საწყის გვერდზე დაბრუნება

ილია ჭავჭავაძე და ქართველთა პირველი მანიფესტაციები

ამავე პერიოდში ილიას უშუალო მონაწილეობითა და ორგანიზებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა, რომელმაც უთუოდ განსაკუთრებული როლი ითამაშა ქართველთა შორის ერთიანობის განცდის ჩამოყალიბებაში. ეს ღონისძიებები შეფარულად იღებდნენ ხოლმე ანტიიმპერიულ ხასიათს, ვინაიდან ისინი წარმოადგენდნენ ეროვნული ერთობის მნიშვნელოვან მაგალითებს.

 

დიმიტრი ყიფიანის დასაფლავება

პირველი – ქართველი მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის დასაფლავებაა. როგორც ცნობილია, დიმიტრი ყიფიანი მას შემდეგ გადაასახლეს რუსეთში, რაც  ამხილა და სასტიკად გააკრიტიკა საქართველოში დანიშნული ეგზარქოსი პავლე, რომელმაც ქართველი ერი დასწყევლა. რუსეთში გადასახლებული მოხუცებული მოღვაწე კი მოკლეს – მძინარეს ქვით თავი გაუტეხეს. ქართველთა შორის ეჭვს არ იწვევდა ის ფაქტი, რომ იგი ცარიზმის აგენტებმა მოკლეს. ილია ჭავჭავაძე შეძრა ამ ამბავმა, ერთ-ერთ მოგონებაში აღნიშნულია, რომ ამის გაგების შემდგომ: „ილიას ჯერ ქვემო ტუჩმა დაუწყო თრთოლვა და მერე მის გაწითლებულ თვალთაგან ორი მსხვილი ცრემლი გადმოიწურა და ლამაზ ულვაშებზე დაენთხია. მე არასდროს არ მენახა ასეთი ჩუმი, მუნჯი და იმავე დროს უმაღლესად მეტყველი მწუხარება“[1]. ილიამ, აკაკიმ და ივანე მაჩაბელმა გადაწყვიტეს, რომ ეს დიდი ტრაგედია სახალხო პროცესად გარდაექმნათ – ორგანიზება გაუწიეს დასაფლავების ისეთ ცერემონიალს, რომელზეც მოსახლეობის დიდი რაოდენობა შეძლებდა დასწრებას. ყოველნაირი ხარჯები თავის თავზე ბანკმა აიღო, ილიას ინიციატივით. დასაფლავებას დაესწრო ხუთი ათას კაცამდე. ვინაიდან ილია ისედაც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, გადაწყვიტა დასაფლავებაზე სიტყვით არ გამოსულიყო, ექვთიმე თაყაიშვილთან პირად საუბარში კი უთქვამს: “რა ამბავიც დღეს აქ მოხდა, ამას არავითარი სიტყვა არა სჭირია. მთელმა საქართველომ ჭეშმარიტად აღბეჭდა თუ როგორ აფასებდა იგი დიმიტრი ყიფიანს და როგორ უყვარდა ეს დიდებული ეროვნული მოღვაწე“ (შარაძე, ილია ჭავჭავაძე – ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება – ტომი მეორე 1990). იმის გათვალისწინებით, რომ დიმიტრი ყიფიანის მკვლელობას ცარიზმს მიაწერდნენ, შესაძლოა ითქვა, რომ ეს პროცესია იქცა პირველ მშვიდობიან მანიფესტაციად და პროტესტად ცარისტული პოლიტიკის წინააღმდეგ.

 

კრწანისის ბრძოლის 100 წლისთავი

1895 წლის 11 სექტემბერს ასევე ილიას მოწოდებით გადაწყდა, ჩატარებულიყო საჯარო პანაშვიდი, რომელიც მიეძღვნებოდა კრწანისის ბრძოლას.  „ივერიაში“ იწერებოდა არაერთი წერილი ამ დღის მნიშვნელობის შესახებ. ილიას მოწოდებით შეიქმნა ფონდი, რომელსაც უნდა დაედგა ამ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ქანდაკება. ილიასა და „ივერიის“ მცდელობამ გაჭრა – 11 სექტემბერს არაერთი დეპეშა  მოვიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში კრწანისის გმირთა მოსახსენიებლად აღსრულებული პანაშვიდების შესახებ.  თბილისში კი ეკლესიებმა მოუწოდეს ხალხს ჩართულიყვნენ საჯარო პროცესიაში. ამ ღონისძიებისთვის ნებართვა იმპერატორისგან გამოითხოვა კონსტანტინე მუხრანსკიმ (შარაძე, ილია ჭავჭავაძე – ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება – ტომი მეორე 1990). გიორგი ლასხიშვილის მოგონების მიხედვით: „ზოგი იძახოდა, ასი ათასამდე ხალხი იქნებაო, ზოგი ათი-ათასობითაო, ზოგიც ათასობით ანგარიშობდა. ყოველ შემთხვევაში იმ ხანებში არავის უნახავს ამდენი თავმოყრილი ხალხი და ყველაზე უფრო საგულისხმიერო ისაა, რომ ეს ამოდენა ხალხი თავისი ნებით იყო მოსული : არავის უზრუნვია წინასწარ მისი შეკრებისთვის.“[2] საბოოო ჯამში კი 11 სექტემბერი იქცა დიდი მასშტაბის ეროვნულ დღესასწაულად, რომელშიც ერთდროულად ჩართულნი იყვნენ ქართველები სხვადასხვა კუთხეებიდან. ასეთი რამ ძალიან აკლდა იმ პერიოდის საქართველოს, ხოლო ამ პროცესიის წარმატებულად ჩატარება მიუთითებს იმაზე, რომ ქართულმა საზოგადოებამ უკვე ამ პერიოდისთვის შეიძინა სპონტანურობისა და თვითორგანიზებულობის უნარები – ილია ჭავჭავაძის ბრძოლა ეფექტს იძლეოდა, სამოქალაქო საზოგადოება თანდათანობით ყალიბდებოდა.

 

რაფიელ ერისთავის იუბილე

მესამე  მნიშვნელოვანი ღონისძიება უკავშირდება რაფიელ ერისთავის იუბილეს. ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებული როლი ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა და მთლიანად „ივერიამ“ შეასრულეს. სწორედ ამ გაზეთის ფურცლებზე დაიბეჭდა იუბილის დღის წესრიგი. რაფიელ ერისთავის იუბილესაც დიდი რაოდენობით ხალხი დაესწრო, დელეგაციები  ჩამოსული იყვნენ მთელი საქართველოდან (შარაძე, ილია ჭავჭავაძე – ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება – ტომი მეორე 1990). იმავე გიორგი ლასხიშვილის მოგონებით: „რაფიელის იუბილე – პირველი ამგვარი დღესასწაული იყო ჩვენში და ძლიერ ღრმა კვალი დატოვა ჩვენს ცხოვრებაში და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მთელ ერზე“[3]. მნიშვნელოვანი აქაც ისაა, რომ იუბილის აღნიშვნაზე წარმომადგენელნი მთელი საქართველოდან იღებდნენ მონაწილეობას. მსგავსი ტიპის ერთობა ამ ამბამდე ჯერ კიდევ რამდენიმე ათწლეულის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა. ილია ჭავჭავაძემ ქართველთა ერთიანობის პრობლემა მისსავე პუბლიცისტურ წერილში “ზოგიერთი რამ“ დასვა: „აბა დაიძახე: ქართველო-თქო, თუ შავის ზღვიდამ მოყოლებული კასპიის ზღვამდე მარტო ღიპ-გადმოგდებულს ქართველის მეტმა (ე.ი გორის მაზრაში მცხოვრებელმა) შემოგხედოს ვინმემ, და თუ გაჭირდა, იქნება კახელმაც თავისი სხვილი კისერი შენკენ მოიღრიჯოს, სხვანი კი ყურსაც არ გათხოვებენ, თითქო ამათ არ ეძახიო, თითქო ისინი კი ქართველები არ არიანო“[4]. ის, რომ ზემოთაღნიშნულ პროცესიებში მონაწილეობას მთელი საქართველო იღებდა იმაზე მიუთითებს, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრისკენ პოზიტიური ნაბიჯები იყო გადადგმული.

აღსანიშნავია, რომ იგეგმებოდა ილიას იუბილის აღნიშვნაც, თუმცა, როდესაც მას ამის შესახებ შეატყობინეს,  დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდა და მოგვიანებით არც მთავრობის მიერ მის ჩაშლას აღუდგა წინ. საბოლოო ჯამში, ილიას იუბილე ვერ შედგა (შარაძე, ილია ჭავჭავაძე – ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება – ტომი მეორე 1990).

ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები შესაძლოა არ ატარებდა პოლიტიკურ შინაარსს, თუმცა  წარმოადგენდა ქართველთა პირველ მცდელობებს მშვიდობიანი და შინაარსიანი მანიფესტაციებისა, რომლებიც განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების დამახასიათებელ ნიშნებად შეგვიძლია აღვიქვათ. ამ ღონისძიებებმა წარმოაჩინა, რომ შესაძლებელი იყო თვითორგანიზებული სახალხო ღონისძიებების ჩატარება, რომელშიც საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელნი იქნებოდნენ ჩართულნი. ამ ყველაფერში განსაკუთრებით აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძისა და გაზეთ “ივერიის“, როგორც პირდაპირი როლი ორგანიზაციულ საკითხებში, ასევე -ირიბი, ვინაიდან სწორედ ილიას და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობის შედეგი იყო მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარების უნარი.

[1] გურამ შარაძე, “ილია ჭავჭავაძე, ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება, ტომი მეორე“ (თბილისი, ხელოვნება, 1990) გვ.106

[2] გიორგი ლასხიშვილი, “მემუარები“ (თბილისი, მერანი, 1987) გვ. 397

[3] იქვე, გვ.398

[4] ილია ჭავჭავაძე, “ზოგიერთი რამ“ (თბილისი, 1953) გვ.75

სარჩევი

სტატია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობა“ შექმნილია ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს – რატი კობახიძეს – და შეიძლება არ გამოხატავდეს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხედვებს. Creative Commons License
სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 Unported ლიცენზიით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.