„არც მანამდის, არც შემდეგ, ალბათ ტფილისს არ უნახავს ასეთი დასაფლავება“
ილიას დასაფლავება სახალხო პროცესია იყო – ხატოვნად რომ ითქვას, საკუთარი სიკვდილითაც მან სამოქალაქო ღონისძიება შექმნა. მის დასაფლავებას დიდი რაოდენობით ხალხი ესწრებოდა, დელეგაციები ჩამოვიდა მთელი საქართველოდან, გლოვის წერილებს კი აქვეყნებდა საქართველოში არსებულ დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, საზოგადოებათა აბსოლუტური უმრავლესობა. ილიას სიკვდილმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართველობა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ მას შესწევდა თვითორგანიზებისა და სპონტანურობის უნარი. გიორგი ლასხიშვილის მოგონებაში აღნიშნულია „არც მანამდის, არც შემდეგ, ალბათ ტფილისს არ უნახავს ასეთი დასაფლავება“[1]
ილია ჭავჭავაძემ თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა დაიწყო, როგორც მეამბოხე მწერალმა, გააგრძელა, როგორც დადინჯებულმა ბანკირმა და პუბლიცისტმა და დაასრულა, როგორც გამობრძმენდილმა პოლიტიკოსმა. 60-იანი წლებიდან მოყოლებული იგი თავისი ნებისმიერი წამოწყებით ზრუნავდა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. მისი ჟურნალისტური, საბანკო თუ სამოქალაქო მოღვაწეობა ემსახურებოდა ქართველ მოსახლეობაში განათლების გავრცელებას, ეროვნული და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას, „თვითმოქმედების“ პრინციპის დანერგვასა და გავრცელებას. მისი ცხოვრება დადასტურებაა მის მიერვე თქმული ფრაზისა: „მოძრაობა და მარტო მოძრაობა, არის ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“.
[1] ლასხიშვილი, “მემუარები“ (თბილისი, მერანი, 1987) გვ. 401
-
სარჩევი
- 1.) ილია ჭავჭავაძე და „თვითმოქმედების“ პრინციპი
- 2.) პირველი ნაბიჯები სამოქალაქო ცხოვრებაში
- 3.) გლეხთა განთავისუფლება
- 4.) თბილისის საადგილმამულო ბანკი და მისი მნიშვნელობა
- დაარსება
- საადგილმამულო ბანკის საქმიანობა
- დებატები ბანკის გარშემო
- 5.) პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში – „წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“
- 6.) გაზეთი „ივერია“
- ილია ჭავჭავაძე, „ივერია“ და აჭარა
- ილია ჭავჭავაძის სოციალური შეხედულებანი
- „ივერია“ და ახალი თაობა
- „ივერიას“ როლი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში
- 7.) ილია ჭავჭავაძე და ქართველთა პირველი მანიფესტაციები
- დიმიტრი ყიფიანის დასაფლავება
- კრწანისის ბრძოლის 100 წლისთავი
- რაფიელ ერისთავი იუბილე
- 8.) ილია ჭავჭავაძე პოლიტიკაში
- 9.) „არც მანამდის, არც შემდეგ, ალბათ ტფილისს არ უნახავს ასეთი დასაფლავება“
- ბიბლიოგრაფია