა ვერ გაიმარჯვეს. დღეისთვის მოლდოვის პარლამენტის უმრავლესობას წარმოადგენს ორი პარტია – მოლდოვის დემოკრატიული პარტია 42 ადგილით, რომლებიც სოციალ-დემოკრატები არიან და პრო-დასავლურ ძალას წარმოადგენენ და ასევე პრო-დასავლური „მოლდოვის ევროპული ხალხთა პარტია“ 9 ადგილით. ოპოზიციის დიდ ნაწილს წარმოადგენენ პრო-რუსული პარტიები, პარლამენტში ჯამში 30 ადგილი უკავიათ „მოლდოვის სოციალისტურ პარტიასა“ (24) და „მოლდოვის კომუნისტურ პარტიას“ (6). ხოლო ორი ოპოზიციური ლიბერალური პარტია 14 ადგილით არის წარმოდგენილი.
პოპულისტური ძალების მხარდამჭერები მოლდოვაში და მკვეთრად შეცვლილი პოლიტიკური განწყობა მოსახლეობაში
მოლდოვაში პოპულისტების ძირითადი სამიზნე მოწყვლადი ჯგუფებია, რომლებიც მარტივი ენის საშუალებით იმართებიან, იმ შემთხვევაში თუ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერს კარგად გამოსდის უმრავლესობასთან საუბარი, მისთვის არ წარმოადგენს განსაკუთრებით რთულ ამოცანას ხელისუფლების სათავეში მოსვლა. თუმცა ქარიზმატული ლიდერი და მისი ფრთიანი გამონათქვამები არ არის ის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ზემოქმედებს მოსახლეობის განწყობებზე და მათ მიერ კონკრეტული ძალებისადმი გამოხატულ მხარდაჭერაზე. ამის დასტურია ე.წ. „კორუფციული სკანდალი“, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მოლდოვის მოსახლეობის იდეებსა და დამოკიდებულებებზე კონკრეტული ძალების მიმართ.
2014 წლის კორუფციული სკანდალი და მოსახლეობის განწყობის ცვლილება
ზოგადად, პოპულისტმა ლიდერებმა ზუსტად იციან სიტუაციის სწორად გამოყენება მათ სასარგებლოდ. ამის დასტურია 2014 წელს მომხდარი ე.წ „კორუფციული სკანდალი“, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მოლდოველების პოლიტიკურ შეხედულებებზე და საგრძნობლად შეარყია პრო-დასავლური ძალების რეპუტაცია. ნახსენები მოვლენა ეხებოდა პრო-დასავლური პარტიების მიერ 1 მილიარდი დოლარის მოპარვას სამი ადგილობრივი ბანკიდან. პრო-რუსულ ძალებს საშუალება მიეცათ ზემოქმედება მოეხდინათ ამომრჩევლებზე და წარმოედგინათ ევროკავშირის სტრუქტურების უუნარობა კორუფციასთან ბრძოლის საკითხში. (Tabachnik, 2016)
სწორედ აღნიშნული მოვლენა განიხილება ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად, რომელმაც გავლენა იქონია მოსახლეობის განწყობებზე.
კვლევებზე დაყრდნობით 2007 წელს მოლდოვაში მოსახლეობის 78% უჭერდა მხარს ევროკავშირთან დაახლოებას, თუმცა 2015 წელს ეს მაჩვენებელი 40%-მდე დაეცა. 2016 წლის გაზაფხულში მოსახლეობის გამოკითხვის შემთხვევაში, რომელიც შეეხებოდა პრო-რუსულ თუ პრო-ევროპულ განწყობას, რესპონდენტთა 46.8% ხმას მისცემდა არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას, მხოლოდ 35% ევროკავშირს. ყურადსაღებია ის ვითარებაც, რომ 2016 წლის გაზაფხულზე გამოკითხულთა 62%-მა მიიჩნია პუტინი, როგორც ყველაზე პოპულარული ლიდერი მსოფლიოში, ხოლო 30% გამოხატავდა კეთილგანწყობას გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, მიმართ. (Tabachnik, 2016)
მოლდოველი პოპულისტების ძირითადი იდეები
რელიგიური სოლიდარიზმი და ტრადიციული საკითხები
როგორც სხვა ქვეყნების შემთხვევაში, მოლდოვაშიც რელიგიური გრძნობები ის თემაა, რომლითაც პოპულისტური ძალები ადვილად ახერხებენ მოსახლეობის მასების გულის მოგებას. კვლევების შედეგად დასტურდება, რომ რელიგიური სოლიდარიზმი უფრო პრიორიტეტულია მოლდოვის მოსახლეობისთვის, ვიდრე ისეთი ფუნდამენტური ლიბერალური ღირებულებები, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, თავისუფალი ბაზარი და ა.შ. (Cenusa, 2017)
შიდა პრობლემების გადაბრალება გარე ძალებზე
მსგავსად ევროპის, რუსეთისა და სხვა რეგიონების პოპულიზმისა, მოლდოველ პოპულისტებსაც ახასიათებთ საგარეო მოთამაშეებზე საშინაო პრობლემებისა და ჩავარდნების გადაბრალება. (Cenusa, 2017)
სოციალური საკითხები
მოლდოვური პოპულიზმისთვისაც დამახასიათებელია ტენდენცია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს არათუ მთლიან საზოგადოებაზე, არამედ სოციალურად გაჭირვებულ, მოწყვლად ჯგუფებზე. (Cenusa, 2017)
მოლდოვური პოპულიზმი ლიბერალური პრინციპების სპექტრში
მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვური პოპულიზმის შემთხვევაში არ ყოფილა საუბარი ლიბერალური ინსტიტუციების ხელყოფაზე, მოლდოველი პოპულისტები მაინც საფრთხეს წარმოადგენენ ლიბერალური პრინციპებისთვის. ზემოაღნიშნული ნიშნების არარსებობა მოლდოვის შემთხვევაში (განსხვავებით პოლონეთისა და უნგრეთისა) იმ ფაქტორითაცაა განპირობებული, რომ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში პოლონეთისა და უნგრეთის მსგავსად მოლდოვას არ მიუღწევია წარმატებისთვის დასავლური დემოკრატიის შენების საკითხში, ზემოაღნიშნული ორი ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით და სტაბილურად აშენებდა ლიბერალურ დემოკრატიულ სახელმწიფოს და ამის შემდეგ გადაუხვიეს მათ რელსებიდან და დაადგნენ მათ მიერვე წარმატებით ნაშენები ლიბერალური სისტემის ნგრევისა და მისი უფრო კონსერვატული, ანტიგლობალური და ულტრამემარჯვენე სტრუქტურით ჩანაცვლების გზას, რასაც ვერ ვიტყვით მოლდოვაზე. თუმცა მოლდოვის პოპულისტური ძალების მიერ გამოხატული მემარჯვენე იდეები ხშირად ეწინააღმდეგება ლიბერალურ პრინციპებს.
მოლდოველი პოპულისტების საგარეო პოლიტიკური ხედვა – ხიდი რუსეთსა და დასავლეთს შორის
მოლდოვის პოპულისტურ მთავრობას სწამს, რომ შესაძლებელია, ჰქონდეს დაბალანსებული ურთიერთობა როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან. მოლდოვის ერთ-ერთი მმართველი ძალის (მთავრობაში კოალიციაა, ორი პარტია) „მოლდოვის დემოკრატიული პარტიის“ (სოციალისტები არიან) პრეზიდენტი – ვლად პლაჰოტნუკი ამ მხრივ პარალელს ავლებს დონალდ ტრამპის ინიციატივასთან აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობასთან დაკავშირებით. პარტია იმედს გამოთქვამს, რომ ევროპული ინტეგრაციის პრიორიტეტულობა და ამავდროულად რუსეთთან პოლიტ-ეკონომიკური კავშერის აღდგენა შესაძლებელია. თუმცა, კრიტიკოსთა აზრით, ამ განწყობაში შიდაპოლიტიკური გათვლები უფრო მეტად ჩანს, ვიდრე საერთაშორისო რეალობის ადეკვატური აღქმა, ვინაიდან მოლდოვის დასავლეთთან და რუსეთთან ერთობლივი ურთიერთობის იდეას არ იზიარებენ კრემლში, ოფიციალურ მოსკოვს მიაჩნია, რომ მოლდოვა, რომელიც დასავლეთს უახლოვდება, მისი ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. (Cenusa, 2017)
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვის საგარეო პოლიტიკურ სპექტრში კიდევ უფრო მეტი ორაზროვნების შემომტანი აღმოჩნდა. საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მოლდოვის ოპოზიციური ძალის, „მოლდოვის სოციალისტური პარტიის“ ლიდერმა – იგორ დოდონმა, რომელიც ევროსკეპტიკურია და რუსეთისადმი ლოიალობით გამოირჩევა, მან დაამარცხა მაია სანდუ, რომელსაც ევროინტეგრაციისკენ ჰქონდა გეზი აღებული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი კეთილგანწყობით გამოირჩევა ვლადიმერ პუტინის მიმართ. დოდონმა 2014 წელს ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულების სარგებლიანობაც ეჭვის ქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ მას არაფერი სარგებლიანი არ მოუტანია მოლდოვისთვის (Dyomkin, 2017). ასევე, მისი თქმით, პუტინი არის მისთვის სანიმუშო პოლიტიკოსი და აპირებს მის მიბაძვას საშინაო თუ საგარეო საქმეებში. ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ მოლდოვის პრეზიდენტმა ღიად დაუჭირა მხარი რუსეთს ყირიმის კონფლიქტში და განაცხადა, რომ ყირიმი წარმოადგენს რუსეთის საკუთრებას (Tabachnik, 2016). 2017 წლის აპრილში დოდონმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა „ევრაზიულ კავშირთან“. (RadioFreeEurope, 2017)
დასკვნა
მოლდოვაში პოპულისტური ძალების გააქტიურება და ამ მხრივ ბოლო დროს მიმდინარე ცვლილებები ყურადღების ღირსია. გარდა იმისა, რომ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პოპულისტურად მოიაზრებიან, მთავარი პოპულისტი აქ ქვეყნის პრეზიდენტი, სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი – იგორ დოდონია. მოლდოვაში არსებული პრობლემები და სკანდალები, მათ შორის ყველაზე მთავარი, „კორუფციული სკანდალი“, რომელიც ლიბერალური პარტიების სახელთან არის დაკავშირებული, ხელს უწყობს პოპულისტური იდეების გავრცობას და ამას მოწმობს სტატისტიკაც. ხალხის გულის მოგების გზები ქვეყანაში რელიგიურ სოლიდარიზმზე, სოციალურ დაპირებებსა და პრობლემებთან დაკავშირებული აქცენტების გარე ძალებზე გადატანაზე გადის. მიუხედავად იმისა, რომ აქ პოპულისტები ჯერჯერობით ისე სრულფასოვნად ვერ ხელყოფენ ლიბერალურ პრინციპებსა და ინსტიტუციებს, როგორც, მაგალითად, ვიქტორ ორბანისა და იაროსლავ კაჩინსკის რეჟიმები, რაც იმითაც არის განპირობებული, რომ მოლდოვას არ აუშენებია ისეთი გამართული ლიბერალური სისტემა, როგორიც თავის დროზე პოლონეთმა და უნგრეთმა შექმნეს, შესაბამისად „დასანგრევიც ბევრი არაფერია“, მოლდოვური პოპულიზმი ლიბერალური პრინციპებისადმი მაინც არ არის კეთილგანწყობილი და ნაწილობრივ წარმოადგენს საფრთხეს მისთვის. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, პოპულისტების პოლიტიკა ამ მიმართულებით ნაწილობრივ წააგავს სომხებისას, მოლდოველებს აქვთ სურვილი, კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ როგორც ევროკავშირთან, ისე რუსეთთან და ერთგვარი „ხიდის“ როლი ითამაშონ ამ ორ ძალას შორის (თუმცა სომხეთისგან განსხვავებით მოლდოვაზე ვერ ვიტყვით, რომ რუსეთის ორბიტაზეა და მის სატელიტს წარმოადგენს), თუმცა რამდენად რეალურია ყოველივე, ეს მეორე საკითხია.