ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს მეთერთმეტე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 09.IV.2021 –16.IV.2021

  • „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი” ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს !
  • ვროპულ-ქართული ინსტიტუტი” მუსლიმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წმინდა რამადანის თვის დადგომას ულოცავს ! 

ქართული ოცნება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს აწერს

16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება მზადაა შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელი მოაწეროს და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. თალაკვაძის მტკიცებით, დოკუმენტზე ხელმოწერა, პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტამდე გადაწყვიტეს. ამასთანავე, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ისინი ოპოზიციის მოთხოვნებს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით განიხილავენ.

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს 13 აპრილის გადაწყვეტილებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია წინასწარ პატიმრობაში დარჩა. შემდეგი სასამართლო სხდომა 29 აპრილს გაიმართება. მოსამართლე ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი ინტერვიუს საქმეზე მტკიცებულებად დამატების შესახებ. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 17 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის საქმის განხილვისას, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მელიას დაკავებას არ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა აზრი 17:00 სთ-ზე შეიცვალა. ამის შემდეგ, ოპოზიციაში განაცხადეს, რომ ქართულმა ოცნებამ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, მის გამოცხადებამდე წინასწარ იცოდა. სასამართლომ მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება 22:20 სთ-ზე გამოაცხადა.

ქართულ ოცნებას გიორგი გახარიას გუნდი გამოეყო

14 აპრილს ქართული ოცნების ექვსმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და გიორგი გახარიას პარტიაში შესვლა დაანონსა. ეს დეპუტატები არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი; ანა ბუჩუკური; ალექსანდრე მოწერელია; ბექა ლილუაშვილი; შალვა კერესელიძე და მიხეილ დაუშვილი. პრესკონფერენციაზე გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, რომ მათ გადაწყვეტილება გიორგი გახარიასთან ერთად მიიღეს და ისინი „პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე გადადიან“. მისივე განცხადებით, ისინი პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ. ხოჯევანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პარტიიდან წასულები იზიარებენ ქართული ოცნების „წარმატებასა და წარუმატებლობებს“, ამავდროულად გრძნობენ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც.

გიორგი გახარიას გუნდის მიერ ქართული ოცნების დატოვება შეაფასეს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება.” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კი თქვა, რომ „ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და არათანმიმდევრული დამოკიდებულება, რომელიც გიორგი გახარიამ გამოავლინა ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან ურთიერთობაში.” ასევე, მან დასძინა: „ვფიქრობ, უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება, რომელმაც უარი თქვა, ყოფილიყო ოპოზიცია პარლამენტში და აირჩია ქუჩა. პოლიტიკაში ასე ხდება – როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა. პარტია „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განცხადა: „მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა „ბ“ გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს. თუ ეს ასე არ არის გვაჩვენონ თავისი მოქმედებებით.” პარტია „ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ კი თქვა, რომ „გახარიას ქმნიან პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ კრიზისს და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.”

პარტია ევროპული საქართველო რამდენიმე ლიდერმა დატოვა, თავმჯდომარედ კი გიგა ბოკერია აირჩიეს

10 აპრილს პარტია „ევროპული საქართველოს” ყრილობა შედგა. პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია იქნება. პარტიის ყრილობაზე ასევე აირჩიეს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი. თანამდებობები პარტიაში მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ევროპული საქართველო ასევე დატოვეს გივი თარგამაძემ, ლევან თარხნიშვილმა და გოკა გაბაშვილმა. პარტიის თავმჯდომარემ, ყოფილ თანაგუნდელებზე განაცხადა, რომ „ყველა, ვინც ჩვენთან იყო, სანამ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი პარტნიორია.”

პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ყველაფერს, ისევე, როგორც პარტიას, სჭირდება განახლება და სწორედ ამიტომ, ოთხწლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ, პარტიის მომდევნო ყრილობაზე, რომელიც მაისამდე გაიმართება, ის თავის კანდიდატურას აღარ დააყენებდა. მისი პოზიცია გაიზიარა პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ, რომელმაც თქვა, რომ ბაქრაძის მსგავსად, არც ის აპირებდა ყრილობაზე გენერალურ მდივნად კენჭისყრას. მათ საპასუხოდ, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ „ლიდერები იბადებიან მხოლოდ კონკურენციაში და არა გზების დათმობით.”

ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტი გრძელდება

„რიონის ხეობის მცველები” უკვე რამდენიმე თვეა ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. 12 აპრილს ხეობაში სიტუაცია ისევ დაიძაბა, როდესაც პოლიციამ დაშალა კარვები, სადაც აქტივისტები 160 დღეზე მეტხანს ხეობაში ნამახვანჰესის დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვინაიდან ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც, შესაძლოა, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს, „აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით“ კარვების აღება გახდა საჭირო. აქტივისტები შსს-ს ვერსიას შესაძლო დატბორვის შესახებ არ ეთანხმებიან და პოლიციას მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლების შელახვაში, ასევე მათი პროტესტის ჩახშობის მცდელობაში ადანაშაულებენ. წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ადგილობრივები სოფელ ნამახვანში ალტერნატიულ ადგილას აპირებდნენ კარვების გადატანას, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველომ“ 12 აპრილს განაცხადა, რომ რიონის ხეობაში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებები უხეშად არღვევს იქ შეკრებილი ადამიანების, როგორც მიმოსვლის, ასევე გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებებს.

14 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ექვსი პირი მას შემდეგ დააკავა, რაც კომპანია „ენკას“ ოფისის წინ 13 აპრილს ღამით პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ადგილობრივმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა პოლიცია ძალის გამოყენებასა და აქციის მონაწილეებისთვის დაზიანებების მიყენებაში დაადანაშაულა. კიდევ ერთმა ადგილობრივმა აქტივისტმა, მარიტა მუსელიანმა ასევე დაადანაშაულა პოლიცია „არაპროპორციული ძალის“ გამოყენებაში და აღნიშნა, რომ „ძალის გადამეტება ნამდვილად არ იყო საჭირო იმისათვის, რომ პოლიციას აქ წესრიგი დაემყარებინა“.

16 აპრილს, ქუთაისში, აქციის ორგანიზატორები ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, მედიასთან საუბარში საპროტესტო აქციის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ „გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში იმიტომ, რომ არსებითი დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა მათი მხრიდან“. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი დაჰპირდნენ აქტივისტებს, რომ მათ კითხვებს ამომწურავ პასუხს გასცემდნენ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდებოდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.