პოპულისტური ძალების გააქტიურება პოსტ-სოციალისტური სივრცის ქვეყნებში
(უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინა)
VIII – უკრაინა
გიორგი ცერაძე
უკრაინა
უკრაინა 90–იანი წლებიდან მოყოლებული, შეიძლება ითქვას, რომ პოპულიზმისთვის სასათბურე პირობებში იმყოფება. განათლების არც თუ ისე მაღალი დონე, არასტაბილურობა ბევრ სფეროში, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისები, განვითარების დაბალი დონე, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამორჩენილობა, სახელმწიფოებრივი გამოცდილების ნაკლებობა და სხვა პრობლემები პოპულიზმს არსებობისთვის ხელსაყრელ პირობებს უქმნის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გარემოებების მიუხედავად, უკრაინაში პოპულიზმის მნიშვნელოვანი ნიშნები მხოლოდ 2005 წლიდან იკვეთება, როდესაც ხელისუფლებას ვიქტორ იუშენკო უდგება სათავეში.
მასშტაბებზე საუბრისას ყურადსაღებია, რომ 2005 წლიდან მოყოლებული უკრაინის პოლიტიკურ სპექტრში ძლიერი არაპოპულისტი ძალები ფაქტობრივად აღარ არსებობენ. სხვადასხვა ძალის პოპულიზმის შესაფასებლად არსებობს ერთგვარი მექანიზმიც, კონკრეტულად, ივან კრასტევის შკალა, რომელიც ევროპული პოპულიზმის ათ ყველაზე გავრცელებულ ელემენტს შეიცავს, მისი მეშვეობით შეიძლება როგორც უკრაინული პოპულისტური ძალების შეფასება, ისე მათი შედარებაც ევროპულ ანალოგებთან.
ევროპული პოპულიზმის 10 ელემენტი ივან კრასტევის მიხედვით:
- ქარიზმატული ლიდერი
- სოციო–ეკონომიკური უკმაყოფილება
- ანტი–ელიტიზმი
- კორუფციის კრიტიკა
- ანტი–ამერიკული განწყობა
- ნატოში გაწევრებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება
- ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტიკა (სუვერენიტეტის დაცვა)
- ქსენოფობია
- ანტი–იმიგრაცია
- მულტიკულტურალიზმის კრიტიკა, ასიმილაციის მხარდაჭერა (Kuzio, 2009)
პოლიტიკური ფონი
უკრაინაში ყველაზე ცნობილ პოპულისტურ ძალებს წარმოადგენს შემდეგი პარტიები: „Part of Regions”, Yushchenko/Our Ukraine”, “BYuT”, რომლებიც ათი კომპონენტიდან საშუალოდ 3–4–ს აკმაყოფილებენ. ევროპულ პოპულიზმთან ყველაზე ახლოს არის „Svoboda”, რომელიც ათივე ზემოაღნიშნულ კომპონენტს მოიცავს. შედარებისთვის უნდა ითქვას, რომ უკრაინული პოპულიზმი ევროპულ პოპულიზმს მასშტაბებით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, რადგან ევროპაში მოქმედი პოპულისტური ძალები მოცემული ათკომპონენტიანი სისტემიდან საშუალოდ 4–6–ს აკმაყოფილებენ. (Kuzio, 2009)
ნახსენები პოპულისტური პარტიებიდან 2014 წლის არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ პარლამენტში, სადაც სულ 450 ადგილია გამოყოფილი, შემდეგი ძალებია წარმოდგენილი – “Svoboda”, რომელმაც კრასტევის შკალაში 10/10 მაჩვენებელი აჩვენა 6 ადგილს იკავებს საკანონმდებლო ორგანოში. “Party of Regions”, რომელიც 2006-2014 წლებში უდიდესი პარტია იყო უკრაინაში, თებერვლის რევოლუციის შემდეგ დასუსტდა და 2014 წლის პარლამენტში ვერ მოხვდა, ასევე უადგილოთაა დარჩენილი ვიკტორ იუშენკოს “Our Ukraine”, ხოლო ოლეგ ლიაშკოს “Radical Party” პარლამენტში 22 ადგილითაა წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის 2014 წლის მოწვევის პარლამენტში არსებული პარტიები, მათ შორის წამყვანი ძალებიც კი – პეტრო პოროშენკოს ბლოკი (ადგილების 32.7%) და სახალხო ფრონტი (19.2%) ნაწილობრივ პოპულისტურია. უკრაინაში ასეთ საყოველთაო პოპულიზმი ბევრი ფაქტოორით აიხსნება. უკვე დიდი ხანია, რაც მთავრობები უკრაინელი ხალხის მოთხოვნებს სათანადოდ ვერ ასრულებენ და ქვეყანას უკეთესობისკენ საჭირო ტემპით ვერ მიჰყავთ. ამასთანავე მზარდია მოთხოვნები, რომლებიც რეალურ შესაძლებლობებს ვერ შეესაბამება, რაც პოლიტიკურ ძალებს პოპულიზმისკენ უბიძგებს. გარდა ამისა უკრაინაში არ არის მაღალი პოლიტიკური კულტურა, პარტიებს არ გააჩნიათ დაკონკრეტებული, მკაფიო ხედვები, იდეოლოგია, სამოქმედო გეგმა და ა.შ. ამას ემატება ჩამოუყალიბებელი და ნაკლებად გათვიცნობიერებული ამომრჩეველი, რაც პოლიტიკურ პარტიებს განუზომელ თავისუფლებას ანიჭებთ. იმისდა მიხედვით, თუ რა დროს რა ტიპის მიდგომაა მომგებიანი, მათ შეუძლიათ თავისუფლად შეცვალონ თავისი ხედვები და დაპირებები, რითაც ხალხის მხარდაჭერას მოიპოვებენ.
პოპულისტების ძირითადი იდეები უკრაინაში
სოციალური საკითხები
სხვა ქვეყნების მსგავსად, უკრაინაში პოპულიზმის მთავარი საძირკველი სოციო–ეკონომიკური ხასიათის დაპირებებია. წინასაარჩევნო დაპირებებში ხშირად ფიგურირებს პენსიების არარეალურად სწრაფ დროში გაორმაგება, ჯანდაცვის, განათლების და სხვა სოციალური პაკეტების წარმოუდგენლად სწრაფად და ხარისხიანად გაუმჯობესება და ა.შ. ეს ელემენტი გასაკვირი არაა, რადგან უკრაინას ეკონომიკურად საკმაოდ უჭირს და ხალხის მთავარი სატკივარი სხვა თემებზე მეტად, პირველ რიგში, მატერიალური პირობების გაუმჯობესებაა.
პოპულისტები ყოველ არჩევნებს წარმოსახავენ, როგორც გადამწყვეტ ბრძოლას სიკეთესა და ბოროტებას შორის, სადაც კომპრომისი შეუძლებელია (Kuzio, 2009). ამ ნარატივიდან გამომდინარე ისინი დამარცხებას და ნებისმიერი ოპონენტის გამარჯვებას წარმოადგენენ, თითქოს ეს უკრაინის განადგურების ტოლფასია. ძირითადად პოპულისტური ძალები აქცენტს აკეთებენ სუვერენიტეტის და უკრაინის სახელმწიფოებრიობის დანგრევის საშიშროებაზე, რაც ბოლოდროინდელი მოვლენების (ყირიმის ანექსია) და, ზოგადად, უკრაინის ისტორიის გათვალისწინებით უკრაინელებისთვის სენსიტიური წერტილია.
ანტი–ელიტიზმი
უკრაინა ერთ–ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც ოლიგარქები ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობენ და, შესაბამისად, ხშირად პოპულისტები მათ ყველა პრობლემის დასაბამად წარმოაჩენენ. ანტი–ელიტიზმი უკრაინის მსგავს ქვეყანაში რომ პოპულარულია, ალბათ, გასაკვირი არაა, თუმცა ის ფაქტი, რომ ერთ–ერთი ოლიგარქი – პოროშენკო უკრაინის მოქმედი პრეზიდენტია, ბევრს შეიძლება, უცნაურად მოეჩვენოს. ყურადსაღებია, რომ კონკრეტული ოლიგარქების წინააღმდეგ აგორებული კამპანიები ხშირად მათი ოპონენტი ოლიგარქების მიერაა ლობირებული. პოპულისტები, რომლებიც ოლიგარქის ან ოლიგარქთა გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ გამოდიან და ხალხში უარყოფით დამოკიდებულებას აღვივებენ, დიდი ალბათობით, თავადაც ოლიგარქებთან არიან ხოლმე დაკავშირებულნი. ამის მაგალითია ოლეგ ლიაშკო, რომელიც ოლიგარქებს მუდმივად აკრიტიკებს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხშირად ერთ–ერთი პოროშენკოსთან დაპირისპირებული ოლიგარქის – დმიტრო ფირტაშის სატელევიზიო ეთერიდან ხდება (Kuzio, 2009), რაც ლოგიკურ ეჭვებს ბადებს საზოგადოების ნაწილში.
ნაციონალისტური განცდები
Radical Party
ნაციონალიზმი, როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში, უკრაინაშიც ძლიერი პოპულიტური იარაღია. მოსახლეობას ახასიათებს ეროვნულობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება და ნაციონალური სენტიმენტები, რაც პოპულისტებს საშუალებას აძლევთ, მოიპოვონ ხალხის კეთილგანწყობა შესაბამისი იდეების გატარებით. (Kozloff, 2015)
დასავლური არასამთავრობოების წინააღმდეგ
„რადიკალური პარტიის“ ლიდერი ლიაშკო პრო-დასავლურ ანტი-კორუფციულ არასამთავრობოებსაც ეწინააღმდეგება, რომელთა თანამშრომლებსაც ის „ჯაშუშებს, მოღალატეებს, უცხოეთის აგენტებსა და ა.შ.“ უწოდებს. (YERMOLENKO, 2018)
უკრაინელი პოპულისტების დამოკიდებულება რუსეთისადმი
უკრაინელ პოპულისტებს ახასიათებს როგორც ანტი-რუსული, ასევე ანტი-დასავლური განწყობები. რუსეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ალბათ არავის უკვირს ყირიმის ანექსიის და უახლოესი მოვლენების ფონზე, ხოლო ევროპისადმი ნეგატიური განწყობების პოპულარულობა, შესაძლოა, იმით აიხსნას, რომ, უკრაინელების აზრით, ევროპის პასუხი რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში საკმარისად ადეკვატური და მკაცრი არ იყო. ეს მომენტი ნაცნობია ქართველებისთვისაც, რადგან ანალოგიური სიტუაცია იყო 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოშიც, ქართველი ხალხი, რომელიც დასავლეთისადმი ლოიალურობით და ერთგულებით გამოირჩევა, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც ვერ დაინახა დასავლეთის მხრიდან ის მხარდაჭერა, რომელსაც ელოდა, რამაც ქართველ პოპულისტებსაც მისცა იმ იდეაზე აპელირების საბაბი, რომ დასავლეთი არ არის სანდო და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი გადასახედია. (რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, რუსეთის წისქვილზე ასხავს წყალს, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის შემთხვევაში).
საზოგადოების ნაწილში აშკარა მტრისადმი ლოიალური დამოკიდებულება მხოლოდ ქართული პრობლემა არაა. უკრაინაშიც გამოიძებნება ხალხის მასა, განსაკუთრებით მის სამხრეთ-აღმოსალეთ ნაწილში, სადაც პრო-რუსული პოზიციის დაკავება ხმების მოპოვებისთვის სწორი სტრატეგიული მიდგომაა. პრო-რუსული პოპულიზმის ერთ-ერთი მთავარი მიმდევრები არიან ევგენი მურაიევი და ვადიმ რაბინოვიჩი, პოლიტიკური პარტია -”For Life”-ს ლიდერები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ პროვოცირებულ ომს სამოქალაქო ომად ხატავენ. რუსეთის მიმართ არსებული სიმპათიები მატერიალური კეთილდღეობის იმედით, საერთო უახლოესი წარსულით, ნოსტალგიით (სსრკ და არამარტო), რუსეთის სამხედრო სიძლიერით, ევროპისგან იმედგაცრუებით და სხვა მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, რაც უცხო არაა საქართველოს შემთხვევაშიც.
როგორც პრო-დასავლური არასამთავროებისადმი გამოხატულ კრიტიკაში გამოიკვეთა, „რადიკალური პარტიის“ ლიდერი ლიაშკო ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა. მისი თქმით, ევროკავშირმა 2018 წლის თებერვალში უკრაინას „600 მილიონი ევრო ქრთამი შესთავაზა“, ლიაშკო ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებულ მაკრო-საფინანსო დახმარებას გულისხმობდა, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ფინანსების დახმარებაზეა გათვლილი. (YERMOLENKO, 2018)
იანუკოვიჩის ყოფილი მომხრეების ევროსკეპტიციზმი
დღესდღეისობით პოპულისტთა დიდი ნაწილი ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, წრიდანაცაა. ერთ-ერთი მათგანი, ბორის კოლეზნიკოვი, დადებითად არ აფასებს უკრაინის მხრიდან რუსი დიპლომატების გაძევებას, რაც სერგეი სკრიპალის საქმეს მოჰყვა. მას უჩნდება კითხვა, თუ რატომ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინამ დასავლეთს, როდესაც 2014-ში, მისი აზრით, უკრაინას მხარი არავინ არ დაუჭირა.
გარდა ამისა, მისი აზრით, დასავლეთი ცინიკური და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებულია, არის პრაგმატული და უყვარს ფული.
დასკვნა
დასასრულ, პოპულიზმს უკრაინაში საკმაოდ ღრმად აქვს ფესვები გადგმული და ფაქტობრივად ის უკვე პოლიტიკური დღის წესრიგისთვის ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული პოპულიზმი საშუალოდ ევროპულ პოპულიზმს კრასტევის შკალაზე ჩამორჩება, ის მაინც საკმაოდ დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის. რაც შეეხება პოპულიზმის შინაარსს და ტიპს, მას ხშირად ნაციონალიზმის ელფერი დაჰკრავს და ბევრი საერთო აქვს ქართულ პოპულიზმთან, რადგან უკრაინასა და საქართველოს ბევრი საერთო გადაკვეთის წერტილი აკავშირებს. რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის პოპულარობა უკრაინაში და პრო–რუსული პოპულიზმის მომგებიანობა, გასაგები მიზეზების გამო საგრძნობლად შემცირებულია, თუმცა კვლავინდებურად მაინც განაგრძობს არსებობას.