ჩემი მოკლე ბიოგრაფია

რატი კობახიძე 1999 წელს, ქ.თბილისში დაიბადა. 2017 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა კერძო სკოლა ,,თამარიონი”. მოსწავლეობის პერიოდში მონაწილეობა მიიღო და საბოლოო გამოცდის შეფასებით პირველი ადგილი დაიკავა მომავალ დიპლომატთა კლუბის მიერ ორგანიზებულ ,,დიპლომატიის სკოლაში”, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ურთიერთობა დღევანდელი ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელებთან. 2016 წელს გაიმარჯვა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში და პრიზის სახით გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში საზაფხულო სკოლაში.სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით.

ჩემთვის #ქმედება არის

სამოქალაქო ქმედების სკოლა ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული პროექტი აღმოჩნდა, რაშიც კი მონაწილეობა მიმიღია. გარდა იმ საკმაოდ დიდი ინფორმაციისა, რაც ლექციების პერიოდში მივიღე, ეს სკოლა დამეხმარა ისეთი უნარების განვითარებაშიც, როგორიცაა პრეზენტაციის ჩატარება, ლოგიკური მსჯელობა, დებატების კულტურა. ამ ყველაფერთან ერთად, ქმედების სკოლის, კონკრეტულად კი გლობალური პოლიტიკის მოდულის ფარგლებში შევისწავლე უფრო ფართოდ აზროვნება, სხვადასხვა ფაქტებისა და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება და საერთო, ზოგადი სურათის წარმოსახვა სხვადასხვა პროცესების შესახებ.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, რომელთანაც ფაქტობრივად დაარსების დღიდან მოყოლებული ვთანამშრომლობ, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ორგანიზაციას თავის სფეროში, გამოირჩევა რა ინოვაციური, საინტერესო, ეფექტური და კარგად ორგანიზებული პროექტებით. ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პროექტებში მონაწილეობის შედეგად შეუძლებელია არ შეიძინო რაიმე ახალი უნარი და არ განვითარდე პიროვნულად.

მე ასეთი საქართველო მინდა…

ბუნებრივია, უპირველესი რამ, რაც ნებისმიერ ქართველს სურს მომავალში იხილოს გაერთიანებული ქვეყანაა, აგრეთვე ნათელია, რომ ჩვენი მომავლის ხედვა მანდ ვერ დამთავრდება(ერთიანი საქართველო რუსეთის იმპერიის ბატონობის ქვეშაც იყო, თუმცა რა ხეირი), რეალურად ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისეთი სახელმწიფოს შექმნა, რომელიც დგას კანონის უზენაესობის პრინციპზე, განვითარებულია ეკონომიკურად, ეფექტურად იცავს საკუთარ მოქალაქეებს და მათ უფლებებს, რომელიც დაიკავებს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო არენაზე.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

ერთ-ერთი ყველაზე რთული კითხვაა, რაზეც პასუხის გაცემა ძალიან მიჭირს. ზოგადად ჩემს ინტერესებში ბევრი რამე შედის, იქნება ეს ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია და ანთროპოლოგიაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვსწავლობ, დანამდვილებით მაინც ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე მას გავყვები და მომავალში დიპლომატი გამოვალ. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, რა პროფესიაც არ უნდა ავირჩიო ჩემს ერთ-ერთ მთავარ მიზნად მაინც დარჩება საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გადაცემა, ლექტორობისა თუ მასწავლებლობის სახით.

ქართველობა ჩემთვის არის…

ქართველობის განსაზღვრა ასე მარტივი რომ იყოს, მის გარშემო არაერთი არალოგიკური შეხედულება არ იარსებებდა. პირადად ჩემთვის ქართველობა არის ერთგვარი ფასეულობათა სისტემა, დაფუძვნებული თავისუფლებაზე, პატრიოტიზმზე, ოჯახის სიწმინდეზე, მოყვასის სიყვარულზე, იმ პრინციპებზე, რომლებიც ერთ საუკუნეში არ შექმნილა და თანდათან ყალიბდებოდა ისტორიული პროცესების პარალელურად. უფრო ნათელი რომ გახდეს, ჩემი აზრით, ქართველობის ეტალონად შეგვიძლია აღვიქვათ ისეთი გამორჩეული პიროვნება, როგორიცაა ილია ჭავჭავაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.